ახალ კვლევას თუ დავეყრდნობით, არსებობს ვარჯიში, რომელიც თინეიჯერებში არა მხოლოდ გამძლეობას ავითარებს, არამედ ხანმოკლე მეხსიერებასაც შესამჩნევად აუმჯობესებს. ნაშრომი ჟურნალში Environmental Research and Public Health გამოქვეყნდა.

კერძოდ, საუბარია "ბარპის" (burpee) ვარჯიშზე — მდგომარიდან ჩაცუცქულ პოზაში ვინაცვლებთ, შემდეგ ფიცრის პოზაში ვდგებით, ერთ აზიდვას ვაკეთებთ და ვხტებით.

ფოტო: POPSUGAR

მეცნიერებმა კვლევა 15-16 წლის ასაკის 52 ცდისპირზე ჩაატარეს, რადგან ცხოვრების ეს მონაკვეთი გამძლეობის გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ოთხი თვის განმავლობაში მათ მოზარდები საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებად დაყვეს. პირველები გამძლეობის მომატებისათვის განკუთვნილ ტიპურ პროგრამაში ჩართეს, რომელიც "ბარპის" ვარჯიშებს არ მოიცავდა. იმავე პროგრამას მისდევდა მეორე ჯგუფიც, თუმცა ზემოხსენებული ვარჯიშების დამატებით. მოზარდებმა მათი შესრულება მხოლოდ 60 წამით დაიწყეს, ეს ხანგრძლივობა კი კვლევის მიმდინარეობასთან ერთად იზრდებოდა.

დადგინდა, რომ "ბარპის" პროგრამაში ჩართულმა მოზარდებმა 2000 მეტრის მანძილზე იმაზე 8.6 პროცენტით სწრაფად გარბენა შეძლეს, ვიდრე მანამდე. მეორე მხრივ, საკონტროლო ჯგუფის მონაწილეები მხოლოდ 1.9 პროცენტით სწრაფები იყვნენ, რაც, მონაცემების მიხედვით, სტატისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის.

საკითხი გაცილებით საინტერესო მიმართულებას ხანმოკლე მეხსიერების კუთხით იძენს. კვლევის მიხედვით, "ბარპის" პროგრამაში ჩართულმა მოზარდებმა ხანმოკლე მეხსიერების გასაზომ ტესტში (იაკობსის ტესტი) 26%-იანი გაუმჯობესება აჩვენეს. საზომი ციფრებიან მიმდევრობას მოიცავს, რომელიც მონაწილეებმა წარმოდგენილი რიგითობით უნდა დაიმახსოვრონ.

მართალია, მიგნება საკმაოდ საინტერესოა, თუმცა მტკიცებითი ფორმით ამაზე საუბარი ჯერაც შეუძლებელია. მეცნიერების აზრით, რთულია იმის თქმა, ვარჯიშის შედეგად მეხსიერების პირდაპირ გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე თუ კვლევის მონაწილეებზე გავლენა თავად კვლევაში ჩართვამ იქონია. ამასთანავე, შესაძლოა, ამგვარი გაუმჯობესება სულაც ვარჯიშის რაოდენობაში მცირედ მატებას უკავშირდებოდეს და არა თავად "ბარპის".

საგულისხმოა, რომ ნაშრომი მხოლოდ მოზარდთა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და არ გვეუბნება, როგორ შეიძლება მოქმედებდეს "ბარპის" ვარჯიში სხვა ასაკის ადამიანებზე.

ნაშრომის ავტორთა თქმით, სამომავლო კვლევები ვარჯიშის დოზირების საკითხზე უნდა ფოკუსირდეს, რათა დადგინდეს, ოპტიმალური შედეგის მისაღებად რამდენია საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.