კამპანია კაცები ზრუნავენ 8 წლისაა — 8 რამ, რაც მასზე უნდა იცოდე
დღეს შვილთან ერთად მოსეირნე მამას თუ დაინახავთ, ან კაცს, რომელიც ორსული ცოლის ექოსკოპიას ესწრება, ალბათ, გასაკვირ ამბად საერთოდაც არ მოგეჩვენებათ. თუმცა 8 წლის წინ რეალობა სრულიად სხვა იყო და საზოგადოებასაც მამების მზრუნველობაზე განსხვავებული რეაქციები ჰქონდა.
ბევრი დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კაცების მზრუნველობასა და ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ამას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რასაც დღეს უფრო ნაკლებად, თუმცა მაინც ვხვდებით. 8 წლის წინ კი, როცა კამპანია "კაცები ზრუნავენ" დაიწყო, კაცების ჩართულობას თავიანთ ოჯახებში გზად კიდევ უფრო მეტი კლიშე ეღობებოდა. თუ რატომ და როგორ გადაწყვიტეს, "კაცები ზრუნავენ" წამოეწყოთ, ამის შესახებ კამპანიის თანადამფუძნებელი, მირიან ჯუღელი გვიყვება.
"კამპანია "კაცები ზრუნავენ" 2014 წელს დავიწყეთ, როდესაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) კვლევა, სახელად "კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" გამოაქვეყნა. ეს იყო ამ შინაარსის პირველი კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ კაცებს ჰკითხეს, თუ როგორ წარმოედგინათ თავიანთი როლი ოჯახში, საოჯახო საქმეებში, ბავშვის აღზრდასა და ბევრ სხვა მსგავს საკითხში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ საკითხებში არცთუ ისე ბევრი კაცი იყო ჩართული. მაგალითად, მაშინ მამების 82% ამბობდა, რომ ისინი 1-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებს არ აჭმევდნენ, არ დაჰყავდათ ბაღში, არ აბანავებდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ გვინდოდა, რომ მამების ცნობიერება აგვემაღლებინა და კაცების ჩართულობა თავიანთი ოჯახების ცხოვრებაში წაგვეხალისებინა", — ამბობს მირიან ჯუღელი.
ბოლო 8 წლის განმავლობაში "კაცები ზრუნავენ" არაერთი ინიციატივისა და იდეის ავტორი იყო. სტატიაში კი 8 გამორჩეული ამბის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ამ კამპანიის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
1. MenCare-ის წევრობა
MenCare გლობალური კამპანიაა, რომელიც 2011 წლიდან დაიწყო და დღეს მასში უკვე 50 ქვეყანაზე მეტია ჩართული. კამპანიის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით — საზოგადოების გაძლიერებას. "კაცები ზრუნავენ" 8 წლის განმავლობაში MenCare-თან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდა და მას ინფორმაციასა და გამოცდილებას უცვლიდა.
"წელს ჩვენ შორის კომუნიკაცია შედგა, რომლის შედეგადაც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს და გლობალური კამპანია MenCare-ის სრულფასოვანი წევრი გავხდით. შედეგად, საქართველოშიც გაჩნდა MenCare-ის ოფიციალური წარმომადგენლობა და ჩვენ მათ რუკაზე გამოვჩნდით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ამ საკითხშიც მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილი გავხდით", — ამბობს მირიანი.
2. მამების ჯგუფი
მამების ჯგუფი კამპანიის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა, რომელიც 2020 წლის აპრილში განხორციელდა. ჯგუფის მეშვეობით მამები ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს უზიარებენ, ცვლიან საინტერესო ინფორმაციას, სვამენ კითხვებს შვილების აღზრდასა თუ საოჯახო საქმეებზე ან სხვების შეკითხვებს პასუხობენ.
"2020 წლის დასაწყისში, როცა ყველა პანდემიურ რეალობაში აღმოვჩნდით და სახლებში ჩავიკეტეთ, ბევრი მამის პოსტი მხვდებოდა, თუ სად წაეყვანათ ბავშვები, რომელი ფილმი ენახათ მათთან ერთად, რა წაეკითხათ და ასე შემდეგ. ჩვენ მივხვდით, რომ პანდემიამდე მამებს შვილებთან ურთიერთობის დანაკლისი ჰქონდათ და ახლა ამას თვალი გაუსწორეს. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც მამები ერთმანეთს გამოცდილებას და რჩევებს გაუზიარებდნენ. თუ არსებობს დედების ჯგუფი, რატომ არ უნდა არსებობდეს მამების ჯგუფი? ასე გაჩნდა იდეა და დღეს ჯგუფში დაახლოებით 9 ათასი წევრია, რომლებიც ეტაპობრივად თავიანთი სურვილით შემოგვიერთდნენ", — გვიამბობს მირიანი.
3. "მამა, წიგნი წამიკითხე"
პროექტის "კაცები ზრუნავენ" წინამორბედი შედარებით მცირემასშტაბიანი კამპანია "მამა, წიგნი წამიკითხე" იყო. კამპანიის სახელი UNFPA-ის კვლევის შედეგების მიხედვით შეირჩა, რადგან აღმოჩნდა, რომ მამების 82% ექვს წლამდე ბავშვს წიგნს არ უკითხავს და მის აღზრდაში აქტიურად არ არის ჩართული.
"ჩვენ მივხვდით, რომ წიგნის კითხვა ყველაზე მარტივი რამ იქნებოდა, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. ასე შევარჩიეთ კამპანიის სახელიც და წიგნის კითხვის საჯარო სესიებს ვაწყობდით, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი მამები იღებდნენ მონაწილეობას", — ამბობს მირიანი. კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის იყვნენ სპორტსმენები, სასულიერო პირები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
4. მამების სკოლა
მამების სკოლა კამპანიის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომლებიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. მამების სკოლის პროგრამა ეხმარება კაცებს, რათა მეტი გაიგონ როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
"კვლევებმა აჩვენა, რომ მამები არ დაჰყვებიან ცოლებს სამედიცინო კვლევებზე, არ ესწრებიან მშობიარობას და არ არიან ჩართულები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. საქართველოში მანამდეც არსებობდა მშობელთა სკოლები და სხვა მსგავსი ინიციატივები, თუმცა, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა არა მშობლების, არამედ მამების სკოლა, სადაც მამები გაიგებენ თუ როგორ უნდა დაგეგმონ ოჯახი, რა როლი აქვს მამას შვილის აღზრდაში, როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში და ა.შ.
სკოლის შექმნისას ჩვენ იმ საერთაშორისო პრაქტიკით ვიხელმძღვანელეთ, რომელიც მანამდე უკვე არსებობდა, თუმცა ის ქართულ კონტექსტს მოვარგეთ. როცა თბილისში პირველი სკოლა შევქმენით, ესეც ექსპერიმენტი იყო და არ ვიცოდით, როგორი დაინტერესება იქნებოდა. მაგრამ ვნახეთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მივხვდით, რომ პროექტი უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სკოლა თბილისში ორჯერ, ხოლო ქუთაისში ერთხელ გავაკეთეთ და ახლა მეოთხე ნაკადს ვიღებთ", — განაცხადა მირიანმა.
5. მამის დღე
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მამის დღე საქართველოში პირველად 2015 წელს აღინიშნა. აქედან მოყოლებული კი, ამ დღის აღნიშვნა ყოველწლიურად გრძელდება და უფრო და უფრო აქტიური ხდება. მსოფლიოს მსგავსად, საქართველოში მამების დღე 19 ივნისს აღინიშნება და მასში მეტი და მეტი ბიზნესი ერთვება, ასევე ღონისძიებებიც უფრო მრავალფეროვანი ხდება.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას.
6. მამების თასი
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ცხოვრების აქტიური წესის წახალისებაზეც ზრუნავს. ამის მაგალითია მამების თასი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივთან თანამშრომლობით, უკვე რამდენჯერმე ჩატარდა. "მამების თასი საფეხბურთო ტურნირია, რომელშიც გუნდები ბავშვებითაა დაკომპლექტებული. მისი ერთ-ერთი პირობაა, რომ გუნდში 3 ბიჭი და 3 გოგო უნდა იყოს. ამასთანავე, გუნდის მწვრთნელი მისი წევრებისგან ერთ-ერთის მამაც უნდა იყოს", — ამბობს მირიანი.
