თუ ეს სცენარი ახდა, მზის სისტემას განადგურება ელის — რისი უნდა გვეშინოდეს?
მზის სისტემა ამჟამად საკმაოდ სტაბილურია და ასეთი იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ რა მოხდება თუ მასში შემავალი ციური სხეულების გრავიტაციული ჰარმონია დაირღვევა?
ამის გასაგებად, მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ თუ ოდესმე რომელიმე ვარსკვლავი ზედმეტად მოგვიახლოვდება და მისი მიზიდულობის ძალის გავლენით ურანსა და მზეს შორის დისტანცია 0.1 პროცენტით შეიცვლება, კარგი დღე არ გვიწერია.
შესაძლებელია, სისტემის დაშლა ყველაზე პატარა პლანეტიდან, მერკურიდან დაიწყოს. მისი პერიჰელიონი, ანუ მზესთან ყველაზე ახლო ორბიტული წერტილი ყოველ 1 000 წელში 1.5 გრადუსით იცვლება, თითქმის ისე, როგორც აირის გიგანტად წოდებული იუპიტერის შემთხვევაში. თუ მათი ეს მაჩვენებელი გათანაბრდება და რეზონანსს (თანხვედრას) მივიღებთ, არის 1 პროცენტი შანსი, რომ მომდევნო 3-4 მილიარდ წელში მერკური სისტემიდან გავარდება. მეორე სცენარით კი ვენერას, მზეს ან დედამიწას შეეჯახება.
სპეციალისტები სულ 2 880 სიმულაციას დააკვირდნენ. აქედან ცვლილებების უმეტესობა ქაოსით არ დამთავრებულა. ამის მიუხედავად, ზოგში ვენერა მერკურის შეეჯახა, დედამიწა კი მარსს, ხოლო ზოგში ურანი, ნეპტუნი და მერკური მზის სისტემის გარეთ აღმოჩნდა.
მკვლევართა გამოთვლებით, იმის ალბათობა, რომ ვარსკვლავი ასე ძალიან მოგვიახლოვდება და მთელ ამ კატასტროფას გამოიწვევს, 100 მილიარდ წელში მხოლოდ 20-ია, ამიტომ შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდება.
კომენტარები