მარსზე შესაძლოა, ლავა ამოიფრქვეს — მეცნიერებმა მაგმის სავარაუდო კვალს მიაგნეს
ახალი კვლევის მიხედვით, მარსის გრუნტის ქვეშ შესაძლოა, გავარვარებული მაგმა მიედინებოდეს. ამას მეცნიერები NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებული აპარატის InSight მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნიან.
ცნობილია, რომ დიდი ხნის წინ ჩვენი მეზობელი ციური სხეული ვულკანურად აქტიური იყო. მავალმა Perseverance იქ მსგავსი წარმოშობის ქანებსაც მიაგნო, კერძოდ, ეზეროს კრატერში, სადაც ძველად ტბა და მდინარის შესართავი არსებობდა. მარსზე 25 კილომეტრი სიმაღლის ვულკანსაც ვხვდებით, რომელსაც ოლიმპი ეწოდება (თუმცა, ის ერთადერთი არაა). მან ზრდა მილიარდობით წლის წინ დაიყო და გამორიცხული არაა, რომ ეს პროცესი ახლაც გრძელდებოდეს.
InSight პლანეტის ზედაპირზე 2018 წელს დაეშვა. მისი მიზანი "მარსძვრების" დაფიქსირებაა, რაც ობიექტის შიდა სტრუქტურასა თუ შემადგენლობაზე გვაწვდის ინფორმაციას. აპარატი 1 300-ზე მეტი ასეთი მოვლენის მომსწრე გახდა, საიდანაც ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 20 მათგანი გამოიკვლიეს.
თითოეულის წარმოშობის ადგილი ცერბერის რეგიონში არსებული პარალელური ნაპრალების არეალია, რომელიც ეკვატორიდან 11 გრადუსით ჩრდილოეთითაა განლაგებული. სეისმური ტალღების ანალიზმა მეცნიერებს თბილ გარემოზე მიანიშნა, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, გრუნტისქვეშა მაგმაა.
აღსანიშნავია, რომ იქ გაშვებული ზონდების მიერ გადაღებულ სურათებზე საკმაოდ მუქი მტვრის დანალექი ჩანს, რომელიც ცერბერის რეგიონიდან სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება.
"მტვრის მუქი შეფერილობა ბოლოდროინდელ ვულკანურ აქტიურობაზე მიუთითებს, რომელიც შესაძლოა, უკანასკნელ 50 000 წელში მომხდარიყო, რაც გეოლოგიური თვალსაზრისით, ცოტა დროა. არაა გამორიცხული, რომ საქმე ერთ დროს აქტიური ვულკანის ნარჩენთან გვქონდეს, ან მაგმასთან, რომელიც აღმოსავლეთით, მომდევნო ამოფრქვევის ადგილისკენ მიედინება", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები