მეცნიერების თქმით, მზის აქტივობა თანამგზავრების დედამიწაზე ჩამოცვენისკენ უბიძგებს
როგორც Space.com იუწყება, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერებს მოუწიათ, Swarm-ის ხელოვნური თანამგზავრები ორბიტაზე დაებრუნებინათ, რადგან ისინი ქაოტური კოსმოსური ამინდის გამო "იძირებოდნენ". აღსანიშნავია, რომ Swarm მისიის მიზანი დედამიწის მაგნიტური ველის გაზომვაა.
"გასული 5-6 წლის განმავლობაში ხელოვნური თანამგზავრები წელიწადში 2.5 კმ სიჩქარით იძირებოდნენ", — განუცხადა Space.com-ს Swarm-ის მისიის მენეჯერმა, ანია სტრომმა. მან ისიც აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე ხელოვნური თანამგზავრების ორბიტისგან დაშორების სიჩქარე წელიწადში 20 კმ-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორბიტაზე ყოფნისას, დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით, ხელოვნური თანამგზავრები ისედაც ჩვენი პლანეტისკენ არიან მომართულნი, კოსმოსური ამინდი, ESA-ის მიხედვით, კიდევ უფრო მეტად წევს მათ ქვემოთ. საერთაშორისო კოსმოსური სადგური სწორედ ამიტომ ახორციელებს ხშირ მანევრებს, რომ თავი ორბიტაზე შეინარჩუნოს და ჩამოვარდნას გადაურჩეს.
Space.com ასევე იუწყება, რომ გასული წლის შემოდგომის შემდეგ მზე უცნაური აქტივობებით ხასიათდება.
მზის მზარდი ლაქა ზომაში გაორმაგდა და იგი პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული, თუმცა, მეცნიერების თქმით, ამაზე არ უნდა ვიღელვოთ. ეს მოვლენა, შესაძლოა, ხელოვნური თანამგზავრების ჩაძირვასთან არ იყოს დაკავშირებული, თუმცა იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კოსმოსი — გარემო, რომელშიც ჩვენი პლანეტა არსებობს, მუდმივად ცვალებადია.
კომენტარები