მეცნიერებმა დაადგინეს, რატომაა იუპიტერი ასეთი დიდი — მიზეზი სხვა პლანეტების შთანთქმაა
ახალი კვლევა მიუთითებს, რომ იუპიტერი ზომაში ასეთი დიდი სხვა პლანეტების ჭამით გახდა. Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გიგანტური გაზის პლანეტა "სავსეა" რამდენიმე პატარა პლანეტით.
"იუპიტერი იყო ერთ-ერთი პირველი პლანეტა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს მზის სისტემაში", — განუცხადა Live Science-ს ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა იამილა მიგელმა.
თუმცა, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს გიგანტური პლანეტა. კვლევის ფარგლებში, NASA-ს კოსმოსური ზონდის ჯუნოს მიერ გადაღებულმა სურათებმა ჯგუფის წევრებს საშუალება მისცა, იუპიტერის კლდოვანი ბირთვი შეესწავლათ.
"ქიმიური შემადგენლობა მიუთითებს, რომ იუპიტერმა ოდესღაც პატარა პლანეტები შთანთქა და ამით ზომაში მნიშვნელოვნად გაიზარდა", — იტყობინება Live Science.
მიგელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯუნომ მკვლევრებს საშუალება მისცა შეეგროვებინათ ახალი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია იუპიტერის ზუსტად შესასწავლად.
"ჯუნომ მოგვაწოდა გრავიტაციის ძალის ზუსტი მონაცემები. ეს არის უნიკალური მონაცემები, რომელთა მიღება მხოლოდ პლანეტის გარშემო ბრუნავისას კოსმოსური ხომალდით შეგვიძლია", — თქვა მიგელმა.
არსებობს ორი მოსაზრება თუ როგორ გაუჩნდა იუპიტერს კლდოვანი ბირთვი. ერთი თეორია ვარაუდობს, რომ პლანეტა შედგება მილიარდობით პატარა კოსმოსური ქვისგან. მეორე თეორია კი, რომელიც ახალ კვლევასთანაა დაკავშირებული, ამტკიცებს, რომ პლანეტის ბირთვი ჩამოყალიბდა რამდენიმე მცირე პლანეტის შთანთქმით.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იუპიტერის ფორმირების უფრო ღრმა გაგებასთან ერთად, ასევე მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა სხვა პლანეტები წითელი გიგანტის მიღმა, როგორიცაა სატურნი, ურანი და ნეპტუნი.
იუპიტერი, დედამიწიდან დაახლოებით 780 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა. ამის მიუხედავად მისი შესწავლა მეცნიერებისთვის პრიორიტეტია. იუპიტერთან დაკავშირებული კვლევები სულ უფრო საინტერესო ხდება. გასულ ივლისში, ნასამ იუპიტერის მთვარე ევროპა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ის პოტენციურად სიცოცხლისუნარიანია.
კომენტარები