ნიუ-იორკში მარტოხელა მოხუცებზე რობოტები იზრუნებენ
ნიუ-იორკში მარტოხელა მოხუცების მოვლასა და გართობაზე 800-ზე მეტი რობოტი იზრუნებს. Smithsonian Magazine-ის ინფორმაციით, რობოტები შექმნილია 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. Siri-სა და Alexa-ს მსგავსად, ElliQ-ს შეუძლია უპასუხოს კითხვებს, ესაუბროს ადამიანს, შეგვახსენოს კონკრეტული ინფორმაცია და სხვა.
"ElliQ-ს ძალიან ბევრი კარგი მახასიათებელი აქვს. მას შეუძლია დაიმახსოვროს ინდივიდთან ინტერაქცია, ფოკუსირებულია მეპატრონის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე. მეტიც, სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებისთვისაც გამოსადეგია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ინდივიდებისთვის: მოგონებები, მეგობრობა და სითბო", — თქვა გრეგ ოლსენმა, ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა.
მარტოობის ეპიდემია
მარტოობა ხანდაზმულებისთვის ერთგვარი ეპიდემიაა. გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მარტოობისა და იზოლაციის შედეგები ჯანმრთელობისთვის თითქმის იგივე შედეგის მომცემია, რაც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი. ეს არის ის სევდიანი და სამწუხარო რეალობა, რომელიც ბევრი მოხუცის ყოველდღიურობაა.
შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ElliQ გარკვეულ დახმარებას გაუწევს მარტოხელა მოხუცებს. ეს შეიძლება სულაც ახალ ტრენდად იქცეს და მალე სულ უფრო მეტი რობოტი ვნახოთ მოხუცებთან ერთად. ერთი რამ ფაქტია, ჩვენი სამყარო მუდმივად იცვლება და მომავალი არასდროს იქნება ისეთი როგორიც აწმყოა.
კომენტარები