აღმოჩენილია ვარსკვლავთა კატაკლიზმური წყვილი, რომელიც რეკორდული სისწრაფით მოძრაობს
მეცნიერებმა ჩვენგან დაახლოებით 3 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთა ბინარული სისტემა, სახელად ZTF J1813+4251 აღმოაჩინეს, რომელში შემავალი მნათობების ორბიტული პერიოდიც სულ რაღაც 51 წუთია. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მეორე ობიექტის გარშემო შემოვლას რეკორდულად მცირე დროს ანდომებს.
ერთ-ერთი მათგანი მზის მსგავსი ვარსკვლავია, რომლის მასაც თითქმის იუპიტერისას უტოლდება, მისი კომპანიონი კი თეთრი ჯუჯაა — ვარსკვლავისგან დარჩენილი მკვრივი ბირთვი. ის მისი გრავიტაციის გავლენით მეწყვილის ატმოსფეროდან წყალბადს შთანთქავს და მას ნელ-ნელა ანადგურებს.
ასეთი ბინარული სისტემები ირმის ნახტომის გალაქტიკაში მრავლადაა. რამდენიმე მათგანის ორბიტული პერიოდი 1 საათზე ნაკლებია, თუმცა 51 წუთი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
ZTF J1813+4251 კატაკლიზმური ცვალებადი ვარსკვლავების იშვიათ კატეგორიაში შედის, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში ერთმანეთთან მიახლოებად მზის მაგვარ მნათობსა და თეთრ ჯუჯას აერთიანებს. როცა ეს უკანასკნელი მეწყვილისგან მატერიას შთანთქავს, სინათლის მძლავრი ნაკადები წარმოიქმნება, რაც ვარსკვლავის აფეთქებას მოგვაგონებს.
არსებობდა ვარაუდი, რომ ასეთ სისტემებში გაერთიანებული ობიექტები ძალიან სწრაფად მოძრაობს, რაც მაშინ ხდება, როცა თეთრი ჯუჯა წყალბადის ნაცვლად, უკვე ჰელიუმის მითვისებას იწყებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ZTF J1813+4251 სწორედ ასეთ გარდამავალ ეტაპზეა.
სიმულაციების მიხედვით, დაახლოებით 70 მილიონ წელში ამ ვარსკვლავების ორბიტული პერიოდი 18 წუთამდე შემცირდება, რის შემდეგაც მზის მსგავსი მნათობი შემჭიდროების მაგივრად, უკვე გაფართოვდება და თეთრ ჯუჯას შედარებით ჩამოშორდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები