წლებია, მედია და არასამთავრობო სექტორი ვამბობთ, რომ რუსული პროპაგანდა სერიოზული საფრთხეა საქართველოსთვის. ვუყურებთ, როგორ თხზავენ დეზინფორმაციას კრემლის ტელევიზიები, იტაცებენ და ავრცელებენ პრორუსი აქტორები და როგორ მოქმედებს ეს საზოგადოების განწყობებზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესებული არ არის და მათგან აქტიურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ.

თუ თქვენც გიჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად პროპაგანდასთან და რა საფრთხეა ეს ქვეყნისთვის, გაიხსენეთ გსმენიათ თუ რა ვინმესგან, რომ თურქეთი ოკუპანტია, რუსეთი კარგი მეზობელი და ამერიკა სახიფათო მტერი. თუ პასუხი დადებითია, ესე იგი თქვენ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდნენ. საფრთხე სწორედ ის არის, რომ რუსეთი უამრავ ენერგიასა და რესურს დებს, რათა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე მისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს.

ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შეფასება. ახლა უკვე სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას და ვიმსჯელოთ იმაზე, ისევ ინარჩუნებს თუ არა რუსული პროპაგანდა უძლეველობას.

ჯერ ის გავიგოთ, რა (არ) იცის ხალხმა დეზინფორმაციაზე

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას და არ შეუძლია მისი ამოცნობა. ფაქტია, რომ მედიაწიგნიერება ქვეყანაში გამოწვევაა.

კითხვაზე — რამდენად ხშირად ხვდებით ახალ ამბებს ან ინფორმაციას, რომელიც, თქვენი აზრით, არასწორად ასახავს რეალობას ან ტყუილია?

  • 18% პასუხობს, რომ დღეში რამდენჯერმე;
  • 37% — ყოველდღე;
  • 18% — ყოველკვირა;
  • 5% — ყოველთვე.

ხოლო, კითხვაზე — რამდენად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ შეგიძლიათ დეზინფორმაციის ამოცნობა — მხოლოდ 14% არის სრულად და 21% ძირითადად დარწმუნებული. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას დეზინფორმაცია მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია, თუმცა არ იცის, როგორ იქმნება და ვრცელდება ის.

  • 58% ამბობს, რომ იცის, რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია საზოგადოებაზე;
  • 56%-ს კი სჯერა, რომ ამჯერად დეზინფორმაცია ქვეყანაში კრიტიკული საკითხია.

ამის ფონზე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 32% ამბობს, რომ არ გადაამოწმებდა სავარაუდოდ ყალბ ინფორმაციას. მხოლოდ 24 პროცენტია მათი რიცხვი, ვინც ალტერნატიულ წყაროს მოძებნიდა.

  • 20% აზრს შეეკითხებოდა ოჯახსა და მეგობრებს;
  • 9% დაფიქრდებოდა ეთანხმება თუ არა ამ ინფორმაციას;
  • 9% შეამოწმებდა მითითებულ წყაროებს;
  • 5% შეხედავდა, რამდენი მოწონება და გაზიარება აქვს;
  • 3% შეამოწმებდა ფაქტ-ჩეკის ვებგვერდს.

გამოკითხულები ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ინფორმაციის მისაღებად ტელევიზია და სოციალური მედიაა და მათივე აზრით, სწორედ აქ ხედავენ ყველაზე ხშირად ყალბ ამბებს. კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზია ყველაზე პოპულარულ პლატფორმად რჩება, თუმცა რუსული და პრორუსული არხები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია. თუმცა საგანგაშოა ისიც, რომ თუნდაც მცირედი უყურებს კრემლის მძიმე არტილერიას, პროპაგანდისტულ რასია 1-სა და რასია 24-ს.

ფოტო: Zinc Network

ჯამურად, მოსახლეობის 30% ყოველკვირეულად უყურებს 1 პრორუსულ არხს მაინც, 11% კი ამბობს, რომ ენდობა ერთ პრორუსულ არხს მაინც. კვლევაში ასეთ არხებად დასახელებულია ობიექტივი, ალტ-ინფო, რასია 1 და რასია 24.

შეუძლიათ გამოიცნონ პროპაგანდა?

კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მესამედი მოწყვლადია ანტიამერიკული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ. უმრავლესობა, 43% ფიქრობს, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან პარტნიორობით და მისი მხარდაჭერით, რადგან მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგული მხარდამჭერია. თუმცა, 32%-ის აზრით, აშშ დაინტერესებულია მხოლოდ იმით, საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს როგორც ბაზა რუსეთის წინააღმდეგ.

