როგორ ჩატარდა პირველი ქართული მასშტაბური ღონისძიება მეტავერსში
Fuckup Nights Tbilisi პირველი მასშტაბური ქართული ღონისძიებაა, რომელიც მეტავერსში ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით გაიმართა, მას 200-მდე ავატარი (მონაწილე) მსოფლიოს 22 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრო და მასშტაბურობის თვალსაზრისით, Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse ტოპ 4 მეტავერს ივენთს შორისაც მოხვდა.
ღონისძიების ფარგლებში სამმა სპიკერმა: Pocket Studio-ს დამფუძნებელმა ანა ჩუბინიძემ, ილუსტრატორმა და დიზაინერმა ანა მიმინოშვილმა და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს და პროფესიული წარუმატებლობის ისტორიები გაუზიარეს, აჩვენეს, რომ მარცხი, როგორც მოტივაცია, შესაძლოა, იყოს ნაბიჯი წარმატებისკენ და ამით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.
Fuckup Nights Tbilisi-ს ორგანიზატორი იყო სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკი ბიზნესის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი — ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენდნენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).
"ყოველთვის ღია ვართ ინოვაციისა და ახალ რეალობასთან ადაპტირებისთვის. როდესაც 2020 წელს COVID-19-ის პანდემია დაიწყო, ჩვენ დაუყონებლივ დავიწყეთ ჩვენი ღონისძიებების Zoom-ში ორგანიზება და დავასკვენით, რომ ონლაინ ღონისძიებები ჩართულობის მხრივ ძალიან შედეგიანი და სახალისო შეიძლება იყოს. DJ. Moreover-იც კი გვყავდა და თბილისის გარეთაც ვწვდებოდით აუდიტორიას.
ახლა, როცა მეტავერსი შემდეგი დიდი რამე ჩანს, გადავწყვიტეთ, ეს გვეცადა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ადამიანთა უმეტესობა, ცოტა არ იყოს, დაღლილია Zoom-ით. ასე რომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ღონისძიება სხვა პლატფორმაზე, ახალ სივრცეში გადაგვეტანა და ამისთვის მეტავერსი ზედგამოჭრილი იყო. მეტავერსში აქამდე რამდენიმე უცხოურ ივენთს დავსწრებივართ და გვქონდა ბაზისური გაგება, თუ როგორ მუშაობს ის. ვითანამშრომლეთ Arrival-თან და MetaViu-სთან, მეტავერს სააგენტოებთან, რომლებმაც ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. ასევე, ჩვენი პარტნიორები იყვნენ: UN Women Georgia, Bank of Georgia, VEON Georgia, Friedrich Naumann Foundation და რამდენიმე სხვა მხარდამჭერი, რომელთაც ჩვენი ღონისძიების ჩატარება უზრუნველყვეს", — ამბობს ჰაიკ ასრიანცი, Fuckup Nights Tbilisi-ის თანაორგანიზატორი.
შეგახსენებთ, რომ Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.
ასევე იხილეთ:
- 5 რამ, რაც მეტავერსზე უნდა ვიცოდეთ
- რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
- შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
პირველი მასშტაბური ქართული მეტავერს ივენთის ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლდა. იმისათვის, რომ მეტავერსში ღონისძიება ჩაატარო, უნდა ფლობდე "მიწას" ან უნდა იქირავო ის. პარტნიორების მხარდაჭერით მოპოვებული მიწა კი არც ისე დიდი იყო და ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ დამსწრეებს ვერ დაიტევდნენ. თუმცა, ამ ყველაფრის მოგვარება გუნდმა წარმატებით შეძლო და როგორც ჰაიკ ასრიანცი ამბობს, ტექნიკური პრობლემებისა თუ დეტალების გადაჭრაში მათი პარტნიორი მეტავერს სააგენტოების როლი დიდია.
ერთ-ერთი ასეთი სააგენტოა Arrival, რომელიც საქართველოში პირველი და თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ინოვაციური მეტავერს ღონისძიებების სააგენტოა, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, შეხვედრები, 3D ვირტუალურ სივრცეში — დეცენტრალენდში.
"ჩვენ გვსურს შესაძლებელი გავხადოთ დეცენტრალიზებული მეტავერს პლატფორმების გამოყენება და გვჯერა, რომ შევქმნით საინტერესო, ინტერაქტიულ და სახალისო გამოცდილებებს 3D ვირტუალურ სამყაროში. ჩვენი გუნდი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნა, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მეტავერს ბიზნესებში, ორგანიზაციის განვითარებასა და მართვაში, ვებ დეველოპმენტში, პროგრამირებაში, დიზაინში, დიჯიტალ მარკეტინგში და რაც მთავარია, მეტავერს სამყაროსადმი დიდი ენთუზიაზმი გვაერთიანებს", — ამბობს მარიამ ნინიკელაშვილი, Arrival-ის წარმომადგენელი.
რატომ ღონისძიება მეტავერსში?
