ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ლაბორატორიაში თმის ფოლიკულები გაზარდეს
კვლევა თაგვის თმაზე ჩატარდა. მეცნიერების მიზანია, ექსპერიმენტი ამჯერად ადამიანის კანის უჯრედებზე გაიმეორონ.
მსოფლიოში პირველად, იაპონელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში თმის ფოლიკულები გაზარდეს. შესაძლოა, მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
კერძოდ, როგორც იოკოჰამას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები იუწყებიან, მათ თმის ფოლიკულის ინ-ვიტრო გაზრდა პირველებმა შეძლეს, რაც საკითხის ათწლეულობით კვლევის შედეგია.
ნაშრომით, რომელიც გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა, ავტორები დეტალურად გვიყვებიან, თუ როგორ შეცვალეს თაგვის კანის უჯრედთა სტრუქტურები სპეციალურად შექმნილი გელის გამოყენებით.
მკვლევრებმა შემაერთებელ ქსოვილებსა და კანის უჯრედებს შორის ის ურთიერთქმედება შეისწავლეს, რომელიც თმის ზრდას განაპირობებს. შედეგად გუნდმა ორგანოთა პაწაწინა ვერსიები, იგივე ორგანოიდები, შექმნა. მათ ხელახლა დასაპროგრამებლად, რათა თმის ფოლიკულთა ბუნებრივი გარემოსათვის მიებაძათ, ექსპერიმენტის ავტორებმა თავიანთი შექმნილი გელი გამოიყენეს.
"თმის ფოლიკული რომ წარმოვიდგინოთ, შუაში ნახევრად თმა აქვს, შემდეგ კი ფოლიკულის გარშემო ეპითელიუმის უჯრედების შრეები", — გვიხსნის კაირბაან ჰოდივალა-დილკე, სამედიცინო ექსპერტი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
გელი, რომელიც მეცნიერთა გუნდმა შექმნა, სხეულის ბუნებრივ გარემოს იმეორებს და შედეგად ეპითელიუმის უჯრედებს ერთმანეთზე დაშენების საშუალებას აძლევს. მისი საშუალებით მკვლევრებმა უჯრედები ხელახლა ისე დააპროგრამეს, რომ თმის ზრდისთვის შეეწყოთ ხელი.
"თმის ფოლიკულებმა იმ თვის განმავლობაში, როდესაც იზრდებოდა, სამ მილიმეტრს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ თაგვის თმის ციკლი დაახლოებით ერთ თვეს შეადგენს", — განაცხადა ჯუნჯი ფუკადამ, კვლევის ავტორმა.
თავისთავად, გასათვალისწინებელია, რომ აღმოჩენა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და თმის ცვენას ასე უბრალოდ ვერ უშველის. უფრო სწორი იქნება, თუკი მას ერთგვარ საფუძვლად წარმოვიდგენთ, რომელზეც სამომავლო კვლევები დაშენდება. გუნდი ამჟამად ექსპერიმენტის გამეორებას ადამიანის კანის უჯრედებზე გეგმავს.
"შეიძლება ძალიან ხშირი თმის მქონე ადამიანისგან თმა აიღოთ, ლაბორატორიაში გაზარდოთ, შემდეგ კი ეს ფოლიკულები ტრანსპლანტატის გასაკეთებლად გამოიყენოთ", — ამბობს მეცნიერი.
კომენტარები