აღმოჩენილია "პლანეტის მკვლელი" ასტეროიდი, რომელიც მზის სინათლეში იმალებოდა
ასტრონომებმა უზარმაზარი ასტეროიდი, სახელად 2022 AP7 აღმოაჩინეს, რომელიც ბოლო 8 წელში მიკვლეულ მსგავს ობიექტებს შორის ყველაზე დიდია. მისი დაფიქსირება აქამდე იმიტომ ვერ ხერხდებოდა, რომ ის მზის სინათლეში იმალებოდა, ასეთი სიკაშკაშე კი ტელესკოპებისთვის ხელისშემშლელია.
სპეციალისტებმა პოტენციურად საშიშ ასტეროიდს "პლანეტის მკვლელი" უწოდეს, რადგან შეჯახების შემთხვევაში კატასტროფული შედეგები თითქმის ყველა კონტინენტზე აისახება. 2022 AP7-ის სიგანე 1.5 კილომეტრია. ის ჩვენს პლანეტასა და ვენერას შორის გადაადგილდება, რეგიონში, რომლის შესასწავლადაც მზისკენ გახედვაა საჭირო. ეს ვარსკვლავი კი, მოგეხსენებათ, ძალიან კაშკაშაა და ტელესკოპების ოპტიკური სისტემების დაზიანება შეუძლია.
აქედან გამომდინარე, მსგავსი ასტრონომიული სხეულები სათანადოდ გამოკვლეული არაა. ამის მაგალითი 2013 წლის მოვლენაა, როცა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე ზემოხსენებული არეალიდან წამოსული მეტეორი მოულოდნელად ატმოსფეროში შემოიჭრა და აფეთქდა, რასაც მძლავრი ტალღები მოჰყვა, რომლებმაც ათასობით შენობის ფანჯრები ჩაამსხვრია.
2022 AP7, რომელიც ჩელიაბინსკის მეტეორზე ბევრად საშიშია, მეცნიერებმა სერო-ტოლოლოს ამერიკათშორის ობსერვატორიაში არსებული ბნელი ენერგიის ზემგრძნობიარე კამერით (DEC) დააფიქსირეს. მეცნიერები ამბობენ, რომ სულ 25 ასტეროიდია გამოვლენილი, რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან იკვეთება. მათგან 2 კი 1 კილომეტრზე მეტი სიგანისაა, ანუ "პლანეტის მკვლელის" სტატუსს იმსახურებს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მზის მიმდებარე რეგიონში კიდევ სულ რამდენიმე "მკვლელი" ასტეროიდი უნდა იმალებოდეს, რომელთა ტრაექტორიაც, დიდი ალბათობით, დედამიწის თანმხვედრი არაა.
დამატებით მეცნიერებმა შედარებით მცირე ზომის 2 ობიექტიც აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი, 2021 PH27, მზესთან ისე ახლოს გადაადგილდება, რომ ზოგადი ფარდობითობის გავლენას განიცდის. ეს ნიშნავს, რომ გამრუდებული დრო-სივრცის გამო მისი ორბიტა უწესრიგოა.
ასტრონომები ამჟამად 2 200-ზე მეტ პოტენციურად საშიშ ასტეროიდს ადევნებენ თვალს. თითოეული მათგანი დედამიწასთან ახლოს მოძრაობს, სიგანე კი 1 კილომეტრს აჭარბებს. თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით მათი სამომავლო ტრაექტორიის გამოთვლაა შესაძლებელი, რითაც შეჯახების საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. ამგვარი კატასტროფის წინაშე რომც დავდგეთ, თავდაცვა, ალბათ, არ გაგვიჭირდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ NASA-მ ასტეროიდს კოსმოსური აპარატი განზრახ შეაჯახა და მისი ორბიტა წარმატებით შეცვალა.
კომენტარები