NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ზედაპირი წარმოუდგენელ დეტალებში აღბეჭდა
NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა "ჯუნომ" მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული პლანეტის ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრის, ევროპას ზედაპირის ამსახველი მაღალი გარჩევადობის სურათი გადაიღო.
ახალ ფოტოზე ციური სხეულის ყინულოვან საფარველს, რომლის მიღმაც უზარმაზარი ოკეანეა, უპრეცედენტო დეტალებში ვხედავთ. კერძოდ, მასზე კარგად ჩანს ნაპრალები და უჩვეულო წარმონაქმნები, მუქი ლაქები, რომლებიც შესაძლოა, სიღრმიდან ყინულისკენ ამოსული მატერიის მიერ იყოს წარმოქმნილი.
გამოსახულება 150 კილომეტრი სიგრძისა და 200 კილომეტრი სიგანის მქონე არეალს ფარავს და უცნაურ ჩაღრმავებულ ადგილსაც მოიცავს, რომელსაც მუსიკალური ნოტის ფორმა აქვს. ის სურათის ქვედა ნაწილშია ნაჩვენები და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 67 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კი 37 კილომეტრზე ვრცელდება. მცირე ზომის თეთრი წერტილები ევროპას ზედაპირთან მაღალენერგიული ნაწილაკების ურთიერთქმედების კვალია.
ასევე, იხილეთ: ნახეთ: NASA-ს ზონდის ახალი სურათები იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ახლო ხედით გვიჩვენებს
"ჯუნომ" ეს შავ-თეთრი სურათი 27 სექტემბერს გადაიღო, როცა ევროპასთან ახლო მანძილზე ჩაიარა, რა დროსაც ობიექტისგან მხოლოდ 412 კილომეტრი აშორებდა. ამისთვის ზონდმა კამერა, სახელად SRU გამოიყენა, რომელიც აპარატს სწორი მიმართულების შენარჩუნებაში ეხმარება, თუმცა ამჯერად მან სამეცნიერო ხელსაწყოს ფუნქცია შეითავსა.
გამოსახულების გარჩევადობა თითოეულ პიქსელზე 256-340 მეტრია. კადრი SRU-მ სიბნელეში გადაიღო, როცა ევროპას მხოლოდ იუპიტერის ატმოსფეროდან არეკლილი სინათლე ანათებდა.
მეცნიერები "ჯუნოს" მონაცემებს ჯერ კიდევ აანალიზებენ და იმედოვნებენ, რომ ევროპაზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ, რადგან ის მზის სისტემაში სიცოცხლის ძიების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს იქ "ევროპა კლიპერის" გაშვება იგეგმება.
კომენტარები