გაიცანით AnimatronX — გუნდი, რომელმაც ახალი ქართული VR ვიდეოთამაში შექმნა
აპრილის მიწურულს ონლაინსივრცეში კიდევ ერთი ქართული თამაშის ტრეილერი ვიხილეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში თამაშების ინდუსტრია ჯერაც საწყის ეტაპზეა, გადავწყვიტეთ, პროექტზე მომუშავე კომპანიის, AnimatronX-ის, დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჭყრუნიშვილს, გავსაუბრებოდით და მათ შესახებ მეტი გაგვეგო.
ცოტა რამ AnimatronX-ის შესახებ
ანიმატრონიქსის ისტორია სულ რაღაც 3 წლის წინ დაიწყო. როგორც გიორგიმ გვიამბო, თავიდან გუნდი მისი სანაცნობო წრისგან, სფეროსთან დაახლოებული მეგობრებისაგან, შედგებოდა. მათ საკმაოდ ამბიციური და შრომატევადი რამ დაისახეს მიზნად — MOBA ტიპის თამაშის (თამაშის, რომელშიც ონლაინ საბრძოლო არენაზე მოთამაშეთა ორი გუნდი ერკინება ერთმანეთს) შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მიხვდნენ, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე მიზანს მიღწევა არ ეწერა, პროექტზე რამდენიმეთვიანმა მუშაობამ გუნდს გამოცდილება და რამდენიმე ახალი წევრი მაინც შემატა.
"რაღაც პერიოდში მივხვდით, რომ ენთუზიაზმის ხარჯზე თამაშს ბოლომდე ვერ გავიყვანდით და გადავწყვიტეთ, უფრო პატარა თამაში გაგვეკეთებინა. ამ პერიოდში გუნდში საინტერესო ადამიანები შემოგვიერთდნენ და VR თამაშის გაკეთება დავიწყეთ, რომლის შესახებაც, ასე თუ ისე, გაიგო საზოგადოებამ".
AnimatronX-ის გუნდი ამჟამად 15 ადამიანისგან შედგება. The Chewllers-ისა და სხვა წამოწყებების გარდა, ისინი პარალელურად NFT პროექტებზეც მუშაობენ სხვა უცხოურ თუ ქართულ კომპანიებთან ერთად.
"ვფიქრობ, დღეს საქართველოს საინტერესო პერიოდი აქვს თამაშების ინდუსტრიაში და ბევრი შესაძლებლობა არსებობს. კონკურენციაზე ჯერ რთულია საუბარი, რადგან საქართველოში არსებული არც ერთი სტუდია არ მიმაჩნია, რომ შეიძლება, ერთმანეთის კონკურენტი იყოს. აქამდე მისასვლელად ჩვენს ქვეყანას კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება", — ამბობს გიორგი.
ახალი ქართული ვიდეოთამაში The Chewllers
The Chewllers რამდენიმე ადამიანზე გათვლილი VR თამაშია, რომელშიც ოთხი მოთამაშე მონსტრებს საერთო ძალებით ებრძვის. ამისათვის არაერთი საშუალება არსებობს: სხვადასხვა იარაღის გამოყენება, მათი გაუმჯობესება, ასაფეთქებელი ნივთების შეერთება, კომბინაციების შექმნა და ა.შ. გიორგის თუ დავეყრდნობით, იგი ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი.
პროექტი გუნდმა Unity-ს ძრავაზე ააწყო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თამაშის მექანიზმები უკვე გამართულია, ამჟამად კი მას სხვადასხვა დეტალს ამატებენ: გარემოს, დამატებით ეტაპებს, "სკინებს" და ა.შ. The Chewllers-ის ტრეილერი აპრილის ბოლოს ვიხილეთ, ხოლო მისი პირველადი ვერსიის გამოშვება ზაფხულის ბოლოს იგეგმება.
"პირველი ვერსიის გამოშვებას ზაფხულის მიწურულს ვგეგმავთ, თუ რაიმე შეფერხება არ გვქონდა, ვინაიდან, როგორც უკვე ვახსენე, პარალელურად უცხოურ კომპანიებთანაც ვმუშაობთ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე", — გვიხსნის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
თავდაპირველად პროექტი Steam პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი მას Oculus-ისა და PlayStation VR-ის მარკეტზეც ვიხილავთ. საგულისხმოა, რომ თამაშის სატესტო ვერსია Oculus Quest-ისა და Rift-ის მოწყობილობებზეა თავსებადი.
AnimatronX-ის სულისკვეთება და მიზნები
კომპანიის მთავარი მიზანი გუნდის გაზრდა და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვაა, შემდეგ კი ფინანსური რესურსების მოპოვება, რისი საშუალებითაც დიდი პროექტების მარკეტზე გამოქვეყნებას საკუთარი ძალებით შეძლებენ. მათი აზრით, საქართველოში თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაციას ნებისმიერი პატარა ბიძგი, ერთი წარმატებული პროექტის გამოჩენაც კი შეუწყობს ხელს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენთვის, რომ ქვეყანაში ბევრი დეველოპერი გაიზარდოს და საერთო რესურსით შევძლოთ დიდ/საინტერესო პროექტებზე მუშაობა. ჩვენი სტუდიის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ბევრი ადამიანი გავზარდეთ, ახლა კი ისინი ჩვენს გუნდში აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე", — ამბობს გიორგი.
აღსანიშნავია, რომ AnimatronX-ელები რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, კრაკოვში, იმყოფებოდნენ Digital Dragon-ის კონფერენციაზე. აქ ისინი დეველოპერებს, გამომცემლებსა და სხვადასხვა სტუდიას შეხვდნენ. გიორგიმ სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნებაც დააანონსა, რომლითაც კონფერენციაზე მომხდარ მოვლენებსა და საკუთარ ემოციებს გაგვიზიარებენ, ამასობაში კი ისღა დაგვრჩენია, მათ ნაბიჯებს მივადევნოთ თვალი — ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი ეროვნული დონის ცვლილებებსაც კი უყრიდეს საფუძველს და ქართული ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარებასაც მოასწავებდეს.
კომენტარები