ჩვენი ტვინი, შესაძლოა, დანარჩენ სხეულზე უფრო ცხელი იყოს
პატარა კვლევის თანახმად, ჯანმრთელი ადამიანის ტვინი, შესაძლოა, იმაზე ცხელი იყოს, ვიდრე გვეგონა. მისი ტემპერატურა ქალებში დაახლოებით 41°C-ს აღწევს.
ნინა ჟეჩორზეკი კემბრიჯის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიიდან ამბობს, რომ აღმოჩენამ, შესაძლოა, ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებში სამედიცინო ჩარევის მიდგომა შეცვალოს. "ეს ახალ პერსპექტივას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ტვინი".
აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ტვინის ნორმალური ტემპერატურა ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორც დანარჩენი სხეულის — 37°C, მაგრამ ეს დაზუსტებით არავინ იცოდა.
ჟეჩორზეკის გუნდი 40 ჯანმრთელი ადამიანის ტვინს დააკვირდა, რომელთაგან ნახევარი ქალი იყო. დაკვირვებისთვის მათ შედარებით ახალი ტექნოლოგია — მაგნიტურ-რეზონანსული სტერეოსკოპია გამოიყენეს, რომელიც ტვინის სხვადასხვა ნაწილების ტემპერატურის გასაზომად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატს იყენებს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტექნოლოგია დღის განმავლობაში და მენსტრუალური ციკლის დროს ტვინის ტემპერატურის ცვლილების გასაზომად გამოიყენეს. კვლევაში ტრანსგენდერი ადამიანები არ მონაწილეობდნენ.
მონაწილეთა ტვინის ტემპერატურა 36.1°-დან 40.9°C-მდე იცვლებოდა, საშუალო მაჩვენებელი კი 2.5°C-ით აღემატებოდა სხეულის ტემპერატურას, რომელიც მონაწილეებს პირში დაუფიქსირდათ. ჟეჩორზეკის თქმით, ეს ლოგიკურია, რადგან ტვინი მაღალი მეტაბოლური აქტივობით გამოირჩევა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თალამუსში დაფიქსირდა — ტვინის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ნაწილში, რომელიც, ამ ორგანოს სისხლძარღვებით ნაკლებად გრილდება. "ბირთვულ ნაწილში ტემპერატურა უფრო მაღალია", — ამბობს ჟეჩორზეკი. გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ ტვინი ღამით დაახლოებით 0.9°C-ით ცივდება, რაც, შესაძლოა, იმით იყოს განპირობებული, რომ ძილის დროს ამ ორგანოში უფრო დიდი სისხლის ნაკადი მიედინება.
კვლევაში მონაწილე ქალებში ტვინის ტემპერატურა მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ოვულაციასა და მენსტრუაციას შორის, ციკლის პირველ ნახევართან და კაცებთან შედარებით, 0.4°C-ით მაღალი იყო.
ჟეჩორზეკის თქმით, ექიმები ხანდახან ცდილობენ, ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს სხეულის ტემპერატურა დაუწიონ, რადგან მათი აზრით, მაღალი ტემპერატურა, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. მეცნიერმა დაამატა, რომ ეს მიდგომა გადახედვას საჭიროებს. "ვაკეთებთ დაშვებას, რომ გარკვეული ტემპერატურა, მაგალითად 40°C ნორმალური არაა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად მტკიცებულება არ გვაქვს", — ამბობს იგი.
კომენტარები