ვების ტელესკოპმა ტარანტულას ნისლეულის აქამდე არნახული ვარსკვლავები დააფიქსირა
ეს ნისლეული ასტრონომებისთვის სამყაროს წარსულის სარკეს წარმოადგენს
ჯეიმს ვების ტელესკოპმა უზარმაზარი კოსმოსური ტარანტულა გადაიღო!
წამით შეყოვნდით და შეხედეთ ტარანტულას ნისლეულის ათასობით აქამდე არნახულ ახალგაზრდა ვარსკვლავს. ვების ტელესკოპმა ნისლეულის სტრუქტურისა და კომპოზიციის დეტალებიც დაადგინა; ასევე ათობით მიმდებარე გალაქტიკაც დააფიქსირა.
პლანეტათაშორის ღრუბელს სახელად 30 Doradus-ს მეტსახელად ტარანტულას ნისლეული მტვრის ძაფების გამო ეწოდა, რომლებიც წინა ტელესკოპით გადაღებულ სურათებზე ჩანდა. ნისლეული 161 000 სინათლის წლის მანძილზე, უზარმაზარი მაგელანური ღრუბლის (Large Magellanic Cloud) გალაქტიკაში მდებარეობს. ის არის ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ირმის ნახტომთან, ჩვენს გალაქტიკასთან და ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცხელი და მასიური ვარსკვლავების სამყოფელს წარმოადგენს.
ამ გამოსახულების ცენტრში, გადაღებული ვების ახლო-ინფრაწითელი კამერით (NIRCam), ახალგაზრდა, მასიური ვარსკვლავების რადიაცია ჩანს (მკრთალი ცისფერით). ნისლეულის მხოლოდ ყველაზე შემჭიდროვებული უბნები უძლებენ ეროზიას და, როგორც ჩანს, ცენტრში ვარსკვლავების შეჯგუფებაზე მიანიშნებენ. ამ უბნებში ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავებია, რომლებიც საბოლოოდ დატოვებენ ამ ადგილებს და თავად შექმნიან ნისლეულს.
რატომ არის ეს ნისლეული ასტრონომებისთვის საინტერესო?
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ნისლეული შეიძლება, ასტრონომებისთვის საინტერესო იყოს, არის მისი ქიმიური კომპოზიციის მსგავსება იმ გიგანტურ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონთან, რომელიც კოსმოსური ღამის დროს ფიქსირდებოდა, ანუ მაშინ, როდესაც სამყარო სულ რამდენიმე მილიარდი წლის იყო და ვარსკვლავების წარმოქმნა პიკს აღწევდა. ამას გარდა, ირმის ნახტომისგან განსხვავებით ტარანტულას ნისლეულში ვარსკვლავები ძალიან დიდი სისწრაფით იქმნებიან. ეს ორი ფაქტორი ერთად ტარანტულას ჩვენთვის ყველაზე ახლო (დასაკვირვებლად მარტივ) მაგალითად ხდის, რათა დავინახოთ, თუ რა ხდებოდა სამყაროში კოსმოსური ღამის დროს და ამგვარად უკეთ შევისწავლოთ ჩვენი სამყაროს წარსული.
კომენტარები