ანთროპოცენტს მეცნიერები უწოდებენ თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქას, რომლის საწყისად ითვლება პერიოდი, როდესაც ადამიანის აქტივობამ დაიწყო მნიშვნელოვანი გავლენის მოახდენა გეოლოგიასა და დედამიწის ეკოსისტემაზე.

ახლა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ ანთროპოცენის დასაწყისი ზუსტად განსაზღვრეს კონკრეტული ბიომარკერების მეშვეობით, უფრო კონკრეტულად კი რადიოაქტიური მასალის დახმარებით, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით, იაპონიის სანაპიროსთან, დანალექ ქანებში აღმოაჩინეს.

ეს მასალა გაჩნდა რეგიონში 1950-იანებში ჩატარებული ატომური ცდების შედეგად და მას შემდეგ ოკეანის გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა.

ბირთვული ცდები მარშალის კუნძულებზე

ფოტო: The Architectural Review

მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით, მკვლევართა გუნდი თვლის, რომ ანთროპოცენის ეპოქა 1954 წელს იწყება.

"ჩვენი მიზანი იყო 1950-1963 წლების დროინდელი ნარჩენების აღმოჩენა, როდესაც ტესტირება დიდწილად უკვე შეჩერებული იყო. ჩვენ ყურის არეალიდან რამდენიმე ნიმუში ავიღეთ და ნარჩენებიდან პლუტონიუმის აშკარა სიგნალები აღმოვაჩინეთ", — ამბობს იუსუკე იოკოიამა, გეომეცნიერი ტოკიოს უნივერსიტეტიდან.

"ამას გარდა, ჩვენ იშიგაკის კუნძულიდან შევაგროვეთ მარჯნის ჩონჩხები, რომლებიც ასევე შეიცავდნენ ატომურ ნარჩენებს. დანალექი ფენების მარჯანთან შედარებამ საშუალება მოგვცა, რომ თარიღი უფრო ზუსტად დაგვესვა."

რაც ყველაზე მეტად ართულებს ამ ნიმუშების აღებას, არის ის, რომ ნალექი ნარჩენები შეიძლება ძალიან მარტივად იყო განბნეული მთელს მიმდებარე არეალში და ოკეანური დინებითა და სხვა ფაქტორებით სულ სხვა ადგილასაც გაიფანტოს. ამიტომ ამ ნარჩენების შედარება მარჯნის ნიმუშებთან გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო.

ხეების მსგავსად მარჯანსაც აქვს გარკვეული რგოლები, რომლითაც მისი დაახლოებითი ასაკის დადგენაა შესაძლებელი. მართალია, ისინი მეცნიერებს ოკეანის და ზოგადად წყლის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ აწვდიან, მაგრამ კარგი შემავსებლად იქცნენ დანალექი მასალისთვის.

"ძალიან რთული იყო ჩვენს ნიმუშებში პლუტონიუმის კვლევა, რადგან ის სამი ტონა პლუტონიუმი, რომელიც ზღვასა და ატმოსფეროში გაიშვა, დღეს გაბნეულია. ამიტომ ჩვენს ნიმუშებში ჩვენ მათ მხოლოდ მცირედ დარჩენილ ნაწილს ვაკვირდებით", — თქვა იოკოიამამ.

ოფიციალურად რომ ვთქვათ, ის გეოლოგიური ეპოქა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, არის ჰოლოცენი — ის 11 700 წლის წინ დაიწყო და სხვადასხვა სფეროს მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის დიდი ცვლილებები, რომლებიც ბოლო ათწლეულებში მოხდა (და ძირითადად ადამიანის საქმიანობით იყო განპირობებული), უნდა იქნას აღიარებული.

ამ მომენტისთვის არავის შეუძლია ზუსტად თქმა, თუ როდის დაიწყო ანთროპოცენი: ინდუსტრიულ პერიოდში, ნახშირბადის ემისიისას. მაგრამ ამ კვლევებმა ამ თარიღის განსაზღვრისთვის კარგი მიმართულება მისცა მეცნიერებს.

"ეს კვლევები მნიშვნელოვანია არა მარტო იმისთვის, რომ ანთროპოცენის დეფინიცია გამყარდეს, არამედ იმიტომაც, რომ ამ მეთოდის წარმატებით აპრობირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება ოკეანეებისა და კლიმატის მოდელების გასაუმჯობესებლად ან წარსული ცუნამიებისა და სხვა გეოლოგიური კატაკლიზემების საკვლევად", — ამბობს იოკოიამა.