რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის — რა უნდა ვიცოდეთ
დღეს, 7 ივლისს, ჩვენს პლანეტას ავტობუსის ზომის ასტეროიდი ჩაუვლის. ასტრონომების თქმით, ის საკმაოდ ახლოს იქნება, სულ რაღაც 90 000 კილომეტრის დაშორებით (კოსმოსის მასშტაბებით ეს ძალიან მცირე მანძილია). ეს დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული საშუალო მანძილის 23 პროცენტია. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სულ რამდენიმე დღის წინ, არავინ იცოდა, ამ ასტეროიდის შესახებ.
NASA-ს მეცნიერების თქმით, საშიში არაფერია და ასტეროიდი პლანტას უსაფრთხოდ ჩაუვლის.
ასტრონომებმა ასტეროიდი პანორამული კვლევის ტელესკოპისა და სწრაფი რეაგირების სისტემის (Pan-STARRS) მონაცემების გამოყენებით აღმოაჩინეს. ჰავაიზე დაფუძნებული ამ სისტემის მთავარი მიზანი დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტების, ანუ NEO-ების დაფიქსირებაა.
საინტერესოა, რომ პირველად ასტეროიდის დაფიქსირება სულ რაღაც 4 ივლისს მოხერხდა. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ ობიექტის მასა და ტრაექტორია. თუმცა, ამის ახსნა შეიძლება ასტეროიდის პატარა ზომაში იყოს. ასტეროიდი საკმაოდ მცირეა ზომაში, იმისთვის რომ ის დედამიწისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ ჩაითვალოს.
მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, ასტეროიდის დანახვა ზოგიერთი ტელესკოპით შესაძლებელი იქნება. ასტეროიდი დედამიწას თბილისის დროით დაახლოებით 18:00 საათზე ჩაუვლის.
NASA აქტიურად იკვლევს მსგავს ციურ ობიექტებს, ზოგი მათგანი თავისი ზომებიდან გამომდინარე ნამდვილად საშიშია პლანეტისთვის.
ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში, NASA-მ გაუშვა კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით Double Asteroid Redirection Test (DART), რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე 160 მეტრის სიგანის ასტეროიდს შეეჯახება. შეჯახების მიზანი ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლაა.
შეჯახება არ გაანადგურებს ასტეროიდს, მაგრამ ამით შეიძლება ობიექტს ორბიტა შეუცვალოს. მისია ხელს შეუწყობს ასტეროიდის გადახრის სიცოცხლისუნარიანობის გამოცდას და მომავალში მსგავსი მისიები საჭიროების შემთხვევაში უფრო ინფორმირებულები ვიქნებით.
კომენტარები