როგორ დავიწყოთ ექსპორტი
არ არსებობს ბიზნესი, რომელიც არ ოცნებობს საკუთარი პროდუქტის მსოფლიოში გავრცელებაზე, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია და არაერთი ეტაპის გავლას მოითხოვს.
ექსპორტის პროცესი კონტაქტების მოძიებით იწყება და მარაგების მართვით სრულდება. ეს მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც უკვე იცი, სად და როგორ უნდა გაყიდო შენი პროდუქტი. ამასთან, ექსპორტის დაწყებამდე ბაზრის კვლევა უნდა ჩაატარო და საკუთარი პოტენციალი შეაფასო. ჩვენ ამ სტატიაში ექსპორტის დასაწყებად გადასადგმელ პირველ ნაბიჯებს მიმოვიხილავთ.
I ნაბიჯი — შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები
ამ საქმეში თვითშეფასება სწორი აქტივობების დასაგეგმად ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. შენ უნდა განსაზღვრო, გაქვს თუ არა ბიუჯეტი გლობალური მარკეტინგული კამპანიისთვის — თარგმნო ვებგვერდი უცხო ენაზე, დაბეჭდო სარეკლამო პროდუქცია, ეწვიო გამოფენებს და სხვა.
ამ დროს მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე, რა არის შენი წარმადობა — დიდი საწარმო ავტომატურად არ ნიშნავს მაღალი ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიას, რადგან, ელექტრონული კომერციის პირობებში, ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია.
აქვე აუცილებელია, შეაფასო შენი გუნდის კვალიფიციურობა. დაფიქრდი, შეუძლია თუ არა შენს გუნდს უცხოეთში ვაჭრობა? — ამისთვის, მათ, მინიმუმ, უცხო ენა უნდა იცოდნენ.
II ნაბიჯი — შეარჩიე ბაზრები
ბაზრის შერჩევის არაერთი მეთოდი არსებობს. მათ შორის შესაძლებელია ავტომატიზებული პროგრამებით ბაზრის პოტენციალის დადგენა, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე ინდიკატორების შერჩევა და სხვა სუბიექტური ფაქტორების შედარება.
ავტომატური შერჩევის პროგრამების გამოყენება მარტივია — მათი დახმარებით შეგიძლია შეაფასო ყველა იმ ქვეყნის პოტენციალი, სადაც ვაჭრობა მომგებიანი შეიძლება იყოს.
მაგალითად, ეს პროგრამა ალგორითმის საფუძველზე აანალიზებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გადაწყვიტო, რომელ ბაზარზე იქნებოდა შენთვის უკეთესი შესვლა. პროგრამა აჩვენებს, რამდენად გაჯერებულია კონკრეტული ბაზარი და რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება მისი სრულად ათვისება.
III ნაბიჯი — გამოიკვლიე ბაზარი
ბაზრის კვლევა საჭიროა იმისთვის, რომ დაიგეგმოს ექსპორტის სტრატეგია. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დამწყები ექსპორტიორებისთვისაა.
არაერთი უფასო კვლევა არსებობს, რომელსაც უპირატესობებიც აქვს და ნაკლოვანებებიც. მსგავსი კვლევის უპირატესობა დროისა და ფინანსების დაზოგვაშია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი დამზადებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება.
გარდა ამისა, არსებობს არაერთი ფასიანი კვლევის პორტალი, რომელიც სხვადასხვა მიზნობრიობის კვლევას გვთავაზობს. მათი საშუალებით რეალურ დროში გაიგებ, რა ხდება კონკრეტულ ბაზარზე. ასეთი კვლევების ბიუჯეტი 2 000-დან 5 000 დოლარამდე მერყეობს.
რომელი ტიპის კვლევას აირჩევ, ეს შენს სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
IV ნაბიჯი — შექმენი ექსპორტის გეგმა
მას შემდეგ, რაც უკვე შეაფასებ საკუთარი კომპანიის ექსპორტის პოტენციალს, შეარჩევ ბაზარს და გადაწყვეტ, როგორ განახორციელო ბაზრის კვლევა, ყველა ეს ინფორმაცია გარკვეული აქტივობების დასაგეგმად უნდა გამოიყენო — ეს ექსპორტის მარკეტინგული გეგმაა.
როგორც წესი, ექსპორტის გეგმა სამუშაო დოკუმენტია, რომელიც პერიოდულად იცვლება. ის უნდა იყოს გაწერილი რამდენიმე წელზე და მოიცავდეს მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. ამასთან, ეს მიზნები აუცილებლად უნდა იზომებოდეს.
მოკლევადიანი გეგმები 12-და 18-თვემდე პერიოდს მოიცავს და ძირითადად იმაზეა ორიენტირებული, თუ რა ღირებულების და მოცულობის ექსპორტის განხორციელება გსურს. გრძელვადიანი გეგმები კი უფრო შორეულ პერსპექტივას აფასებს და ისეთ მიზნებს მოიცავს, როგორიცაა საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირების საკითხი და სხვა.
V ნაბიჯი — არ გაჩერდე
ექსპორტის დაწყება ბევრ ნიუანსთანაა დაკავშირებული და ამ საქმეში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ზემოხსენებული ოთხი ნაბიჯის გადადგმა საკმარისი არაა. ეს ერთი დიდი და უწყვეტი პროცესია, სადაც ყოველდღე უამრავ სიახლეს აღმოაჩენ და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევს. ამიტომაც აუცილებელია, არ გაჩერდე და მუდმივად ისწავლო ახალი. ამაში კი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსი დაგეხმარება.
ბიზნესკურსის — როგორ დავიწყოთ ექსპორტი — გავლის შემდეგ გაიგებ, რა განსხვავებაა ექსპორტის ციკლსა და ექსპორტის პროცესს შორის. ასევე გეცოდინება, თუ როგორ უნდა შეაფასო ექსპორტის პოტენციალი სხვადასხვა ბაზარზე. კურსს ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გვანცა მელაძე უძღვება. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსიები იმართება, სადაც ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებულ აქტივობებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიმოიხილავენ.
ექსპორტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და კურსზე დასარეგისტრირებლად მიჰყევი ამ ბმულს.
კომენტარები