1859 წლის სექტემბერში, ასტრონომებმა რიჩარდ კარინგტონმა და რიჩარდ ჰოჯსონმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი დააფიქსირეს. ამას კარინგტონის მოვლენა ეწოდება. თუ მსგავსი კოსმოსური მოვლენა დღეს მოხდება, ის ჩვენს ელექტროსადგურებს დააზიანებს და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ წერტილში შუქის ჩაქრობას გამოიწვევს.

მიუხედავად ამისა, კარინგტონის მოვლენა არაფერია იმასთან შედარებით, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ბევრ ასტრონომს სჯერა, რომ ყოველ ათას წელიწადში ერთხელ კარინგტონის მიერ დაფიქსირებულ ქარიშხალზე დაახლოებით 12-ჯერ უფრო ძლიერი და დამანგრეველი მზის შტორმი ხდება. მას მიაკეს მოვლენას უწოდებენ.

ასევე იხილეთ: "მზის შტორმმა", შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიწვიოს

ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის აზრით, ხის რგოლებზე მოცემულ ინფორმაციას შეუძლია, მიაკეს შემდეგი მოვლენის თარიღის დადგენაში დაგვეხმაროს.

მიაკეს მოვლენის თანამედროვე ადამიანზე გავლენის შეფასებისას, ასტროფიზიკოსმა ბენჯამინ პოუპმა განაცხადა, რომ მეტის გაგებაა საჭირო, რადგან თუ ქარიშხალი დღეს მოხდება, ის მთელს ჩვენს ტექნოლოგიას, სატელიტებს, ინტერნეტის კაბელებს, შორი დისტანციის ელექტროხაზებსა და ტრანსფორატორებს გაანადგურებს. საერთაშორისო ინფრასტრუქტურაზე მისი გავლენა წარმოუდგენლად დიდი იქნება.

ფოტო: Pixabay/Pexels

შტორმის თარიღის გამოთვლა ხის რგოლებით

ყოველ ჯერზე, როცა მზის ქარიშხალი ხდება, გარემოში რადიოიზოტოპ C-14-ის რაოდენობა იზრდება. დედამიწაზე გამოსხივება გადის წყალში, ჰაერსა და ცოცხალ ორგანიზმებში. ხეში გავლისას C-14 იზოტოპი ტოვებს კვალს მის რგოლებზე, შესაბამისად, მათი გამოყენება უკანასკნელი შტორმის თარიღის გამოსათვლელად არის შესაძლებელი.

მკვლევრებზე დაყრდნობით, ხის ასაკის გამოთვლის გარდა, რგოლები ყოველწლიური რადიაციის შესახებაც ინახავენ ინფორმაციას. იმისათვის, რომ მიაკეს შემდეგი მოვლენა იწინასწარმეტყველონ, მათ შეიმუშავეს ნახშირბადის 10 000-წლიან ციკლთან დაკავშირებული მოდელი, როლითაც შესაძლებელია, ინფორმაცია მოვიპოვოთ. გარდა ამისა, მათ შექმნეს პროგრამაც, რომელსაც ხის რგოლებზე არსებული ინფორმაციის გაშიფვრა შეუძლია.

ქუინსლენდის უნივერსიტეტის კვლევა არ არის პირველი, რომელიც ხის რგოლებზე დაყრდნობით ნახშირბადის ციკლსა და მზის გამოსხივებას იკვლევს. C-14 იზოტოპის ხეებში კონცენტრაცია დიდი ხანია კვლევის საგანია. მაგალითად, 2014 წელს არიზონას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ხის რგოლებით ნახშირბადის ციკლის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გაგებაა შესაძლებელი.

გასულ წელს, ჟურნალ Geophysical Research-ში დაიბეჭდა ნაშრომი, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარი რადიაციული მოვლენის ხის რგოლებზე გავლენას იკვლევდა ფინეთში, შვეიცარიასა და კალიფორნიაში. მსგავსი კვლევები 1990-იან წლებამდე მიდის, თუმცა ახალი კვლევის უპირატესობა ისაა, რომ მკვლევრებმა მიაკეს შემდეგი მოვლენის მიახლოებითი თარიღი დაასახელეს.

ფოტო: Sebastian Voortman/Pexels

შესაძლოა, მიაკეს მოვლენა ძალიან ახლოს არის

საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით, პოუპი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ მიაკეს მოვლენა შეიძლება შემდეგ დეკადაში მოხდეს. ეს მხოლოდ ვარაუდია და შანსი იმისა, რომ შემდეგი 15-20 წლის განმავლობაში ელექტრონული აპოკალიფსი დაგვატყდეს თავს, ძალიან მცირეა. მეტიც, მიაკეს მოვლენის ახალი კვლევები ამბობს იმასაც, რომ ის ერთი დიდი აფეთქება არ არის და ეტაპობრივი პროცესია, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება.

ამჟამინდელი აღმოჩენები საკმაოდ შემაშფოთებელია და მკვლევრები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია მიაკეს მოვლენას დედამიწისათვის. ამის დაზუსტებას დამატებითი კვლევები დასჭირდება.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the Royal Society A: Mathematical Physical and Engineering Sciences.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.