ჰაერის დაბინძურება უკვე პლაცენტაშიც აღწევს — მკვლევრებმა ნაყოფში პირველად აღმოაჩინეს ჭვარტლის ნაწილაკები
ახალი კვლევის მიხედვით, ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკები საშვილოსნოში ნაყოფამდეც კი აღწევს. ჭვარტლის ნანონაწილაკებს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა და ნაყოფის ორგანოებში მოხვედრა.
აბერდინისა და ჰასელტის უნივერსიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათი აღმოჩენა განსაკუთრებულად შემაშფოთებელია, რადგან ადამიანის უმნიშვნელოვანესი ორგანოების განვითარება ზუსტადაც რომ საშვილოსნოში ყოფნის დროს ხდება.
მკვლევრები შოტლანდიაში 60 დედასა და მათ ჩვილებს დააკვირდნენ. მათ ასევე აიღეს 36 ნაყოფის ქსოვილების ნიმუში, რომლებიც 7-დან 20 კვირამდე აბორტის შედეგად მოიპოვეს.
მათ ახალშობილების ჭიპლარში აღმოაჩინეს ჭვარტლის ნაწილაკები, რაც ადასტურებს, რომ ამ ნანონაწილაკებს პლაცენტის გადაკვეთა შეუძლია. ეს ნაწილაკები კვლევაში ჩართული ყველა დედასა და ახალშობილში აღმოაჩინეს.
ნაწილაკების რაოდენობა პირდაპირპროპორციული იყო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელთან.
მკვლევრებმა ჭვარტლი აღმოაჩინეს ასევე ფილტვებში, ღვიძლსა და ნაყოფის ტვინში. ნაწილაკები კვლევისთვის აღებულ ყველა ქსოვილში აღმოჩნდა და ისინი ორსულობის პირველივე ტრიმესტრში იჩენდა თავს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჭვარტლის ნაწილაკები ნაყოფში აღმოაჩინეს. შავი ნახშირბადი, იგივე ჭვარტლი, გამოიყოფა მაშინ, როდესაც იწვის დიზელი, ქვანახშირი ან სხვა ტიპის საწვავი. ის წვის შედეგად გამოყოფილი საბოლოო დამაბინძურებელი ნივთიერების, PM2.5-ის, კომპონენტია.
პროფესორმა ტიმ ნავროტმა თქვა: "ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურებაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს მკვდარშობადობა, ნაადრევი შობადობა ან დაბალი წონით შობადობა, რომლის დროსაც ახალშობილებს ტვინი საკმარისად არ აქვთ განვითარებული და ეს მთელს მათ დარჩენილ ცხოვრებას გაჰყვება".
"ჰაერის დაბინძურების კონტროლი უნდა იყოს პრიორიტეტი, რადგან, როგორც ვაჩვენეთ, ის დიდ ზიანს აყენებს ნაყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების განვითარებას".
"ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ეს ნანონაწილაკები თავის ტვინის ქსოვილებშიც კი ხვდებიან, რაც ადამიანის ნერვული სისტემის განვითარებას აფერხებს".
კომენტარები