ხელოვნური ინტელექტის ტვინთან დაკავშირებით კედლის მიღმა გახდევა შეგვეძლება — კვლევა
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანის ტვინის ტალღების გამოყენება, რათა დაინახოს, რა ხდება ადამიანის გარშემო და შექმნას იმ ობიექტთა ხატი, რომლის პირდაპირი დანახვაც ადამიანის თვალს არ ძალუძს.
მკვლევრებმა გლაზგოს უნივერსიტეტიდან აჩვენეს, რომ კომპუტაციური გამოსახულების ტექნიკის, რომელიც ცნობილია, როგორც "ჩრდილი გამოსახულება", ადამიანის მხედველობასთან კომბინირებით შესაძლებელია იმის ანალიზი, თუ როგორ ამუშავებს ტვინი კედელზე ძნელად დასანახ, მკრთალ რეფლექსიებს. ამ გზით იმ ობიექტების გამოსახულების აღდგენაა შესაძლებელი, რომელიც არ ექცევა ჩვენი მხედველობის არეალში.
აქამდე "ჩრდილი გამოსახულება" გამოიყენებოდა თვალისთვის მიუწვდომელ კუთხეებში არსებული ობიექტების დასანახად და გულისხმობდა ლაზერის გაშვებას ზედაპირზე, კუთხეში და უკან — კამერის სენსორზე. შემდეგ ალგორითმის გამოყენებით ხდებოდა არეკლილი სხივების დეკოდირება და ობიექტის იდენტიფიცირება. ახალ კვლევაში მეცნიერები კამერის ნაცვლად ადამიანის თვალს იყენებენ. ამ შემთხვევაში ხდება ტვინის ვიზუალური პასუხის ჩაწერა და იმ ალგორითმისთვის გადაცემა, რომელიც ამ მონაცემებს იყენებს საბოლოო გამოსახულების რეკონსტრუქციისთვის.
ექსპერიმენტში დამალული, უხილავი ობიექტი სინათლის პატერნებისგან შედგებოდა — პროექტორი ანათებდა მუყაოსგან ამოჭრილ ფიგურაზე, ნათქვამია New Atlas-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კედლის მეორე მხარეს მდგომ ადამიანს მხოლოდ თეთრ კედელზე დიფუზირებული სინათლის დანახვა შეუძლია, რაც არაა საკმარისი თავდაპირველი ობიექტის აღსადგენად. ზუსტად აქ ერთვება ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი.
ადამიანი იხურავს თავზე EEG-ის ჩაფხუტს, რომელიც მის მხედველობით კორტექსში არსებულ სიგნალებს კითხულობს. ეს სიგნალები შემდეგ გადაეცემა ლეპტოპს, რომელშიც ჩაწერილია AI ალგორითმი. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არეკლილ სინათლეს ადეკოდირებს და აღადგენს ობიექტის გამოსახულებას. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ მათ ტექნიკას შეუძლია, წარმატებით აღადგინოს 16X16 პიქსელის მარტივი გამოსახულებები, რომლებიც ადამიანის თვალისთვის უხილავია. მათ ასევე აჩვენეს, რომ ფიგურის ამოჭრამ გამოსახულების აღსადგენად საჭირო დაკვირვების დრო დაახლოებით ერთ წუთამდე შეამცირა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის მხედველობის გამოყენებით გამოსახულების კომპუტაციურმა გამოყვანამ შეძლო ტვინის აქტივობით რეალურ დროში გამოსახულებების რეკონსტრუქცია", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, დანიალ ფაციო.
ახალი კვლევა არის ადამიანის ინტელექტისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინირებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ გეგმავენ სამგანზომილებიანი გამოსახულებების აღდგენას და მაშინ უკვე რამდენიმე დამკვირვებლის მონაცემებს გამოიყენებენ.
კომენტარები