SCSA საქართველოში კომპიუტერული მეცნიერების ბანაკს აანონსებს — რა უნდა ვიცოდეთ
სამყაროს გაციფრულებას თავისი გამოწვევები აქვს — კრიმინალმა ინტერნეტში გადაინაცვლა. თუ კიბერთაღლითების მსხვერპლი ერთხელ მაინც არ გამხდარხართ, წესით გსმენიათ მაინც იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც ციფრულ სამყაროში ტრიალებს. ფიშინგი ერთ-ერთი გავრცელებული მათგანია. მაგრამ, ამ ყველაფერს მეორე, ნათელი მხარეც აქვს — კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც კიბერკრიმინალთან მუდმივ ჭიდილში არიან და ჩვენი კიბერჰიგიენის შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ როგორც კი სპეციალისტები ციფრული თაღლითობის აღკვეთის გზას გამოძებნიან, თაღლითები ახალი საზიანო საშუალებების შექმნის გზას ადგებიან.
ლოგიკურია, რომ კიბერუსაფრთხოების მხრივ მომავალი კიდევ უფრო მეტ გამოწვევას გვიმზადებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი თაობა ბავშვობიდანვე მოვამზადოთ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) ბავშვებისთვის უკვე ტრადიციულ კომპიუტერული მეცნიერების ბანაკს აწყობს. ბანაკი 20 ივლისიდან დაიწყება და 8 დღეს გასტანს. მასში მონაწილეობის მსურველებს კი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.
ბანაკში მოსწავლეები ინტენსიურ კურსს გაივლიან კიბერუსაფრთხოებაში, პროგრამირებაში, ვების მიმართლებით ან ციფრულ დიზაინში (ამ უკანასკნელში შედის ორგანზომილებიანი რასტრული და ვექტორული გრაფიკა, სარეკლამო გრაფიკა და მუშაობა ციფრულ გამოსახულებებთან).
"მთელ რეგიონში და ასევე საქართველოში ასეთი პროგრამების მნიშვნელობა არის ძალიან მაღალი, პირველ რიგში ქვეყნის კიბერ მიმართულების გაძლიერებისთვის. ზოგადად, კომპიუტერული მეცნიერება და კერძოდ კიბერუსაფრთხოება არის ისეთი მიმართულება, რომელსაც, უკეთესი შედეგების მისაღწევად, უნდა მიეჩვიო და აითვისო ბავშვობიდან. ბანაკი არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვი ამ მიმართულებით. ინტერესთან ერთად, უფრო სიღრმისეული შესწავლის შემდეგ, ბევრ ბავშვს უჩნდება სურვილი თავისი სამომავლო პროფესია ზუსტად ამ სფეროს დაუკავშიროს", — ამბობს გიორგი იაშვილი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
რაც შეეხება მონაწილეებს, ბანაკი განკუთვნილია 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის. როგორც SCSA-ში ამბობენ, პროგრამა მოიცავს კიბერუსაფრთხოებაში და კომპიუტერულ მეცნიერებაში მომზადების ინტენსიურ კურსს. ბანაკში გატარებული 8 დღის შემდეგ კი მონაწილეებს ექნებათ ცოდნა პროგრამირებაში, ვებტექნოლოგიებში, კიბერუსაფრთხოებასა და ეთიკურ ჰაკინგში. აღსანიშნავია, რომ ბანაკის პროგრამაში სასწავლო მოდულთან ერთად გათვალისწინებულია მრავალი სპორტული აქტივობა, თამაში, ექსკურსია და პროგრამის დასრულებისას მონაწილეები იძენენ ახალ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები აკავშირებთ.
"ბანაკის პროგრამაში შემავალი საგნები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის ზოგადი დიგიტალიზაციიდან გადმომდინარე, პროცესების უმრავლესობა დღეს გადავიდა ციფრულ სამყაროში, რაც ისეთ საგნებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება, ვები ან ციფრული დიზაინი, ხდის უფრო და უფრო მოთხოვნადს და საჭიროს", — აღნიშნავს გიორგი იაშვილი.
SCSA-ს კიბერუსაფრთხოების ბანაკების მოწყობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. როგორც გიორგი იაშვილი გვიყვება, პირველი ბანაკი 2018 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც წელიწადში 2-3 ნაკადს იღებდნენ. "ბანაკში ასწავლიან კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების დარგის წამყვანი ექსპერტები და პროფესორები. ხოლო საბანაკე პროგრამის ბოლოს ტარდება ფინალური შეჯიბრი, ჰაკათონი, სადაც მონაწილეები ასრულებენ კიბერუსაფრთხოების დავალებებს სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე".
აღსანიშნავია, რომ ბანაკების პრაქტიკა უცხოეთშიც აპრობირებული და გავრცელებულია. როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის აქტივობები ახალი თაობების კომპიუტერული მეცნიერებით, კიბერუსაფრთხოებით დასაინტერესებლად თუ ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანია. ამ მხრივ, ბოლო დროს საქართველოშიც აქტიური პროცესებია. დროთა განმავლობაში, მსგავსი თემატიკის ბანაკების რაოდენობა ჩვენთანაც იზრდება. თუმცა, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციაში ამბობენ, რომ მათი ბანაკი ხარისხით და პრაქტიკულობით გამოირჩევა:
"ბოლო წლების განმავლობაში, საბედნიეროდ კიბერუსაფრთხოების მიმართულება საქართველოში ვითარდება, რაც განაპირობებს მსგავსი პროგრამების შექმნას. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ბანაკი პირველ რიგში გამოირჩევა სასწავლო მოდულების მაღალი ხარისხით, რომელიც წარმოდგენილია დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ. საბანაკე პროგრამაში ინერგება ინოვაციური მიდგომები და მხოლოდ თანამედროვე პრაქტიკები.
ჩვენი პროგრამა არის უნიკალური თავისი მიდგომებით და ინოვაციური მოდელებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ასოციაციის გუნდი მუდმივად მუშაობს სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტზე, საბანაკე პროგრამის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გაიზიარონ ექსპერტების რეალური გამოცდილება, რაც სასწავლო პროცესს ხდის უფრო საინტერესოს და შედეგიანს. ჩვენი საბანაკე ინტენსიური პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეები აგრძელებდნენ კომუნიკაციას, სწავლას და ერთვებოდნენ მრავალ აქტივობაში, როგორც სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციაში, ასევე დამოუკიდებლად. ეს და სხვა ფაქტორები კი, საერთო ჯამში, განაპირობებს საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულების განვითარებას", — ამბობს მაქსიმ იავიჩი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი.
SCSA უკვე ოთხი წელია კიბერუსაფრთხოების ბანაკებს აწყობს, მეხუთე წლის ნაკადს კი ამ ზაფხულს ელოდება. როგორც მაქსიმ იავიჩი გვიყვება, ამ პერიოდის განმავლობაში მათ შეძლეს კიბერუსაფრთხოების დარგისკენ მეტი ყურადღება მიემართათ, განსაკუთრებით ღირებული კი ამ მხრივ ახალი თაობის ყურადღების მიპყრობა იყო. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს დარგის კიდევ უფრო განვითარებას, როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მიმართულებით.
"ბანაკის ყოველი ახალი ნაკადისთვის ვამზადებთ განახლებულ სტრუქტურას და ვნერგავთ თანამედროვე პროცესებს, რადგან კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება ვითარდება ძალიან სწრაფად და მუდმივად ჩნდება ახალი მიდგომები, მეთოდები და ამოცანები, რომელიც უნდა იყოს განხილული და ამოხსნილი", — ამბობს მაქსიმ იავიჩი.
სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ბანაკი ახალ ნაკადს ელოდება, პარალელურად კი ჩვენ ახალ თაობას ველოდებით, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით ასე საჭირო ცოდნით აღიჭურვება და იმ პრობლემების/საფრთხეების გადაჭრას მოახერხებს, რომელსაც მომავლის ციფრული სამყარო გვიმზადებს.
კომენტარები