კვლევამ აჩვენა, რომ დისლექსიას გასაოცარი ევოლუციური სარგებელი აქვს
კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ დისლექსიის ნევროლოგიური ელემენტები შეიძლება ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა გარემოებებში.
დისლექსია ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც წერისა და კითხვის პრობლემებს ქმნის. ნევროლოგიის მსოფლიო ფედერაცია განსაზღვრავს დისლექსიას, როგორც "აშლილობას ბავშვებში, რა დროსაც ვერ ხერხდება კითხვის, წერისა და მართლწერის ენობრივი უნარების განვითარება". თუმცა, ახლა შეიძლება ჩვენი პერსპექტივები შეიცვალოს.
კვლევის მიხედვით, დისლექსიის მქონე ადამიანები მიმართულნი არიან ახლის შემეცნებისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინს, რომელსაც უჭირს დაწერილი სიტყვების სწრაფად გააზრება, უადვილდება გარემოს შესწავლა და მისი გააზრება. ეს მას უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. მიგნება განსხვავდება წინა კვლევებისგან, სადაც დისლექსიას ცალმხრივად მინუსად აღიქვამდნენ.
გადააზრება
"დისლექსიაში მხოლოდ უარყოფითის დანახვა არ არის სწორი. ახალი კვლევა გვეხმარება უკეთ გავიგოთ დისლექსიის მქონე ადამიანების კოგნიტური შესაძლებლობები", — ამბობს ჰელენ ტეილორი, კემბრიჯისა და სტრატკლაიდის უნივერსიტეტების მკვლევარი.
კვლევამ გამოავლინა, რომ დისლექსიის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო მეტად უჭირთ პროცედურული სწავლება, ვიდრე არადისლექსიურ ადამიანებს, მაგრამ ორივე ჯგუფს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
"როდესაც კონკრეტული უნარი ავტომატიზირებული ხდება, ადამიანი არსებითად იყენებს იგივე ინფორმაციას ისევ და ისევ. საპირისპიროდ, თუ ინდივიდს უჭირს ავტომატიზაცია, ის უფრო აქტიურად ინარჩუნებს ცნობიერ პროცესს. ამის დადებითი ის არის, რომ კონკრეტული უნარი ან პროცესი შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს და დასწავლაც გაგრძელდეს", — ამბობს ტეილორი.
ჩვენი წინაპრები ევოლუციას განიცდიდნენ და ეს ისახებოდა ახალი ცოდნის ძიებასა და უკვე მიღებული ცოდნის გააზრებაში. მას ვისაც კონკრეტული ცოდნა თუ შესაძლებლობა არ აქვს, შეიძლება გაუჩნდეს ახალი ცოდნის მიღების პერსპექტივები. გადარჩენისთვის ჩვენ უნდა დავაბალანსოთ არსებული რესურსების ექსპლუატაციისა და ახალი რესურსების შესწავლის საჭიროება.
რაც მნიშვნელოვანია, კვლევამ დაასკვნა, რომ ის განსხვავებები რაც დისლექსიას ახასიათებს, ევოლუციური გაგებით არ არის "დაწუნებული". მეტიც, ეს მახასიათებლები სწორედაც რომ ევოლუციის დროს შეირჩა. მარტივად რომ ვთქვათ, ის ეფექტი რაც დისლექსიას შეიძლება მოჰყვეს, პოპულაციას მრავალფეროვნებისთვის სჭირდებოდა. დისლექსიის მქონე ადამიანებს შეეძლოთ ისეთი რაღაცეების გაკეთება, რასაც სხვები ვერ იზამდნენ, შესაბამისად მათ პოპულაციაში მნიშვნელოვანი როლი ეკავათ.
ასევე საინტერესოა, რომ კვლევას სხვდასხვა დისციპლინებიდან მიღებული მონაცემებიც ამყარებს. საბოლოოდ, ეს ნიშნავს, რომ დისლექსიის თანმდევ ეფექტებს ადამიანის ევოლუციის კურსზე მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა და ეს გარემოს მიმართ ადაპტირებაში უნდა ასახულიყო.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 24 ივნისს, ჟურნალში Frontiers in Psychology.
კომენტარები