კალიფორნიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის ახალი ნაშრომი დეტალურად აღწერს მზის სუპერშტორმის შესაძლო შედეგებს, რომელიც, შესაძლოა, ინტერნეტ-დამოკიდებულ მსოფლიოს მიადგეს.

განსაკუთრებით მძლავრმა მზის შტორმმა, შესაძლოა, გამანადგურებელი ზეგავლენა იქონიოს წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელებზე, რომლებიც მსოფლიოს ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო კომპონენტია. კვლევა ამტკიცებს, რომ თუ ამ შედეგების შესამცირებლად სერიოზულ ძალისხმევას არ გავიღებთ, "ინტერნეტ-აპოკალიფსისკენ" გავემართებით.

მზის შტორმები, რომელთაც გეომაგნიტურ შტორმებსაც უწოდებენ, მზეზე მასიურ ამოფრქვევას იწვევს, რომელსაც კორონალური მასის ამოფრქვევები (CME-ები), მაგნიტური ველებისა და პლაზმის გამოდევნა მოსდევს. მზის ზედაპირზე მიმდინარე მასიურმა მზის ცუნამებმა, შესაძლოა, განსაკუთრებით ძლიერი, სწრაფად მოძრავი CME-ები გამოგზავნოს დედამიწის მიმართულებით, რომელიც საათში რამდენიმე მილიონობით კილომეტრს გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფერო ამგვარ შტორმთა რადიოაქტიური ეფექტებისაგან გვიცავს, ამას ჩვენი ელექტროაპარატურის განადგურება მაინც შეუძლია.

ამგვარ მზის სუპერშტორმებს შეუძლია ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა გამოიწვიოს, ვინაიდან მზის ქარები ძლიერად ურტყამს დედამიწის მაგნიტოსფეროს და მილიონობით (ან იქნებ ტრილიონობითაც კი) დოლარის დაზიანებას იწვევს სატელიტებისა და ელექტრონული აღჭურვილობისთვის. ეს მხოლოდ ჰიპოთეტური სცენარი არ არის: 1989 წელს, მზის შტორმმა ჯამში 6 მილიონამდე ადამიანს წაართვა ელექტროენერგია 9 საათით, კვებეკის სხვადასხვა ტერიტორიაზე. მოვლენამ ასევე სამი საათით შეაფერხა ტორონტოს საფონდო ბირჟა, რადგან კომპიუტერი მოშალა, რომელიც, იდეაში, "ავარიის ამტანი" უნდა ყოფილიყო.

როგორი იქნებოდა "ინტერნეტ-აპოკალიფსი"?

ნაშრომში, სახელად "მზის სუპერშტორმები: გეგმა ინტერნეტ-აპოკალიფსისთვის", კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი სანგეეტა აბდუ ჯიოთი ჰიპოთეტურ სცენარს წარმოგვიდგენს, სადაც ინტერნეტის შეწყვეტა შესაძლოა მზის შტორმების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და მას შემდეგაც კი გაჭიანურდეს, რაც ელექტრომომარაგების სისტემას ელექტროენერგია დაუბრუნდება.

აბდუ ჯიოთი აღნიშნავს, რომ რეგიონული ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა სინამდვილეში საკმაოდ მძლავრია მზის შტორმების წინააღმდეგ, რადგან ოპტიკურ ბოჭკოებს მზის შტორმებისათვის დამახასიათებელი გეომაგნიტურად ინდუცირებული ნაკადები არ აზიანებს. მიუხედავად ამისა, ელექტრონული გამმეორებლები, რომლებიც გრძელ წყალქვეშა კაბელებში ოპტიკურ სიგნალთა გასაძლიერებლად გამოიყენება, საკმაოდ დაუცველია ამ ნაკადთა პირისპირ, მძლავრ მზისიერ შტორმს კი მსოფლიო კავშირების გაწყვეტა ამ კაბელების ჩამოშლით შეუძლია.

WIRED-თან საუბრისას მეცნიერმა ახსენა, რომ მზისიერ შტორმთა შედეგების შესახებ ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, თუ როგორი მოუმზადებელი აღმოჩნდა მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიისათვის.

"ჩვენი ინფრასტრუქტურა ფართომასშტაბიანი მზის მოვლენისათვის მზად არაა. კარგად არც კი გვესმის, თუ რა განფენილობის ზარალი შეიძლება მოგვადგეს", — განაცხადა აბდუ ჯიოთიმ.

მონაცემთა ნაკლებობა

გამომდინარე იქიდან, რომ გეომაგნიტური შტორმები შედარებით იშვიათია, მონაცემები მხოლოდ ბოლოდროინდელი სამი დიდი მოვლენისგან გვაქვს: 1989 წელს ელექტროენერგიის შეწყვეტა კვებეკში და 1921 და 1859 წლებში მომხდარი მოვლენები. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველივე თანამედროვე ინტერნეტის დანერგვამდე მოხდა.

დაუცველი მხოლოდ წყალქვეშა კაბელები არ არის — მზის სუპერშტორმის პირისპირ მეტწილად მოწყვლადი იქნებოდა SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მსგავსი სერვისებიც, ვინაიდან დედამიწის ზედაპირიდან 550 კილომეტრის დაშორებით ბრუნავენ. აბდუ ჯიოთი აღნიშნავს, რომ ამჟამად კონკრეტული მოდელები არ არსებობს, თუ ზუსტად როგორ იმოქმედებდა მძლავრი მზის შტორმი დღევანდელ ინტერნეტ-დამოკიდებულ გარემოზე. იგი იმედოვნებს, რომ მისი კვლევა გლობალური ინდუსტრიების მხრიდან განახლებულ ფოკუსს შემოგვთავაზებს მზის შტორმების გამანადგურებელ შედეგებზე, რომელიც, შესაძლოა, მსოფლიოს კავშირგაბმულობას შეექმნას.

რაც ყველაზე მთავარია, აბდუ ჯიოთი ამბობს, რომ ვინაიდან უკანასკნელი მძლავრი მზის შტორმი დაახლოებით სამი ათწლეულის წინ მოხდა, შესაძლოა, შემდეგ ინციდენტთან საკმაოდ ახლოს ვიყოთ. მან შესაძლოა ელექტროენერგიის მასიური შეფერხებები გამოიწვიოს და ტრილიონობით დოლარამდე ზარალი მიაყენოს ელექტრონულ აპარატურას, ინტერნეტის გათიშვის შედეგად კი ძალიან დიდი თანხები დაიკარგოს Forbes-ზე დაყრდნობით, შეერთებული შტატების ეკონომიკას ინტერნეტის გათიშვა, შესაძლოა, 7,2 მილიარდი დაუჯდეს დღიურად. აღსანიშნავია, რომ რიცხვი კვლავაც მზარდია, ვინაიდან, პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო დისტანციურ მუშაობაზეა გადართული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.