"უსაჩუქროდ არავინ დარჩება" — გაიცანით ქართული სტარტაპი wowchy
რამდენი დრო დაგიხარჯავთ საჩუქრის ჩუქებაზე ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ, მაგრამ უკვე ვეღარ ხვდებით, რა შეიძლება გაუხარდეს დაბადების დღეზე, ახალ წელს თუ რაიმე სხვა დღესასწაულზე? დროის გარდა, საჩუქრის კარგად არჩევა ადრესატის სურვილების ცოდნასა და ფანტაზიის კარგ უნარსაც მოითხოვს. საბოლოოდ კი, ხშირად ისეთ საჩუქარს ვარჩევთ, რომელსაც ადრესატი ან ვერაფერში იყენებს, ან მათ რეაქციაზე ვხვდებით, რომ ფინანსები არასწორ რამეში დავხარჯეთ და, გახარების ნაცვლად, იმედიც კი გავუცრუეთ მათ.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, თათია ხაინდრავამ, ვანო გუმბერიძემ და გიო ლეჟავამ პლატფორმა wowchy შექმნეს, რომელიც ადრესატისთვის საჩუქარს მარტივად და სწრაფად აგარჩევინებთ. როგორც თათია გვიყვება, ციფრული პროდუქტების შექმნა დამფუძნებლებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და თითოეულ მათგანს მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის ათ წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს.
"ვაუჩი თავის პლატფორმაზე 150-ზე მეტი პოპულარული ბრენდის ვაუჩერს გთავაზობთ, რომლის ციფრულად, ან ფიზიკურად შეძენა და ადრესატთან გაგზავნა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ", — გვიყვება თათია.
თანადამფუძნებლის თქმით, სტარტაპის მთავარ სამიზნე აუდიტორიას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც ტექნოლოგიებთან მეგობრობენ, იყენებენ დისტანციურ სერვისებს და დროის დეფიციტს განიცდიან.
"სამიზნე აუდიტორია ასევე მოიცავს ემიგრანტებსაც, რომლებსაც საქართველოში საყვარელი ადამიანების საჩუქრით გახარება უნდათ".
ამჟამად სტარტაპი ზრდის ეტაპზეა და ჯერჯერობით 2 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. MVP ეტაპზე სტარტაპი მომხმარებლებს მხოლოდ ფიზიკურ ვაუჩერებს სთავაზობდა, იდეის ვალიდაციის შემდეგ კი ციფრული პროდუქტებიც დაამატეს და ამ უკანასკნელის კატეგორიები გააფართოვეს.
"განვითარების ეტაპზე Impact Hub Tbilisi-ის, Spark-ისა და Starta-ის აქსელერაციის პროგრამები გავიარეთ. ასევე ვმონაწილეობდით Shark Tank საქართველოს პირველ სეზონში და TBC-ის აპლიკაციების კონკურსის ფინალშიც მოვხვდით".
თათიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი აქსელერატორი გამოჩნდა, სტარტაპ ეკოსისტემა ჯერ კიდევ საჭიროებს მეტ მხარდაჭერას.
wowchy-ის ქართულ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტები არ ჰყავს. არაპირდაპირ კონკურენტებს რაც შეეხება, მათ ყველა ის მაღაზია თუ სავაჭრო ცენტრი მიეკუთვნება, სადაც მომხმარებლებს სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა შეუძლიათ.
"კონკურენტებთან შედარებით ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ ყველა პარტნიორი ბრენდის ვაუჩერს ერთ სივრცეში ვაერთიანებთ. რაც მთავარია, პარტნიორები გვყავს მთელი საქართველოს მასშტაბით, კატეგორიის შეზღუდვის გარეშე. აღსანიშნავია ციფრული ვაუჩერების არჩევანიც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ადრესატს წუთის სიზუსტით, SMS სერვისით თუ ელ. ფოსტით გაუგზავნოს ვაუჩერი".
სტარტაპი ამჟამად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის 51 ფინალისტს შორისაა. გუნდი ახლო მომავალში მეზობელი ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც აპირებს. ასე რომ, მათგან კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ.
კომენტარები