როგორ აღმოჩნდა ოქრო და სხვა მეტალები კოსმოსში? — მეცნიერებმა შესაძლო პასუხს მიაგნეს
კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება მაგნეტართა "ვარსკვლავძვრებს" უკავშირდებოდეს.
ფოტო: NASA/JPL-Caltech
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, როგორ აღმოჩნდა სამყაროში რკინაზე მძიმე მეტალები, მათ შორის ოქრო და პლატინა. ახალი კვლევის მიხედვით, ამის პასუხი ნაწილობრივ შეგვიძლია მაგნეტარებში ვეძიოთ — ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონულ ვარსკვლავებში.
ახლახან მეცნიერებმა 2004 წელს მომხდარი მაგნეტარული აფეთქება შეისწავლეს. შედეგად დადგინდა, რომ მძიმე ელემენტების წარმოქმნას შეიძლება უზარმაზარი ამოფრქვევები უწყობდეს ხელს, რომლებიც ძლიერად დამაგნიტებული ნეიტრონული ვარსკვლავებისაგან მოდის.
2004-ში მომხდარი აფეთქებისას გამა-გამოსხივების ნათება დააფიქსირეს, თუმცა ეს მოვლენა მაშინ გაუგებარი იყო. ახალი ნაშრომით მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაფიქსირებული გამა-გამოსხივება მძიმე ელემენტების კოსმოსში გატყორცნამ წარმოქმნა.
მკვლევრები ამბობენ, რომ "ვარსკვლავძვრებს" მაგნეტარის ქერქის დაზიანება შეუძლია, პროცესში კი შედარებით მძიმე ელემენტები წარმოიქმნება. ზოგჯერ ამას უზარმაზარი ამოფრქვევებიც მოსდევს, შედეგად კი ეს ელემენტები კოსმოსში იფრქვევა.
აფეთქება მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, ნაშრომის ავტორთა შეფასებით, ეს დაახლოებით დედამიწის მასის მესამედ მძიმე მეტალებს წარმოქმნიდა. გამოდის, ერთი კვლევა შეიძლება ორ საიდუმლოებას ხსნიდეს.
ცნობისთვის, ულტრამკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავები მაშინ წარმოიქმნება, როცა უზარმაზარ ვარსკვლავებს ბირთვში საწვავი ელევა და შიგნით მიმართულ აფეთქებას განიცდის. ზოგიერთი ნეიტრონული ვარსკვლავი მაგნეტარებად გარდაიქმნება, რომლებსაც საოცრად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს — იმაზე დაახლოებით ტრილიონჯერ ძლიერი, ვიდრე დედამიწას.
მძიმე ელემენტებს უკვე ნაცნობი წყაროც წარმოქმნის: ნეიტრონულ ვარსკვლავთა გაერთიანებები. მიუხედავად ამისა, ესენი არ ჩანს საკმარისი იმისთვის, რომ ოქროს, პლატინისა და სხვა მეტალების სრული მარაგი წარმოქმნას. ეს მძიმე მეტალები სამყაროს ისტორიაში იმაზე მეტისმეტად ადრე ფიგურირებს, სანამ ამ ტიპის შეჯახებები დაიწყებოდა.
ამის გამო მკვლევრები მაგნეტარების ამოფრქვევებზე დაფიქრდნენ. 2024 წელს სხვა კვლევა ჩატარდა, რომელსაც ახალი ნაშრომის ზოგიერთი ავტორი უძღვებოდა. მასში ვკითხულობთ, რომ ასეთი ძლიერი ამოფრქვევები შეიძლება საკმარისი იყოს, რათა მძიმე ელემენტების წარმოქმნისთვის აუცილებელი პროცესი — r-პროცესი — დაიწყოს.
წინა ნაშრომის მიხედვით, რომ ასე წარმოქმნილი მძიმე ელემენტები დაკვირვებად გამა-გამოსხივებასაც გააჩენდა. მკვლევრები არსებულ მონაცემებში ისეთ მოვლენას ეძებდნენ, რომელიც ამ ჰიპოთეზას მოერგებოდა, შედეგად კი 2004 წლის აქამდე აუხსნელ აფეთქებამდე მივიდნენ.
ცხადია, ეს ჯერ ყველაფერი არ არის. NASA გამა-გამოსხივების ფართოველიან ტელესკოპზე მუშაობს, სახელად Compton Spectrometer and Imager (COSI), რომელიც კვლევის მიგნებების დადასტურებას შეძლებს. ამასობაში მეცნიერები მძიმე ელემენტთა სხვა შესაძლო წყაროებს იკვლევენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

კომენტარები