მამების თასის ჩემპიონატი უკვე ტრადიციად იქცა და მის ყველა მონაწილეს სამახსოვრო პრიზებიც გადაეცა. გარდა ამისა, მამების თასში მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ეს ყველაფერი კი ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და თან ადამიანებს გენდერული თანასწორობის იდეის გარშემო აერთიანებს.
7. მამაკაცური საუბრები
მამაკაცური საუბრები კამპანიის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა და იგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. მამაკაცური საუბრები სემინარებს მოიაზრებს, რომლებზეც სანდო გარემოში კაცები შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობის, ოჯახის წევრებზე ზრუნვის, ძალადობის ელემენტების ამოცნობისა და მათი გამოაშკარავების შესახებ საუბრობენ.
მამაკაცური საუბრები თავიდან თბილისში, კახეთსა და სამეგრელოში განხორციელდა. ინიციატივას 2020 წელს ჯერ გურია და იმერეთი, 2021 წელს კი უკვე ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთიც შეუერთდნენ.
"მამაკაცური საუბრები არის ერთდღიანი შეხვედრა დახურულ ოთახში, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან. შეხვედრაზე კაცები ძალიან ღიად განიხილავენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს. სემინარების ჩატარება 2016 წელს დავიწყეთ და დღემდე დაახლოებით 150-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ. თითოეულ რეგიონში ადგილობრივი ფასილიტატორები გადავამზადეთ, რომლებიც როგორც რეგიონის სპეციფიკას, ასევე ამ თემატიკას კარგად იცნობენ და ახლა უკვე თითქმის ყოველ უქმე დღეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მამაკაცური საუბრები ტარდება
საქართველოს რეგიონებში ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მონაწილეები ამბობენ ხოლმე, რომ სემინარზე მოსვლამდე ფიქრობდნენ, რომ ახალს ვერაფერს გაიგებდნენ, მაგრამ დღის ბოლოს მოსმენილი სემინარით კმაყოფილები რჩებიან", — აღნიშნავს მირიანი.
8. შეცვლილი რეალობა
ადამიანის ქმედებების წინასწარმეტყველება რთულია და ხშირად, უკვე მომხდარი ფაქტის უტყუარი მიზეზიც კი შეიძლება ვერ გავიგოთ, თუმცა დაკვირვება და კვლევები გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებული კვლევა "კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" 2020 წელს ისევ ჩატარდა და უკეთესი შედეგებიც აჩვენა. მირიანის აზრით, ეს ამ 8-წლიანი საქმიანობის შედეგია, რადგანაც კამპანია "კაცები ზრუნავენ" სხვადასხვა ფორმითა და პლატფორმით ხელს უწყობს ქვეყანაში კაცების ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
"მსგავსი საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, ადამიანის ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. ამის პირდაპირი და სწრაფი შედეგის დათვლა კი ძალიან რთულია. თუმცა რაღაც მექანიზმის მაინც არსებობს და ეს არის კვლევა. კვლევა, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა, 2020 წელს თავიდან ჩატარდა და მასში საკმაოდ ბევრი პარამეტრი გაუმჯობესებული იყო. მაგალითად, ახლა უფრო მეტი კაცი ესწრება მშობიარობას ან ამბობს, რომ სხვადასხვა საკითხზე საბოლოო სიტყვა მას კი არ ეკუთვნის, არამედ ოჯახმა ერთობლივად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", — აღნიშნა მირიანმა.
მართალია, საზოგადოებაში კაცების მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხების მხრივ ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა "კაცები ზრუნავენ" გაჩერებას არ აპირებს და წინ უფრო მეტი და საინტერესო ინიციატივები გველის.
"რაც გლობალური ქსელის ნაწილი გავხდით, ვგეგმავთ, რომ ჩვენი შედეგები და გამოცდილება სხვა ქვეყნებში მომუშავე ორგანიზაციებს გავუზიაროთ. გარდა ამისა, ეს ორი წელი პანდემიამ ჩვენი ზოგიერთი აქტივობა შეაფერხა, ახლა კი ძველ რეჟიმს ვუბრუნდებით. წელს მამების დღის კვლავ ღია ცის ქვეშ, მზიურის პარკში აღვნიშნავთ, სადაც მამებსა და შვილებს საინტერესო თამაშს შევთავაზებთ, ასევე სექტემბერში კვლავ ჩავატარებთ მამების თასს და ა.შ.", — ამბობს მირიანი.
კომენტარები