ახალი კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ციფრულ მოწყობილობაში შენახვა ათავისუფლებს გონებას სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების დასამახსოვრებლად.

კვლევა ვარაუდობს, რომ ტექნოლოგია შეიძლება აუმჯობესებდეს ჩვენს მეხსიერებას, საპირისპიროდ პოპულარული წარმოდგენისა, რომ ტექნოლოგია "ციფრულ დემენციას" გვმართებს.

როცა თანამეროვე ადამიანებს რაიმეს დამახსოვრება სურთ, დაბადების დღეებით დაწყებული სამსახურის გასაუბრების თარიღით დამთავრებული, ისინი ამ ინფორმაციას სმარტფონებში ინახავენ. რამდენიმე ათწლეულის წინ ადამიანებს ამის ფუფუნება არ ჰქონდათ და, შესაბამისად, ბევრად მეტი ინფორმაციის დამახსოვრება უწევდათ.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ტექნოლოგიის ამგვარი ფართო გამოყენება ციფრული დემენციის ეპიდემიას იწვევს. ეს, არსებითად, იმიტომ ხდება, რომ მეხსიერებას ხშირად აღარ ვეყრდნობით, ამიტომ ვკარგავთ ამ უნარს და კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითებას განვიცდით.

თუკი ზემოხსენებული ექსპერტები მართლები არიან, მაშინ ადამიანებს მეტი ყურადღების მიქცევა მოუწევთ იმ საკითხისადმი, თუ როგორ იყენებენ ისინი და მათი შვილები ელექტრონულ მოწყობილობებს. თუმცა მიმდინარე კვლევებს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, რომ ციფრული დემენციის ფენომენი არსებობს.

ფოტო: Experience Life

"ტვინის ფუნქციასა და [ტექნოლოგიის] გამოყენებასთან დაკავშირებულ ქცევებს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ ვითარდება", — განუცხადა Discover Magazine-ს 2021 წელს მარკ პოტენზამ, იელის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის პროფესორმა.

"უფრო დიდი და მოვლენების სხვადასხვა მომენტში შემსწავლელი კვლევები ძალიან დაგვეხმარება მეტი სპეციფიკის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ინტერნეტის გამოყენების კონკრეტულმა ტიპებმა და შაბლონებმა ადამიანებსა და მათი ტვინისა და ქცევის ურთიერთობაზე", — განაგრძო მან.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევა, რომელიც ვარაუდობს, რომ მოწყობილობებში ინფორმაციის შენახვამ შეიძლება რეალურად გააუმჯობესოს ჩვენი მეხსიერების უნარები, რაც ეწინააღმდეგება ციფრული დემენციის კონცეფციას.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც ადამიანებს გარე მეხსიერების გამოყენების უფლებას აძლევდნენ, მოწყობილობა ეხმარებოდა მათ, დაემახსოვრებინათ მასში შენახული ინფორმაცია", — აღნიშნა სემ გილბერტმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, — "ეს გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ მოწყობილობამ გააუმჯობესა ადამიანების მეხსიერება ისეთ ინფორმაციაზეც, რომელიც მათ მოწყობილობაში შენახული არ ჰქონდათ."

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფორმაციის ციფრულად შენახვა გეხმარება იმ ინფორმაციის დამახსოვრებაშიც, რომელიც ციფრულად არ შეგინახავს.

კვლევაში 158 ზრდასრულ მოხალისეს სენსორულ ეკრანზე აჩვენეს 12-მდე წრეში მოქცეული რიცხვი. შემდეგ მათ უნდა დაემახსოვრებინათ გარკვეული რიცხვების გადატანა მარცხნივ, ხოლო სხვებისა — მარჯვნივ.

მონაწილეები იღებდნენ ფულს ექსპერიმენტის დროს გაკეთებული თითოეული სწორი ნაბიჯისთვის. ერთ მხარეს მოთავსებულ წრეებს უწოდეს "მაღალი ღირებულების", რაც იმას გულისხმობდა, რომ მონაწილეები მიიღებდნენ მეტ თანხას, თუკი ამ წრეებს სწორად მიუთითებდნენ.

თითოეულმა ადამიანმა დავალება 16-ჯერ შეასრულა. მცდელობების ნახევარზე მათ მიეცათ საშუალება, დაეყენებინათ შეხსენებები ციფრულ მოწყობილობაზე, ხოლო მეორე ნახევარზე მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას უნდა დაყრდნობოდნენ.

ფოტო: American Posture Institute

ადამიანები სმარტფონებში აყენებდნენ შეხსენებებს მაღალი ღირებულების წრეებისთვის, რამაც მათი დამახსოვრების უნარი 18%-ით გააუმჯობესა. თუმცა, ადამიანებს ასევე 27%-ით უკეთ ამახსოვრდებოდათ დაბალი ღირებულების წრეები, მაშინაც კი, როდესაც მათზე შეხსენებები არ დაუყენებიათ.

UCL-ის გილბერტის თქმით, მოწყობილობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვით მონაწილეებმა გაათავისუფლეს საკუთარი მეხსიერების მოცულობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის.

"შედეგები აჩვენებს, რომ გარეგანი მეხსიერების ხელსაწყოები მუშაობს. გარეგანი მეხსიერების ხელსაწყოს გამოყენება არა თუ აჩენს ციფრულ დემენციას, არამედ შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი მეხსიერება იმ ინფორმაციისთვის, რომელიც არასდროს შეგვინახავს", — განმარტა გილბერტმა.

თუმცა, ექსპერიმენტმა ასევე დაადასტურა ტექნოლოგიაზე ჩვენი დამოკიდებულების ერთი პოტენციური ჩავარდნა: როდესაც შეხსენებები გამოართვეს მონაწილეებს, მათ უფრო კარგად ახსოვდათ დაბალი ღირებულების წრეები, ვიდრე მაღალი ღირებულებისა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფრთხილად უნდა შევინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მეხსიერების ხელსაწყოები ჩაფლავდებიან, ჩვენს მეხსიერებაში დაბალი მნიშვნელობის ინფორმაციის მეტი არაფერი დაგვრჩება", — აღნიშნა გილბერტმა.