20 წლის აივერსონი პოფი ორეგონის შტატის ერთ-ერთ ქუჩას მიუყვებოდა მანქანით, როცა ინსტაგრამზე უცნაური შეტყობინება მიიღო. უცნობი ადამიანი სწერდა, მგონი, ჩემი ძმა ხარო.

პოფმა ყოველთვის იცოდა, რომ იგი თავის ბიოლოგიური ოჯახთან ერთად არ იზრდებოდა. ბიჭმა იცოდა ისიც, რომ ერთი ძმა მაინც ჰყავდა; სააგენტო, რომელმაც მისი შვილად აყვანა უზრუნველყო, წლების წინ დაიხურა, მაგრამ აივერსონმა მათგან ბიოლოგიურ ოჯახზე რაღაცები შეიტყო და ფოტოც მიიღო, სადაც მის უფროს ძმას ფეხბურთის ბუცები ეცვა, ზედ წაწერილი პოფის დაბადების სახელით — ბრაიანი.

თავის მხრივ, აივერსონს ძმაც ეძებდა. ჯეილონ ვიკერსს, რომელიც უმცროს დებთან ერთად გაიზარდა, სადღაც შორს ოჯახის წევრი ეგულებოდა. დედამისი კოლეჯის სტუდენტი იყო და ორი წლის ჯეილონს ზრდიდა, როცა აივერსონი დაიბადა; ამ უკანასკნელისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, ქალმა გადაწყვიტა, ბავშვი სხვაგან გაზრდილიყო.

@iversonpoff #greenscreenvideo #greenscreen THANK YOU INSTAGRAM FOR CONNECTING ME WITH MY BIO FAMILY. im at a loss of words to describe how im feeling, i never thought this was possible.#CVSPaperlessChallenge #10millionadoptions #adoption #adoptionjourney #adoptionstory #reunion #biologicalfamily #instagram #fypシ #foryou #viral ♬ Glimpse of Us - Joji

რომ წამოიზარდა, პოფმა ბიოლოგიური ოჯახის ძებნა თავადვე დაიწყო და ამისთვის დნმ-ტესტიც კი იყიდა, მაგრამ მისი გაკეთებისგან თავი შეიკავა. ამბობს, ამისთვის მზად არ ვიყავიო.

თუმცა, პოფმა სხვაგვარად სცადა, რომ თუკი ბიოლოგიური ოჯახი მის მოძებნას გადაწყვეტდა, ხელი შეეწყო — ინსტაგრამის პროფილის ფოტოდ თავისი ბავშვობის სურათი დააყენა.

ეს კი კარგი ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა, როცა პოფის პოვნა მისი ძმის ცოლმა გადაწყვიტა. მან თავადვე გაარკვია სახელი, რომელიც ბიჭს დედობილ-მამობილმა დაარქვეს, მერე კი სოციალურ ქსელებში დაიწყო ძებნა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა — აივერსონის უჩვეულო სახელის გამო იგი ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა მოძებნილ ადამიანებში და პროფილის ფოტომაც ეჭვები დაადასტურა.

მერე კი... მოხდა ის, რაც მოხდა. ჯეილონი ძმას ინსტაგრამით დაუკავშირდა და ეჭვები გაუზიარა. მისი პროფილი მაშინვე გამოიწერეს დებმა და დედამაც.

"მკითხეს, თუ შეიძლება, ვიდეოზარით დაგელაპარაკოთ, მაგრამ, შენთან შეხვედრაც გვინდა, რაც შეიძლება, მალეო", — იხსენებს პოფი.

24 საათის შემდეგ პოფი უკვე იუტის შტატში თვითმფრინავით ჩაფრინდა. აეროპორტში კი ნამდვილი კინემატოგრაფიული სცენა გადაიშალა — ბიჭის თქმით, დედა ისე ჰგავდა, რომ მაშინვე იცნო. ცრემლმორეული პოფი ოჯახის წევრებს გადაეხვია.

აივერსონი სამ დობილთან და ძმობილთან ერთად გაიზარდა, სულ რამდენიმე საათში კი მისი ოჯახი ერთიორად გაიზარდა. ბიჭის თქმით, ბიოლოგიურ ოჯახთან კავშირი შეხვედრისთანავე იგრძნო — მომდევნო კვირის განმავლობაში დროს მათთან ატარებდა, თამაშობდა ვიკერსთან ერთად და ძმისშვილიც კი გაიცნო.

მერე კი პოფმა გადაწყვიტა, დედასთან ერთად იდენტური ტატუ გაეკეთებინა და სხეულზე მათი შეხვედრის თარიღი და ღამის ცის თანავარსკვლავედი დაიტანა.

ბიჭის ბიოლოგიურ ოჯახთან შეხვედრით მოხარულები არიან მისი დედობილ-მამობილიც. ოჯახი კი, თავის მხრივ, დედობილ-მამობილის მადლიერია, აივერსონი რომ მოსიყვარულე გარემოცვაში გაიზარდა.

პოფის მომავალი ახლა სულ სხვაგვარი ჩანს. იგი ბიოლოგიურ მამასაც დაუკავშირდა და მომდევნო თვეებში მასთან ერთად დროის გატარებას გეგმავს. თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით შთაგონებული, ფსიქოლოგიითაც დაინტერესდა და ამ მიმართულებით სწავლის დაწყებას აპირებს.

თუმცა, აივერსონის თქმით, მისი მიზანი მომდევნო ერთი წელი მაინც ბიოლოგიურ ოჯახთან ერთად ცხოვრება და "დაკარგული დროის ანაზღაურებაა".