რატომაა გონებრივი მუშაობა ასეთი დამღლელი? — პატარა კვლევა შესაძლო პასუხს გვთავაზობს
ახლახან ჟურნალში Current Biology გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხანგრძლივი გონებრივი აქტივობა ტვინის პრეფრონტალურ წილში პოტენციურად ტოქსიკური ნეიროტრანსმიტერის, გლუტამატის, დაგროვებას იწვევს. მეცნიერების თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად ტვინი აქტივობას ანელებს, რასაც დაღლილობის ახსნა შეუძლია.
პრეფრონტალური წილი ტვინის ის რეგიონია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებასა და კოგნიტიურ კონტროლზე აგებს პასუხს. იგი მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც ტვინი რაიმე იმპულსს ან ცდუნებას ებრძვის, განმეორებითად ამის კეთებას კი დაღლილობის გამოწვევა შეუძლია.
"ტვინი კოგნიტიურ კონტროლს ავლენს მაშინაც კი, როდესაც კანის მოქავებისგან იკავებთ თავს", — განაცხადა ანტონიუს ვილერმა, კვლევის მთავარმა ავტორმა.
მეცნიერთა გუნდმა ცდის 40 მონაწილეს კომპიუტერზე მოსაწყენი დავალებების შესრულება სთხოვა და ტვინის პრეფრონტალურ წილში ნეიროტრანსმიტერის, გლუტამატის, რაოდენობას დააკვირდა. ცდისპირთა ნახევარი 6 საათის განმავლობაში მარტივ დავალებებს ასრულებდა, დანარჩენი კი — რთულს.
აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეებს, რომლებსაც შედარებით რთული დავალებები ჰქონდათ მიცემული, გლუტამატიც მეტად ჰქონდათ დაგროვილი.
ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც ბევრ ფიქრს საჭიროებს, ტვინი შედარებით მარტივი საქმის კეთების ცდუნებას გამუდმებით ეწინააღმდეგება. თავისთავად, ამას დაღლილობის შეგრძნების გამოწვევა შეუძლია, თუმცა აქამდე ეს ნეიროტრანსმიტერების დონეზე ბუნდოვანი იყო.
ახლა მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოგნიტიური კონტროლი ტვინში გლუტამატის დაგროვებას იწვევს. შესაძლოა, მისი მოჭარბება სახიფათო აღმოჩნდეს, ვინაიდან იგი ნერვულ უჯრედებს მეტისმეტად აღაგზნებს. სავარაუდოდ, ნერვული აქტივობის შედეგად დაგროვილი გლუტამატი ძილის დროს გადამუშავდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როცა მონაწილეებს დაღლილობის დონის გამხელა სთხოვეს, გლუტამატსა და დაღლილობას შორის ზუსტი კავშირი ვერ დადგინდა — რთული და მარტივი დავალებების შემსრულებელი ჯგუფები ერთნაირად დაქანცული გახლდნენ. მკვლევრები ამას იმით ხსნიან, რომ დაღლილობის შეგრძნება სუბიექტურია, ხოლო მარტივი საქმის შემსრულებლებმა სხვა საქმის სირთულის შესახებ არაფერი იცოდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ცდის ფარგლებში მხოლოდ გლუტამატის დონეები შემოწმდა, მისი ავტორები ფიქრობენ, რომ გამორიცხული არაა, დაღლილობას სხვა მსგავსი ნივთიერებებიც უკავშირდებოდეს.
"კვლევით ერთი ნეიროტრანსმიტერი შეფასდა ტვინის კონკრეტულ ნაწილში, ამიტომაც საკითხს უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ", — განაცხადა დოქტორმა ანა კუპუსვამიმ, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა — "შედეგები დამაიმედებელია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიშის დროს კუნთებში ლაქტატი გროვდება და კუნთის დაქანცვამდე მივყავართ. ინტუიციურად, რაღაც მსგავსი ტვინშიც მიმდინარეობს, შედეგი კი ამ მოსაზრების გასამყარებლად პირველი მტკიცებულების კვალობაზე საკმაოდ კარგია".
კომენტარები