თუ ოჯახში შესყიდვები შენ გაბარია, მარტივად შეამჩნევდი, რომ ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო თუ ამ საქმეს შენ ნაცვლად სხვები აგვარებენ, მათგან მაინც მოისმენდი, რომ ყველაფერს "ცეცხლის ფასი უკიდია".

მხოლოდ ერთი კერძის ინგრედიენტების შეძენაც საკმარისია რომ მიხვდე — საქართველოში მაღალი ინფლაციაა.

სწორედ ინფლაციაზე დაკვირვების მიზნით, On.ge-მ კიტრისა და პომიდორის სალათისთვის საჭირო ინგრედიეტების ფასები გასული წლების მაჩვენებლებს შეადარა. ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო, რა ღირს ამ სალათის მოზადება ახლა და რამდენი გვიჯდებოდა წინა წლებში.

სალათის რეცეპტი

კიტრი პომიდვრის სალათს ყველა საკუთარი გემოვნებით ამზადებს. ჩვენ კი ამ კერძის რეცეტის მხოლოდ საბაზისო ინგრედიენტები გამოვიყენეთ.

  • კიტრი — 0,5 კგ;
  • პომიდორი — 0,5 კგ;
  • მწვანილი — 100 გრ;
  • წიწაკა — 10 გრ;
  • ზეთი — 20 მილილიტრი;
  • ხახვი — 20 გრ.

საქსტატის მონაცემებით, ამ ინგრედიენტების საშუალო ღირებულება წლების განმავლობაში ასე იცვლებოდა:

შენიშვნა: ინფორმაცია ფასების შესახებ არის ზოგადი ხასიათის და არ ასახავს რომელიმე კონკრეტული სახეობის და ხარისხის პროდუქტის ფასს.

ფოტო: წყარო: საქსტატი

შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტის მიხედვით, ერთი ულუფა კიტრი პომიდვრის სალათის მომზადება დღეს დაახლოებით 5,35 ლარი დაგიჯდებათ. გასულ წლის მაისში იმავე კერძის საშუალო ღირებულება 3,47 ლარი იყო — შესაბამისად, ბოლო ერთ წელში სალათი 54,3%-ით არის გაძვირებული.

სალათის მომზადების ღირებულება ბოლო წლებში ასე იცვლებოდა:

  • 2020 წლის მაისი — 3,86 ლარი;
  • 2019 წლის მაისი — 3,61 ლარი;
  • 2018 წლის მაისი — 2,91 ლარი.

ინფლაცია

ბოლო ორი წელია, რაც საქართველოში მაღალი ინფლაციაა. ფასები განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზეა გაზრდილი, რაც მოსახლეობის სამომხმარებლო კალათას მნიშვნელოვნად ამძიმებს. ბოლო მონაცემებით, მაისში ფასების დონე 13,3%-ით გაიზარდა.

საქსტატი ინფლაციის მაჩვენებელს 308 დასახელების პროდუქტისა და მომსახურების ფასებზე დაკვირვებით ითვლის. ოფიციალური მონაცემებით, მაისში წლიურად 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის 9 სურსათს მიეკუთვნებოდა.

ასეთია იმ 10 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც მაისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 297,3%-ით;
  2. კიტრი — გაძვირდა 110,3%-ით;
  3. ყურძენი — გაძვირდა 72,4%-ით;
  4. ქლიავი — გაძვირდა 69,6%-ით;
  5. კარტოფილი — გაძვირდა 67,3%-ით;
  6. მარგარინი — გაძვირდა 58,2%-ით;
  7. სიმინდის ფქვილი — გაძვირდა 56,4%-ით;
  8. ბადრიჯანი — გაძვირდა 52,9%-ით;
  9. დიზელის საწვავი — გაძვირდა 49,4%-ით;
  10. წიწაკა — გაძვირდა 48%-ით.

ინფლაციის დარეგულირების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სესხებზე პროცენტი გაზარდა. ბანკის მიზანია, ამ ნაბიჯით ეროვნულ ვალუტაში დაზოგვაც წაახალისოს, რათა ადამიანებს ფულად სახსრებზე ნაკლები წვდომა ჰქონდეთ — ამის შედეგად, შემცირდეს საერთო მოთხოვნა, ხოლო ამან ფასების ზრდას შეუშალოს ხელი. ამის მიუხედავად, ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს 10 პროცენტული პუნქტით აღემატება.