რა არის Android-ის "ადაპტირებადი ბატარეა" და როგორ გავააქტიუროთ
ის თქვენი ბატარეის გამძლეობას ერთიორად გაზრდის
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მობილურებში ყველაზე მძიმე სამუშაოს ბატარეა ასრულებს. ჩვენს მოწყობილობებში ჩაშენებული ელექტრონული სქემა (SoC) მობილურის რესურსებს იმგვარად ანაწილებს, რომ ბატარეამ მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს. ამ სტატიაში მოგიყვებით, ზუსტად როგორ მუშაობს ანდროიდის "ადაპტირებადი ბატარეა" და როგორ დარწმუნდეთ, რომ ეს ფუნქცია თქვენს მობილურში ნამდვილად გაქვთ გააქტიურებული.
როგორ მუშაობს ადაპტირებადი ბატარეა?
როდესაც მობილური მუშა მდგომარეობაშია, მისი ბატარეის ენერგიას მხოლოდ ეკრანზე გამოტანილი აპლიკაციები არ ხარჯავენ; თანამედროვე მოწყობილობებში უამრავი ფონური პროცესი მიმდინარეობს, რომელთაც ასევე სჭირდებათ ენერგია. მაგალითად, აპების უმეტესობა მუდივად გზავნის და იღებს ინფორმაციას; იმისათვის, რომ ამ დროს თქვენი მობილურის სხვა ფუნქციები არ შეფერხდეს და მან სათანადოდ იმუშაოს, ფუნქციონირებას იწყებენ ფონური პროცესები.
ყველა ამ პროცესს ენერგია სჭირდება. ზოგი მას ეფექტურად იყენებს, სხვებს კი, როგორიცაა, მაგალითად, ლოკაციის დამდგენი ფონური ფუნქცია, დიდი ენერგიის მოხმარება შეუძლიათ. თუ თქვენი მობილური არ იქნება რეგულირებული, თქვენ წამში შეამჩნევთ განსხვავებას ოპტიმიზირებულ ბატარეასთან ერთად და მის გარეშე.
ადაპტირებადი ბატარეა საკვანძო როლს თამაშობს, რათა თქვენ საკუთარი მობილური მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ. ეს მახასიათებელი სხვა სისტემებთან ტანდემში მუშაობს, რათა დაარეგულიროს ბატარეის გამძლეობა.
ადაპტირებადი ბატარეის მთავარი ფუნქცია არის თქვენი მობილურის გამოყენების, მოხმარების ჩვევების შესწავლა. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ის ითვალისწინებს ყველა იმ აპს, რომელსაც თქვენ იყენებთ, მათი გამოყენების ხანგრძლივობას და ყველა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც თქვენს ბატარეას არაოპტიმიზირებულ მდგომარეობაში განმუხტავს.
შესწავლის პერიოდის შემდეგ Android-ის მობილურს უმარტივდება იმის განსაზღვრა, როგორ უნდა გაანაწილოს ენერგია, რათა ის მთელი დღის მანძილზე გეყოთ. მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ასევე მობილურის დატენვის სიხშირე და ხანგრძლივობა. ბატარეა ამასაც ითვალისწინებს, როდესაც რესურსს ანაწილებს.
ენერგიის დაზოგვის მიზნით სამუშაოს შესრულების ხარისხის შემცირება
ერთ-ერთი გზა საკუთარი ბატარეის რესურსების გასახანგრძლივებლად არის მუშაობის ხარისხის შემცირება (Reducing performance). ეს ცვლილება ხშირად შეუმჩნეველიც კია, თუმცა ამ დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგია იზოგება. მაგალითად, ჩიპები დიდ ენერგიას მოიხმარენ და როდესაც მათთვის ენერგიის მიწოდება იზღუდება, ბატარეის გამძლეობაც ერთიორად იზრდება.
Samsung’s Galaxy-ის მოწყობილობებზე Adaptive Battery-ის გარდა settings-ში არის კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც მოწყობილობის მუშაობის სიჩქარეს აკონტროლებს. თქვენ ამ ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ მუშაობის სიჩქარის ხარჯზე ბატარეის გამძლეობა გაზარდოთ (ანდროიდის ადაპტირებად ბატარეაზე მეტადაც კი), თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ აშკარად შეამჩნევთ ცვლილებას ბრძანებების შესრულებაში.
ფონური აპების გამოყენების შეზღუდვა
კიდევ ერთი გზა, რომლითაც ადაპტირებადი ბატარეა თქვენ მიერ მობილურის გამოყენების დროს წუთებიდან საათებამდე ზრდის, არის ფონად მოქმედი აპების მუშაობის შეზღუდვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მობილურებში უამრავი ფონური პროცესი მიმდინარეობს და თუ მათ არ გავაკონტროლებთ, ისინი სრულად გამოფიტავენ ჩვენს ბატარეას.
ადაპტირებადი ბატარეები იმახსოვრებენ, რომელი აპლიკაციები ხარჯავენ ყველაზე მეტ ენერგიას და ზღუდავენ მათ ფუნქციონირებას. ამ შემთხვევაშიც არ შეინიშნება არსებითი ცვლილება მობილურის მუშაობაში.
ადაპტირებადი ბატარეის სისტემით თქვენი მობილურის ბატარეის გულისცემა მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნდება. ახლა კი დარწმუნდით, რომ ის გააქტიურებული გაქვთ.
როგორ ჩართოთ ადაპტირებადი ბატარეა?
Google Pixel-ის მობილურებზე
გადადით settings-ში, დააჭირეთ Battery-ს, აირჩიეთ Adaptive preferences და დააკლიკეთ Adaptive Battery-ს.
Samsung Galaxy-ის მობილურებზე
გადადით settings-ში, დააჭირეთ Battery and device care-ს, აირჩიეთ Battery, შემდეგ More battery settings და დააკლიკეთ Adaptive battery-ს. აქვე არის მეორე არჩევანიც — Processing speed, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ, აირჩიოთ, რამდენად გსურთ მობილურის ფუნქციონირების სიჩქარის შემცირება და შესაბამისად ბატარეის გამძლეობის გაზრდა.
რომ შევაჯამოთ, ადაპტირებადი ბატარეა საოცარი ფუნქციაა, რომლის ჩართვის შემდეგ თქვენი ბატარეის გამძლეობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. დაიმახსოვრეთ, ის ფუნქციონირებას ჩართვისთანავე იწყებს, თუმცა შედეგისთვის გარკვეული დროა საჭირო - ამ დროში ის თქვენს მობილურს და მისი გამოყენების სიხშირეს შეისწავლის.
კომენტარები