სომხეთის პოლიციამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები დააკავა
სომხეთის პოლიციამ ერევანში უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ გამარული მშვიდობიანი აქცია დაარბია და 22 ადამიანი დააკავა.
ოთხშაბათს, ომის დაწყების მე-6 თვის თავზე ერევნის ცენტრში ასობით ადამიანი, მათ შორის, რუსები, ბელარუსები და უკრაინელები შეიკრიბნენ. დემონსტრაციის დაწყებიდან მალევე, პოლიციამ იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომლებსაც ომის საწინააღმდეგო ბანერები ჰქონდათ თან.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობის გამო დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა კანონიერი მოთხოვნა იქნა უგულებელყოფილი.
პროტესტს რუსმა აქტივისტმა, იური ალექსეევმა გაუწია ორგანიზება — აქციაზე ისიც დააკავეს. ალექსეევს აქციის ჩატარების ნებართვა მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა მიღებული.
მან OC Media-ს განუცხადა, რომ შეკრებისთანავე პოლიციამ მათ დაშლა მოსთხოვა. ის სამართალდამცავებს "პუტინის ინტერესების დაცვაში" სდებს ბრალს.
"ვცადე პოლიციის ცხელ ხაზზე შემეტყობინებინა, რომ ჩვენ წინააღმდეგ კანონი ირღვეოდა. თუმცა ყველა იძულებით ჩაგვსვეს ავტობუსში და განყოფილებაში გადაგვიყვანეს", — თქვა მან.
მისი თქმით, პოლიციელებს მათთვის არ განუმარტავთ, რისთვის აკავებდნენ, არ მისცეს ადვოკატებთან დაკავშირების უფლება და არ უზრუნველყვეს თარჯიმნებით. ალექსეევის განცხადებით, ბრალის წარდგენის გარეშე გამოუშვეს.
"ვფიქრობ, მათი დავალება იყო, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, აქცია ჩაეშალათ. შესაბამისად, არ იცოდნენ, რა მუხლით მოგვდავებოდნენ"
express.am-ის თანახმად, დაკავებულებს შორის ორი რუსი ჟურნალისტი იყო, მათ შორის, ბლოგერი ალექსეი რომანოვი. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიციის მიერ შეკრების თავისუფლების აშკარა დარღვევის გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
"აქცია სრულიად და უდავოდ კანონიერი იყო", — Facebook-ზე დაწერა ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის წარმომადგენელმა, დანიელ იოანისიანმა.
მისი თქმით, სამართალდამცავები, დიდი ალბათობით, ზემოდან მიღებული ბრძანებით მოქმედებდნენ. ის აღნიშნავს, რომ თუ პროკურატურა ამას არ გამოიძიებს, მისი ეჭვები "დადასტურდება".
იოანისიანი ვარაუდობს იმასაც, რომ ბრძანება, შესაძლოა, ერევანში რუსეთის საელჩოს მიმართვის შემდეგ გაიცა.
ომის დაწყებიდან ერევანში დემონსტრაციები არაერთმა სამშვიდობო და პრორუსულმა ჯგუფებმა გამართეს, თუმცა პოლიცია არცერთ მათგანში არ ჩარეულა.
რუსები და უკრაინელები, რომლებიც საცხოვრებლად სომხეთში გადმოვიდნენ, ომის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ.
სომხეთის მთავრობა 24 თებერვლის შემდეგ ძირითადად დუმილს ინარჩუნებს და ცდილობს, რუსეთის შესახებ საერთაშორისო კენჭისყრებში ნეიტრალური იყოს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები