Google-ისა და ოქსფორდის მეცნიერები: შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა კაცობრიობა მოსპოს
Google Deepmind-ისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ზეჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი (AI) კაცობრიობის დასასრულს მოასწავებს. ამ უსიამოვნო სცენარს თანდათანობით უფრო და უფრო მეტი მეცნიერი პროგნოზირებს.
გამოცემაში AI Magazine გამოქვეყნებული ახალ ნაშრომში მეცნიერთა გუნდი — DeepMind-ის უფროსი მეცნიერი მარკუს ჰატერი, ასევე ოქსფორდის მკვლევრები: მაიკლ კოჰენი და მაიკლ ოსბორნი — ამტკიცებს, რომ მანქანებს თანდათანობით მოტივაცია გაუჩნდებათ, მათი შემქმნელების მიერ დადგენილი წესები დაარღვიონ და შეზღუდული რესურსების ანდა ენერგიისათვის მეტოქეობა გასწიონ.
ნაშრომის ავტორების აზრით, სუპერდახვეწილი "მწყობრიდან გამოსული აგენტები" ადამიანთა მოდგმას ისე შეხედავენ, როგორც დაბრკოლებას ჯილდოსაკენ მიმავალ გზაზე, კაცობრიობას კი საფრთხეს სწორედ ეს შეუქმნის.
"ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ პირობებში ჩვენი დასკვნა იმაზე მყარია, ვიდრე აქამდე არსებული რომელიმე პუბლიკაცია — ეგზისტენციალური კატასტროფა არა მხოლოდ შესაძლო, არამედ მოსალოდნელია", — განაცხადა კოჰენმა ტვიტერზე.
ეს ნიშნავს, რომ, თუ, მაგალითად, AI საკვების მოყვანაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ამის თავიდან არიდებისა და უბრალოდ ჯილდოს მიღების სურვილი გასჩენოდა ანდა გადაეწყვიტა, რომ მისთვის დავალებული ადამიანთა მოდგმისათვის აუცილებელი საქმეების ნაცვლად სულ სხვა რამ ეკეთებინა.
"აგენტისათვის ჯილდოს ხანგრძლივი კონტროლის შესანარჩუნებლად პოტენციური გზა საფრთხეების დამარცხებაა და მთელი ხელმისაწვდომი ენერგიის თავისი კომპიუტერის დასაცავად გამოყენება", — ვკითხულობთ ნაშრომში.
"ამ თამაშში დამარცხება ფატალური იქნებოდა", — წერენ ავტორები და გვეუბნებიან იმასაც, რომ ამის გამოსასწორებლად ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ.
"აურაცხელი რესურსების მქონე სამყაროში ვერანაირად ვერ ვიქნებოდი დარწმუნებული, რა მოხდებოდა", — განაცხადა კოჰენმა Motherboard-თან ინტერვიუში — "შეზღუდული რესურსების მქონე სამყაროში ამ რესურსებზე გარდაუვალი კონკურენციაა. თუ ისეთ რაღაცას ეჯიბრები, რასაც ყოველ ჯერზე შეუძლია ჭკუით შენი დამარცხება, გამარჯვებას არ უნდა ელოდო".
მათი აზრით, საფრთხის საპასუხოდ ადამიანთა მოდგმამ მხოლოდ ფრთხილად და ნელა უნდა დახვეწოს AI ტექნოლოგიები.
კომენტარები