შექმნეს უსადენო იმპლანტი, რომელიც ტვინის სიმსივნეს ანადგურებს
სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს მცირე ზომის უსადენო იმპლანტი, რომელიც ტვინში არსებულ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. ის სპეციალისტებმა თაგვებზე წარმატებით გამოცადეს, რაც ამ ტიპის ონკოლოგიური პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მათ ხანგრძლივი და არასასიამოვნო მკურნალობის პოტენციურ ალტერნატივას სთავაზობს.
ახალი მეთოდი მკვლევართა 4-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგია. იმპლანტი თავის კანისა და ქალის შუაში ინერგება, სიმსივნურ ქსოვილში კი ოქროს ნანონაწილაკები შეჰყავთ. მოწყობილობა დისტანციურად კონტროლდება და ინფრაწითელ სინათლეს გამოყოფს, რომელიც ნანონაწილაკებს ააქტიურებს და მათ ტემპერატურას 5 გრადუს ცელსიუსამდე ზრდის. ეს სითბო მავნე უჯრედების მოსასპობად გამოიყენება.
"ვფიქრობთ, რომ მცირედი სითბო, რომელიც კლინიკურად მისაღებ დიაპაზონს შეესაბამება, ნორმალურ აქტივობებს ხელს არ უშლის", — აცხადებენ ავტორები.
ესეთ პროცედურას მეცნიერები ტვინის კიბოს მქონე თაგვებს დღეში 15 წუთის განმავლობაში, 2 კვირაზე მეტხანს უტარებდნენ. შედეგად, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, სხვა დაავადებულ მღრღნელებთან შედარებით, გაორმაგდა და გასამმაგდა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მეთოდის ქიმიოთერაპიასთან გაერთიანების გზით მეცნიერებმა უკეთესი შედეგი მიიღეს.
"გლიობლასტომის მქონე პაციენტები დიაგნოზის დასმის შემდგომ 2-3 წელზე მეტხანს ვერ ცოცხლობენ, რადგან სიმსივნის მთლიანად განადგურება ვერ ხერხდება ან ის პრეპარატების/დასხივების მიმართ რეზისტენტული ხდება. ჩვენი მიზანი მკურნალობის სხვა საშუალებებთან ახალი მეთოდის გაერთიანებაა, რათა გადარჩენის ხანგრძლივობა გავზარდოთ", — ამბობენ სპეციალისტები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Nanotechnology გამოქვეყნდა.
კომენტარები