მეტავერს ღონისძიების ვერბალურად ახსნა საკმაოდ რთულია, რადგან ამ ფორმით მისი არსის გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ეს სწორედ იმ კატეგორიის გამოცდილებაა, რომელიც საკუთარ თავზე დაყრდნობით უნდა შეიქმნა. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, თუ რა განასხვავებს მას ფიზიკური თუ სხვა ტიპის ონლაინ ღონისძიებებისგან.
"Zoom-ში, Microsoft Teams-ში და Google Meet-ში ჩატარებული ონლაინ კონფერენციები ან სხვა ტიპის ღონისძიებები ძირითადად განკუთვნილია პასიური მოსმენისთვის და ნაკლებად არის ორიენტირებული დამსწრეების ინტერაქციაზე და სოციალიზაციაზე. მეტავერსი კი გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ ფიზიკური სამყაროს ტიპის გამოცდილება დამსწრეებისთვის, პირდაპირ მათი კომპიუტერიდან.
მეტავერს სივრცეში შესასვლელად ქმნი შენს ავატარს, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან. საუბრის ან მიმოწერის გარდა ავატარს შეუძლია ისეთი მოქმედებები, როგორიცაა: ცეკვა, ტაშის დაკვრა, ხელის აწევა და ა.შ. რაც ბევრად უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის ინტერაქციას", — ამბობს მარიამ ნინიკელაშვილი.
ჰაიკ ასრიანცი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მეტავერსში შექმნილი ავატარი შეგიძლია დაიმსგავსო და რეალურ მესთან მიახლოებული სტილით შემოსო. "რა თქმა უნდა, აქ შენ შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც ჩვეულებრივ შენთვისაა დამახასიათებელი — ისაუბრო შენს მეგობრებთან თუ ნაცნობებთან და მზად იყო ახალი კონტაქტების დასამყარებლად", — ამბობს ის.
ოფლაინ ღონისძიებებთან შედარებით, მეტავერს ღონისზიებაზე დასწრება სახლიდან ან სასურველი სივრციდანაა შესაძლებელი. მთავარია, ამისთვის კომპიუტერი გქონდეს. თუმცა, სამყაროში, რომელმაც COVID-19-ის გავრცელების პირობებში, მასობრივი კარანტინისა და იზოლაციის საჭიროებები თითქოს უკან მოიტოვა და ფიზიკურ ღონისძიებებიც ბევრს უკვე ძალიან ენატრება, რატომ უნდა აირჩიონ კომპანიებმა მეტავერსში გადანაცვლება და ღონისძიებების ამ სივრცეში გამართვა?
"Metaverse ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინოვაციაა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. Facebook-მაც კი შეიცვალა სახელი და გახდა Meta. მეტავერსი ხდება ახალი ადგილი ადამიანების ურთიერთობისა და სოციალიზაციისთვის. დიდი ბრენდები, როგორიცაა Nike, Adidas, Disney, Mercedes, Banks და სხვა კორპორაციები, შედიან მეტავერსებში და ცდილობენ იყვნენ first-movers. ზოგიერთი კომპანია Zoom-ის ჩანაცვლებასაც კი მეტავერსით ცდილობს, რადგან სურთ, შექმნან ბევრად საინტერესო გამოცდილებები 3D ვირტუალურ სამყაროში, რომელიც მსგავსი იქნება რეალური სამყაროს გამოცდილებების.
მეტავერს ტექნოლოგიები სცდება ფიზიკურ რეალობას და მასშტაბებიც შეუზღუდავია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ერთ სივრცეში შევხვდეთ ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და მოვახდინოთ რეალური სამყაროს ტიპის ინტერაქცია", — გვიყვება მარიან ნინიკეიშვილი.
რა იქნება შემდეგ? უნდა ველოდოთ თუ არა სხვა მეტავერს ღონისძიებებს? ჰაიკ ასრიანცის თქმით, Fuckup Nights Tbilisi ფიზიკურ სივრცეშიც გაგრძელდება და ასევე, გაგრძელდება მეტავერსშიც, რადგან მისი თქმით, ღონისძიების ამ ფორმატში ჩატარება დიდი წარმატება იყო, ხოლო მისი შედეგებით გუნდი აღელვებული და კმაყოფილია.
"მეტავერს პლატფორმები ყოველდღიურად იხვეწება, ვითარდება და ადამიანების ინტერესიც მის მიმართ უფრო და უფრო მატულობს. უახლოეს მომავალში მეტავერსი ჩვენს ცხოვრებას ძალიან ბევრი მიმართულებით შეცვლის და კომუნიკაციასაც ბევრად გაამარტივებს და საინტერესოს გახდის. ქართული საზოგადოების და კომპანიების ნაწილიც ყოველთვის ღიაა მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ და ჩვენი მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმაროთ მათ ამ მიმართულებით ადაპტაციაში", — ამბობს მარიამ ნინიკელაშვილი.
თუ ამჟამინდელ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში მეტავერსი მართლაც იქცევა იმ სივრცედ, რომელსაც კომპანიები ღონისძიებების ჩასატარებლად [და არამხოლოდ ამ მიზნით] აირჩევენ.
კომენტარები