კანადელი წყვილის, ედით ლემეისა და სებასტიენ პელეტიერის უფროსი შვილი, მია, მხოლოდ 3 წლის იყო, როცა მხედველობის პრობლემები შეექმნა. წლების შემდეგ მიას იშვიათი გენეტიკური დაავადების, პიგმენტური რეტინიტის, დიაგნოზი დაუსვეს. ამ დაავადების განვითარება დროთა განმავლობაში მხედველობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვას იწვევს.

მია ოთხი და-ძმიდან ერთ-ერთია. მოგვიანებით, წყვილმა შენიშნა, რომ მათ შვილებს, კოლინსა და ლორანს, ზუსტად იგივე ჩივილები ჰქონდათ, მერე კი მათი შიშები გამართლდა — რამდენიმე წლის წინ ძმებსაც იმავე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

რადგან პიგმენტური რეტინიტის ეფექტური მკურნალობის გზა არ არსებობს, დაავადება ნელა პროგრესირებს და მისი შედეგების წინასწარმეტყველება რთულია. თუმცა, ედითის თქმით, მათი შვილები მხედველობას სრულად, სავარაუდოდ, შუახნის ასაკში დაკარგავენ.

თუმცა, ეს სულაც არ ყოფილა დანებება. პირიქით, ამბის შეტყობიდან მალევე წყვილმა სხვადასხვა გზის მოძიება დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ შვილებს ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების განვითარებაში. მიას ექიმმა მშობლებს ურჩია, მისთვის ვიზუალური მოგონებები ეჩუქებინათ. მაშინ ყველაფერი გადაწყდა.

ფოტო: Edith Lemay

"ვიფიქრე, სპილოს წიგნში კი არ ვაჩვენებ, წავიყვან და ნამდვილ ცხოველს დავანახებ-მეთქი", — იხსენებს ედითი, — "გადავწყვიტე, მისი ვიზუალური მეხსიერება საუკეთესო სურათებით შემევსო".

სწორედ მაშინ დაიგეგმა მსოფლიო ტურიც — მთელმა ოჯახმა მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა.

"შინაც შეგიძლია შესანიშნავი რაღაცები აკეთო, მაგრამ მოგზაურობას არაფერი ჯობს", — ამბობს სებასტიენი, — "არა მხოლოდ შესანიშნავ პეიზაჟებს ნახულობ, სხვადასხვა კულტურასა და ხალხსაც ეცნობი".

ფულის შეგროვების შემდეგ, ოჯახს მოგზაურობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დაეწყო, მაგრამ პანდემიის გამო გეგმები არაერთხელ შეიცვალა. საბოლოოდ, ისინი გზას 2022 წლის მარტში შეუდგნენ ქალაქ მონრეალიდან — თანაც სამოგზაურო მარშრუტის გარეშე.

ფოტო: Edith Lemay

"წარმოდგენა გვქონდა, რისი ნახვა გვსურდა, მაგრამ გეგმას გზაში ვადგენდით", — ამბობს ედითი.

გეგმა კი ასევე მოიაზრებდა იმ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ოჯახს მოგზაურობისას სურდა. მაგალითად, მიას ცხენით ჯირითობა უნდოდა, ლორანს კი — აქლემზე ამხედრებულს წვენის დალევა. ასეთი პატარ-პატარა სურვილების ასრულებამ, საბოლოოდ, მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარ თავგადასავლად აქცია.

თავგადასავალმა მოიცვა აფრიკის ქვეყნები, სადაც ოჯახმა სპილოები, ზებრები და ჟირაფები ახლოდან ნახა, შემდეგ კი ისინი თურქეთისკენ გაეშურნენ. იქიდან ოჯახმა მონღოლეთში გადაინაცვლა, მერე კი ინდონეზიაშიც აღმოჩნდნენ.

"ძირითადად, ღირსშესანიშნაობები გვაინტერესებს, თუმცა, ფლორასა და ფაუნასაც ვაქცევთ ყურადღებას", — აღნიშნავს სებასტიენი, — "ვცდილობთ, მათ ისეთი რაღაცები ვაჩვენოთ, რასაც შინ ვერასდროს ნახავდნენ".

ფოტო: Edith Lemay

ამ ყველაფერთან ერთად, ედითისა და სებასტიენის თქმით, მოგზაურობისას ცდილობენ, ბავშვებში შეუპოვრობა გააღვივონ.

"შეუპოვრობა მთელი ცხოვრება გამოადგებათ", — ამატებს ედითი, — "მოგზაურობისგან ბევრს ისწავლი. სახალისოა, მაგრამ რთულიც შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლოა, დისკომფორტიც იგრძნო ან დაიღალო, გაღიზიანდე. ასე რომ, მოგზაურობაში მართლაც ბევრ რამეს აითვისებ".

მშობლები კი ასევე იმედოვნებენ, რომ მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა ბავშვებს აჩვენებს, რამდენად გაუმართლათ.

"მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს მათი ცხოვრება", — ამბობს ედითი, — "მინდოდა, მეჩვენებინა, როგორ გაუმართლათ რომ შინ წყალი აქვთ და ყოველდღე შეუძლიათ სკოლაში სიარული, სადაც ფერადი წიგნები დახვდებათ".

ფოტო: Edith Lemay

ბავშვები კი მოგზაურობისას უცნაურმა რაღაცებმაც აღაფრთოვანა. უცხო კულტურებსაც ადვილად ეჩვეოდნენ და უბრალო ამბებიც ახდენდა მათზე შთაბეჭდილებას — თუნდაც ქუჩაში მოსეირნე ლეკვები.

ოჯახის მოგზაურობის ერთგვარ დღიურად სოციალური ქსელები იქცა — მშობლები სხვადასხვა ქვეყანაში ნანახს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე აქვეყნებენ.

წყვილი შინ დაბრუნებას მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს. სამომავლოდ იმის იმედიც აქვთ, რომ მეცნიერება მათი შვილების დაავადებასთან გამკლავებას შეძლებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოგზაურობაში ისწავლეს, აწმყოთი ტკბობაა, ამიტომ ცდილობენ, ყოველი წუთით ისიამოვნონ.