ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ცხიმებითა და შაქრებით მდიდარი დიეტა დაბალ კოგნიტიურ უნარებთან დააკავშირეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სწრაფი კვების პროდუქტები შეიძლება ცუდად მოქმედებდეს როგორც სხეულზე, ისე ტვინზე.

სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრები გამოქვეყნებულ ნაშრომში განმარტავენ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან, კოგნიტიურ ტესტებსაც უკეთ უმკლავდებიან.

ფსიქოლოგიის მკვლევრის, დომინიკ ტრანის ხელმძღვანელობით, სიდნეის უნივერსიტეტის 18-დან 38 წლამდე 55 სტუდენტი შეირჩა. მათ ჰკითხეს, თუ რამდენად ხშირად მიირთმევდნენ შაქრიან ან ცხიმიან საკვებს. შემდეგ მათ ჩაუტარდათ მეხსიერების ტესტები და გაუზომეს სხეულის მასის ინდექსი (BMI). კვლევის დასასრულს, ისინი ვირტუალურ რეალობაში გადაადგილებაშიც გამოცადეს — შეისწავლეს მათი ნავიგაციის უნარი.

Oculus Rift-ის ჩაფხუტით აღჭურვილი კვლევის მონაწილეები ვირტუალური რეალობის ლაბირინთში შედიოდნენ და საგანძურს ეძებდნენ. ის, ვინც სკივრს ოთხ წუთში მიაგნებდა, შემდეგ დონეზე გადადიოდა, ხოლო ის, ვინც ამას ვერ ახერხებდა, სკივრთან გადაჰყავდათ და 10 წამი ეძლეოდა გარშემო არსებული გარემოს დასამახსოვრებლად.

კვლევის მონაწილეებმა სულ ექვსჯერ გაიარეს ერთი და იგივე ლაბირინთი და ყოველ ჯერზე დაევალათ საგანძურის სკივრის პოვნა, რომლის ადგილმდებარეობაც არ შეცვლილა. მეშვიდე და ბოლო ცდაზე მონაწილეებს სთხოვეს, უკან დაბრუნებულიყვნენ იმ ადგილას, სადაც სკივრი ახსოვდათ. აღსანიშნავი ის არის, რომ ამჯერად სკივრი იქ აღარ იყო.

კვლევამ აჩვენა, რომ ის ვინც ჯანსაღად იკვებებოდა, სკივრის ადგილმდებარეობასაც უკეთ იხსენებდა. ეს დასკვნები ეფუძნება ტრანისა და მისი კოლეგების მიერ ვირთხებზე ჩატარებულ მსგავს კვლევებს, სადაც მღრღნელებს შაქრისა და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე დიეტის შემდეგ მეხსიერებისა და სივრცითი აღქმის პრობლემები აღენიშნათ.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. როგორც ჩანს, არაჯანსაღი საკვები ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფითად მოქმედებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.