დიდი პრემიერა შედგა! ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი წარმოგიდგენთ ნამაი ვაკეს
აუზის ფონზე მოჩანს თბილისის პანორამული ხედი. მზე ოქროს საათებს ითვლის. 2022 წლის 22 ივნისს ნამაი ვაკე საზეიმოდ გაიხსნა და ახლა უკვე მზად არის მაცხოვრებლების მისაღებად. თუმცა, სანამ სოციალურ ქსელში "ჰეფი ენდინგით" პოსტვას გავაგრძელებდეთ, დღეს შეგვიძლია შევჩერდეთ, ეზოს სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქოთ და ნამაის ისტორია კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად ერთი ამოსუნთქვით გიამბოთ.
თხრობას დავიწყებთ იქ, სადაც ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის დამფუძნებელი, როლანდას ზახარევიჩუსი ოჯახთან ერთად საქართველოს ესტუმრა და ერთი ნახვით შეუყვარდა ეს ქვეყანა. ამ მომენტში გადაწყდა, რომ კომპანია, რომელიც აქამდე სამშენებლო მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე ოპერირებდა, საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებდა.
პირველი პროექტი დედაქალაქში დაიგეგმა და სახელიც ისეთი შეირჩა, როგორი ემოციებიც როლანდასში საქართველომ აღძრა: "ნამაი", სიტყვა, რომელიც ლიეტუველებისთვის სახლის სიმყუდროვესა და ახლო ადამიანებთან ასოცირდება.
სამშენებლო ენაზე ამის გადათარგმნა მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებით უნდა მომხდარიყო. ის, რაც დღევანდელი საუკუნის ოჯახს ყველაზე დიდ კომფორტს და ხელშესახებ უპირატესობას შეუქმნიდა — კომპლექსის ენერგოეფექტურობა იყო. ასე ჩაეყარა საფუძველი ნამაი ვაკეს — ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს საქართველოში.
შუადღე. ისმის ჭრიჭინის ხმა. თაკარა მზეა, მაგრამ ბაღში ჩრდილია და ნიავი უბერავს. მზე სადაც საჭიროა იქ აცხუნებს, კორპუსების სახურავებზე მდგარ მზის პანელებზე.
ამ პანელებს აქვთ სრულიად საკმარისი რესურსი იმისა, რომ საერთო სივრცეების განათების ხარჯი შენობამ თავად დაფაროს და ენერგოეფექტურობის მხრივ, ეს მხოლოდ შესავალია.
თუ ამ მშვენიერ ზაფხულის დღეს მოსაღამოვებასთან ერთად უცებ გაწვიმდება, ტერიტორიაზე განთავსებული წვიმის შემგროვებელი ავზი ამ წყალს დააგროვებს, რომელსაც შემდგომში მორწყვისა და სხვა ტექნიკური სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ.
ბაღი გამწვანებულია და სულ ასე იქნება. სახურავიდან მოჩანს როგორ კრეჭს მებაღე ბილიკთან გამავალ ბუჩქებს.
პირველი, რასაც ზაფხულში, ნამაის ბინაში შემოსული სტუმარი აღნიშნავს, სიგრილე იქნება. კიდევ იმასაც აუცილებლად აღნიშნავს, რომ სახლი ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩვენ ისევ ენერგოეფექტურობას მივუბრუნდეთ.
ეს სიგრილე შემთხვევითი არაა, შენობის კედლები და ფანჯრები შესაბამისი მასალებისგანაა დამზადებული, რაც ე.წ. "თერმოსის ეფექტს" ქმნის და საქმეც ამაშია. თუმცა აქ რეკუპერატორის დამსახურებაც უნდა აღვნიშნოთ, რომელსაც ბინიდან ამონასუნთქი ჰაერი გააქვს და ოთახში სუფთა, განახლებული ჰაერი შემოაქვს. ვითომ დეტალია, მაგრამ ასეთი პატარა, ინჟინრული გადაწყვეტები ქმნის სახლს, რომლიდანაც გამოსვლა არ გინდა ხოლმე, შესვლა კი ძალიან გახარებს.
ყველა მაცხოვრებელს სახლში კონდიციონერი (თითოეულ ოთახში), ინდუქციური ქურა და სველ წერტილებში ჩაშენებული უნიტაზის ავზი დახვდება. გათბობაზე უფრო დეტალურად მაშინ გიამბობთ, როცა გვიანი შემოდგომა მოგვიკაკუნებს კარს და აქაური მაცხოვრებლები იატაკქვეშა გათბობის სიკეთეებს შეიგრძნობენ.
ეს კომფორტის უხილავი ნაწილები მხოლოდ შეიგრძნობა, მაგრამ დაკვირვებული სტუმრის თვალს რაც ნამდვილად არ გამოეპარება, ეს მაღალი ხარისხის ხის იატაკი იქნება. აღნიშნავს და შემდეგ თვალი ტერასისკენ გაეპარება, რომელიც მაცხოვრებელმა ტკბილ ლუკმად, ბოლოსთვის მოიტოვა.
შენობაში მაცხოვრებელი შემოდის, კონსიერჟს ესალმება და ლიფტის კარს იქით უჩინარდება.
დიდ საპრემიერო ბლოგში სერვისების შესახებაც უნდა გიამბოთ, სხვანაირად არ გამოვა. შეგვიძლია კონსიერჟს დავეკითხოთ, უკაცრავად, ხომ ვერ გვეტყვით, ნამაის მაცხოვრებლები კიდევ რა უპირატესობებით სარგებლობენ? კონსიერჟი იწყებს ჩამოთვლას:
- სავარჯიშო დარბაზი;
- ეზოს მებაღე ჰყავს;
- ყველა ოჯახს აქვს საკუთარი სათავსო;
- ჩემი, უკაცრავად, კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურება [უხერხულად იღიმის];
- უსაფრთხოება/დასუფთავების სამსახური, თავისთავად;
მოჩანს თბილისის პანორამული ხედი. ახლა უკვე ღამეა. მთავარი შემოსასვლელიდან მანქანა შემოდის და მიწისქვეშა პარკინგში უჩინარდება. ჰო, მართლა, ბინის საფასურში, ოჯახს 1-3-მდე პარკინგის სივრცე ეკუთვნის, თქვენი სტუმრებისთვის კი, ღია სივრცეში დამატებითი პარკინგია გათვალისწინებული.
ფოტო: ნამაი ვაკე
ფოტო: ნამაი ვაკე
მანქანის ჩასვლასთან ერთად, ეზოში ისევ სიჩუმე ისადგურებს.
დღეისთვის თხრობა საკმარისია, ხვალ გათენდება, ნამაიც უკვე ქალაქის ყოველდღიურ რუტინას შეუერთდება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი, უბრალოდ ვიღაცის მყუდრო სახლად, "ნამაიდ" გადაიქცევა.
კომენტარები