გიგანტი მწერები — რამხელა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი მწერი და რომელია ამ მხრივ რეკორდსმენი
ევოლუციის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე არის ის, რომ მან არ შექმნა სპილოს ზომის ტარაკნები. წარსულის რამდენიმე გიგანტს თუ გამოვრიცხავთ, როგორც წესი, მწერები პატარა ზომის არიან, მაგრამ რატომ ხდება ეს ასე და რა არის მათი მაქსიმუმი?
ჩვენ ვიცით, რომ შორეულ წარსულში მწერები უფრო დიდი ზომისა იყვნენ. ამ მხრივ რეკორდსმენი — ყველა დროის ყველაზე დიდი მწერი იყო Meganeuropsis Permiana, ჭრიჭინა, რომელიც ცხოვრობდა გვიან პერმის ეპოქაში, დაახლოებით 275 მილიონი წლის წინ. ამ მწერების ფრთების სიგრძე დაახლოებით 75 სანტიმეტრი იყო და იწონიდნენ 450 გრამს. მწერი, როგორიცაა ფარშავანგთვალა ატლასი (ყველაზე დიდი პეპელა) შთამბეჭდავ ზომებს აღწევს — 27 სანტიმეტრის ფრთები — მაგრამ ეს ვერ შეედრება მათ შორეულ წინაპრებს.
იმის გარკვევა, თუ რამ შეამცირა ზომებში თანამედროვე მწერები, დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ ვერ აღწევენ მწერები გარკვეულ ზომაზე მეტს.
ერთი თეორია არის ის, რომ მწერების ეგზოჩონჩხები არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ უფრო დიდი სხეულების მხარდაჭერა შეძლოს. ამ თეორიის დამადასტურებელი ფაქტი ისაა, რომ წყალში ცხოვრების შემთხვევაში ფეხსახსრიანები უფრო დიდი ზომისები არიან. წყალში ეგზოჩონჩხს სხეულის წონის გაძლება ისე არ ურთულდება.
თუმცა, როგორც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგმა დოქტორმა ჯონ ჰარისონმა განუმარტა SciShow-ს 2012 წელს, მონაცემები ნამდვილად არ ადასტურებს ამ თეორიას. უფრო დიდ ართროპოდებს (ხმელეთზე) არ აქვთ შესაბამისად უფრო სქელი ეგზოჩონჩხები.
კიდევ ერთი თეორია არის ის, რომ ის თუ როგორ სუნთქავენ მწერები, ხელს უშლის მათ ზომებში ზრდას. მწერები ადამიანისგან სრულიად განსხვავებულად სუნთქავენ. მათ აქვთ ხვრელები სხეულის გასწვრივ. ჟანგბადი შემოდის ამ ხვრელების მეშვეობით და ამ სახით მიდის ჰაერით სავსე მილებში. მილები ტოტდებიან, როგორც განტოტებული ხე. ეს კი ძალიან პატარა მასშტაბებზე ხდება, მიკრონის დიაპაზონამდე.
უფრო დიდი მწერების შემთხვევაში, შესაძლოა შეუძლებელი იყოს ამ მილებში საკმარისი ჟანგბადის მიღება. რაც ამ თეორიას ადასტურებს არის ის, რომ მწერები მილიონობით წლის წინ უფრო დიდები იყვნენ.
"ამ იდეას მხარი ცოტა ხნის წინ ახალმა კვლევამ დაუჭირა. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ გვიან პალეოზოურში ატმოსფერული ჟანგბადი ბევრად აღემატებოდა იმას, რაც დღესაა. ახლა ჟანგბადი 21 პროცენტია. გვიან პალეოზოურში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო დაახლოებით 32 პროცენტი. და ეს ემთხვევა იმ დროს, როდესაც იყვნენ ბევრად უფრო დიდი მწერები, ვიდრე დღეს", — განმარტა ჰარისონმა.
ამიტომ, ამან გააძლიერა ეს იდეა, რომ ჟანგბადის მიწოდება არის ის, რაც მწერებს ზომაში გაზრდის საშუალებას არ აძლევს. ხოლო ატმოსფეროში ჟანგბადის მატება მათ ზომებზეც აისახება.
ამიტომ, თუ კაცობრიობის მტერი ხართ, ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ თხის ზომის მწერების მისაღებად, ეს ატმოსფეროში ჟანგბადის მომატებაა, ამას დამატებული რამდენიმე სხვა ფაქტორიც და დანარჩენი უკვე ევოლუციასა და დროზე იქნება.
კომენტარები