ფლორიდის შტატის ერთ-ერთი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მოსწავლეს საშუალება არ მიეცა, თავის იდენტობასა და გამოცდილებაზე ღიად ესაუბრა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, თავის სიტყვაში ელაპარაკა იმაზე, რაც თანაკლასელებისგან გამოარჩევდა — "ხუჭუჭ თმაზე".

18 წლის ზენდერ მორიჩი აქტიურადაა ჩართული ფლორიდის შტატში სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით შექმნილ მოძრაობებში. რამდენიმე თვის წინ იგი თავადვე უძღვებოდა მსვლელობას და სკოლებში სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე საუბრის აკრძალვას აპროტესტებდა. შტატში ეს კანონი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, უკვე დაწყებულია სამართლებრივი დავა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ მორიჩია.

მოსწავლის თქმით, გამოსაშვებ ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას სკოლის დირექტორი შეხვდა და უთხრა, რომ ამ საკითხზე საუბარს ვერ შეძლებდა.

"ჩემი და ჩემი იდენტობის მიმართ ყოველთვის მხარდაჭერას იჩენდა ხოლმე, ამიტომ, ამაზე გული დამწყდა", — ჰყვება მორიჩი.

ზენდერი უმაღლეს სკოლაში სწავლის პირველივე წელს დაქამინგაუთდა და სასწავლებელში კლასის პირველი ღიად გეი პრეზიდენტიც გახდა. ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, გამოსაშვებ სიტყვაში პრობლემას შეხებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ტრიბუნასთან მისულს ოთხკუთხედი ქუდის მოხდა და თავის "თმაზე" საუბრის დაწყება მოუხდა. ეს ერთგვარი მეტაფორა იყო, რადგან ინგლისურ ენაში სწორი თმის აღმნიშვნელი ზედსართავი (Straight) ჰეტეროსექსუალ ადამიანსაც ნიშნავს.

"ჩემი კულულები ყოველთვის მეჯავრებოდა", — განუცხადა მორიჩმა შეკრებილებს, — "მთელი დღე და ღამე უიმედოდ ვცდილობდი იმის 'გასწორებას', რაც ჩემი ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი თავის 'გამოსწორების' ყოველდღიური მცდელობით მოყენებული ზიანი აუტანელი გახდა. ფლორიდაში ტენიანობის გამო კი რთულია, ხუჭუჭა თმა გქონდეს, მაინც გადავწყვიტე, საკუთარი თავით მეამაყა და სკოლაში მოვდიოდი ისეთი, როგორიც ვარ".

ზენდერის თქმით, სკოლაში რჩევისთვის თავდაპირველად მასწავლებლებს მიმართა, რადგან სხვა "ხუჭუჭთმიანები" იქ არ ეგულებოდა. პედაგოგებისგან მხარდაჭერის მიღება კი მას ძალიან დაეხმარა.

"ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ გავრისკე", — განაგრძო მორიჩმა გამოსვლა, — "ბევრი ხუჭუჭთმიანი ბავშვი იქნება, რომელსაც მხარდაჭერა დასჭირდება, თუმცა, ამას ვერ მიიღებენ. ასე რომ, ისინი ეცდებიან, საკუთარი თავი 'გამოასწორონ', რათა ფლორიდის ტენიან კლიმატში იარსებონ".

სიტყვით გამოსვლის შემდეგ სკოლის დირექტორმა მორიჩს ტაში დაუკრა და მას გადაეხვია.

"ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ აზროვნების, რწმენისა და წარმომავლობის მრავალფეროვნებას ჩვენს სკოლაში", — განაცხადა დირექტორმა.

მორიჩმა მოსწავლეებს ასევე უთხრა, რომ ძალა მათ ხელშია და ის უნდა გამოიყენონ. სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა, როცა თანასკოლელებთან ერთად შავკანიან ადამიანებზე ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრა და კლიმატის ცვლილებაზე ყურადღების გასამახვილებლად მსვლელობა მოაწყო.

"როცა საკუთარ ძალას არ იყენებთ, ასე მას გადასცემთ ადამიანს, ვინც ყველაზე დიდ ძალაუფლებას ფლობს. ახლა კი ისე ხდება, რომ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ხალხი მათ ჩაგრავს, ვისაც ყველაზე ნაკლები ძალა აქვს", — განაცხადა მორიჩმა.

მოსწავლემ, რომელიც სამომავლოდ ჰარვარდში აპირებს სწავლის გაგრძელებას, ასევე აღნიშნა, რომ გაბრაზებულია არა სკოლის ხელმძღვანელობაზე, არამედ შტატის გუბერნატორსა და კანონმდებლებზე.

"თუმცა, ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველას მცირეოდენ პასუხისმგებლობას მაინც არ ვაკისრებ", — დასძენს იგი, — "ყველანი პასუხისმგებლები ვართ ასეთ რაღაცებზე".