გარღვევა კვანტურ გამოთვლებში — კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება
კვანტური გამოთვლების მხრივ პროგრესი აშკარაა, მაგრამ იმისთვის რათა ასეთი მანქანები ჩვენს ყოველდღიურობაში გამოჩნდეს ჯერ კიდევ დრო გვჭირდება. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, აქამდე სულ რაღაც 5 წელი გვაშორებს.
და აი ახლა, საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს კვანტური ტექნოლოგიის განვითარების მხრივ. ამ გარღვევას შეუძლია მთლიანად სილიკონის კვანტური ინტერნეტი ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ ინსტიტუტის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.
ყველაფერი ქუბიტების შესახებ
ეს ყველაფერი ქუბიტებთან არის დაკავშირებული. იმისთვის, რომ კვანტურმა კომპიუტერებმა იმუშაონ, მეცნიერებმა უნდა შექმნან სტაბილური, ხანგრძლივად მომუშავე ქუბიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადამამუშავებელ ძალას. ასევე, საჭიროა საკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ქუბიტებს მასშტაბურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
წარსულში კვლევებმა აჩვენა, რომ სილიკონისგან შესაძლებელია წარმოიქმნას ყველაზე სტაბილური და ხანგრძლივად მომუშავე ქუბიტები.
"ეს ნამუშევარი არის ცალმხრივი T ცენტრების პირველი გაზომვა, რომელიც შესრულდება მხოლოდ ოპტიკური გაზომვებით. T ცენტრის მსგავსი ემიტერი, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის სპინის ქუბიტებს და ოპტიკური ფოტონების წარმოქმნას, იდეალურია მასშტაბირებადი, განაწილებული კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად. მათ შეუძლიათ დამუშავების და კომუნიკაციის ერთდროული უზრუნველყოფა", — თქვა სტეფანი სიმონსმა, Silicon Quantum Technology Lab-დან.
T ცენტრები: სწორი არჩევანი კვანტური გამოთვლებისთვის
T ცენტრები განსაკუთრებით კარგი არჩევანია კვანტური გამოთვლებისთვის, რადგან მათ აქვთ დამატებითი სარგებელი. ეს სარგებელი შუქის გამოსხივებაა იმავე ტალღის სიგრძეზე, რასაც დღევანდელი მეტროპოლიტენის ბოჭკოვანი კომუნიკაციები და ტელეკომის ქსელის აღჭურვილობა იყენებს.
"T ცენტრებით თქვენ შეგიძლიათ ააწყოთ კვანტური პროცესორები, რომლებიც არსებითად ურთიერთობენ სხვა პროცესორებთან", — ამბობს სიმონსი.
სილიკონი შესანიშნავი არჩევანია კვანტური გამოთვლებისთვისაც, რადგან ის ტექნოლოგიის სწრაფად მასშტაბირების შესაძლებლობებს იძლევა. სილიკონის კომპიუტერული ჩიპები უკვე მასიურად იწარმოება, რაც მათ კარგ კანდიდატად აქცევს კვანტური კომპიუტერების წარმოებისთვის.
"სილიკონში კვანტური გამოთვლითი პროცესორების შექმნით შეგვეძლება ვისარგებლოთ მრავალი წლის განვითარების, ცოდნისა და ინფრასტრუქტურით. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვეულებრივი კომპიუტერების წარმოების დროს დაგვიგროვდა და ახლა მისი გამოყენება კვანტური ტექნოლოგიებისთვის შეგვეძლება. აღარ მოგვიწევს სრულიად ახალ ინდუსტრიაზე ფიქრი. ეს უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა კვანტური კომპიუტერის საერთაშორისო რბოლისთვის", — განაცხადა სიმონსმა კვლევაში.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები