ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ღვიძლი დანარჩენი სხეულის ზრდისას ისევ ახალგაზრდა რჩება. საშუალოდ, ადამიანის ასაკის მიუხედავად, ორგანო მაქსიმუმ სამი წლისაა ხოლმე. კვლევა ჟურნალში Cell Systems გამოქვეყნდა.

ღვიძლს, რომელიც სხეულში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ორგანოა, ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდა ევალება. გამომდინარე იქიდან, რომ იგი გამუდმებით მომწამვლელ ნივთიერებებთან ურთიერთობს, დაზიანების შანსიც მუდამ მაღალი აქვს. შესაბამისად, სხვა ორგანოებთან შედარებით, ღვიძლს დაზიანების შემდგომ რეგენერაციაც განსხვავებულად შეუძლია.

ბიოლოგების, ფიზიკოსების, მათემატიკოსებისა და სამედიცინო მუშაკების ინტერდისციპლინურმა გუნდმა 20 და 84 წლის ასაკში დაღუპული რამდენიმე ადამიანის ღვიძლი შეისწავლეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თითოეული ცდისპირის ღვიძლის უჯრედები დაახლოებით ერთი და იმავე ასაკისა იყო.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უჯრედების ბიოლოგიური ასაკის გამოთვლა დიდი გამოწვევაა, ვინაიდან ცხოველთა მოდელებზე გამოყენებული ტექნიკები ადამიანებს არ ესადაგება.

მეცნიერებმა მათემატიკური მოდელირება და ე.წ. დაბადების რეტროსპექტიული დათარიღების ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც ადამიანის უჯრედების ასაკს ნახშირბადის ერთ-ერთი იზოტოპის დონეების მიხედვით ადგენს. შედეგად დაასკვნეს, რომ ასაკის მატებას ღვიძლის განახლებაზე გავლენა არ აქვს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ღვიძლის მასის სხეულის საჭიროებების შესაბამისად ცვლილებას ღვიძლის უჯრედების მუდმივი ჩანაცვლება არეგულირებს. ეს უკანასკნელი ღვიძლის რეგენერაციის სხვა ასპექტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ განახლების კუთხით ღვიძლის თითოეული უჯრედი ერთნაირად სულაც არ მოქმედებს — მათ მცირე ნაწილს ათ წლამდეც კი შეუძლია ცხოვრება. ამგვარი უჯრედები სხვებთან შედარებით მეტ დნმ-ს შეიცავს.

"ჩვეულებრივი უჯრედები წელიწადში ერთხელ ახლდება, დნმ-ით მეტად მდიდარი უჯრედები კი ათწლეულის განმავლობაშიც კი ძლებს", — განაცხადა ოლაფ ბერგმანმა, მკვლევართა გუნდის წინამძღოლმა — "ფრაქციონირება ასაკთან ერთად თანდათანობით მატულობს, რაც შესაძლოა, საზიანო მუტაციების დაგროვებისაგან გვიცავდეს. უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა იგივე მექანიზმები ჩართული ღვიძლის ქრონიკულ დაავადებაში, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა, კიბოდაც გარდაიქმნას".

გუნდი იმ მექანიზმებსაც იკვლევს, რომლებიც სხვა ქსოვილების, მათ შორის, ტვინისა და გულის, რეგენერაციაზე აგებს პასუხს. ამჟამად ისინი გულის ახალ კუნთოვან უჯრედებს აკვირდებიან და ცდილობენ დაადგინონ, რამდენადაა შესაძლებელი მათი გენერირება გულის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. ამგვარი მიგნებები მნიშვნელოვანია, რადგან, რაც უკეთ ვიცნობთ საკუთარ ორგანოებს, მით უკეთ შევძლებთ რიგი დაავადებებისგან მათ დაცვას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.