ეს ნარატივი აქტიურია თითქმის იმდენი წელია, რამდენიც აშშ-სთან ვპარტნიორობთ. რუსეთი ყველა შესაძლო პლატფორმიდან ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სამეზობლოში ნებისმიერი პროდასავლური აქტივობა მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხეა. ამიტომაც, პროპაგანდისტული გზავნილებით ხალხს არწმუნებს, თითქოს აშშ-ს მხოლოდ ეს აინტერესებს. განსაკუთრებით ეს არგუმენტი უკრაინაში შეჭრამდე გაააქტიურა, როცა ომის გამართლება სცადა.

გამოჩნდა ისიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია ანტითურქული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ. 57%-ის აზრით, თურქეთი უარყოფით როლს ასრულებს აჭარაში და ცდილობს, ნელ-ნელა ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს. ამ ნარატივის გავრცელებაში განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის პრორუსულ პარტიას, პატრიოტთა ალიანსს.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი წლების განმავლობაში ობიექტივის ეთერში აჟღერებენ დეზინფორმაციას თურქეთზე. თუმცა 2020 წელს არჩევნების წინ პატრიოტთა ალიანსი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და ანტითურქული საარჩევნო ბანერებიც გამოაკრა, რომლებზეც აჭარის რეგიონი აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად ოკუპირებულად იყო წარმოჩენილი. ამას დიდი პროტესტი მოყვა და ბანერები მალევე ჩამოიხსნა, თუმცა კარგად წარმოჩნდა, რა მიზნებს ემსახურება პარტიის რიტორიკა.

ფოტო: Facebook / Helen Khoshtaria

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის 55% თურქეთს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ მიიჩნევს. ამ სიაში პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა მეორეა, რუსეთის შემდეგ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მესამეა აზერბაიჯანი 37%-ით, რაც შეიძლება დავით-გარეჯის ამბებს და მაშინ აქტიურად მოქმედ პროპაგანდას უკავშირდებოდეს. რიგით მეოთხე, ირანია, შემდეგ სომხეთი, ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი.

ირანისა და აშშ-ის ამ სიაში მოხვედრა შედარებით ნაკლებად ცნობილი ნარატივის გავლენა შეილება იყოს, რომლის ავტორებიც ამტკიცებენ, თითქოს ეს ქვეყნები საქართველოში ათასობით მიგრანტს ასახლებენ და ასე ცდილობს ქვეყნის მიტაცებას.

მონაცემებიდან აშკარაა, რომ მოსახლეობას უჭირს პროპაგანდისტული გზავნილების გამოცნობა და მისი გავლენის ქვეშ ხშირად ექცევა.

ისევ მისტირიან საბჭოთა კავშირს?

სამწუხაროდ, კი. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა საბჭოთა პერიოდს დადებითად აფასებს და ფიქრობს, მასზე უკეთ ზრუნავდნენ, ვიდრე დღეს. კითხვაზე — როგორ შეაფასებდით საბჭოთა კავშირის პერიოდს საქართველოს ისტორიაში? ეს მოვლენა იყო:

  • ძალიან უარყოფითი — 14%;
  • უფრო უარყოფითი, ვიდრე დადებითი — 24%;
  • უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი — 36%;
  • დადებითი — 18%.

დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით ჩაშლილი მონაცემებიდან ვხედავთ, რომ დადებითად ძირითადად 55+ მოსახლეობა აფასებს. 18-34 წლის პირებში კი ეს მაჩვენებელი დაბალია.

კვლევის ამ ნაწილში, რიგ შემთხვევებში, შედეგები ურთიერთსაპირისპიროა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ ცალსახად უარყოფით მოვლენად არ შეფასებულა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაშინ საქართველოს კულტურა, რელიგია და ღირებულებები შევიწროებული იყო. ასევე, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანებს დასავლეთში უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირში.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ სტალინის შეფასებებიც ურთიერთწინააღმდეგობრივია.

  • 34%-ს აზრით, პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო;
  • 56% კი ფიქრობს, რთულია სტალინის მემკვიდრეობის შეფასება და მის მმართველობას დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა.

აზრები იყოფა იმაზეც, სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, თუ ტირანი.

  • 52% მიიჩნევს, რომ ბრძენი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლიერებასა და კეთილდღეობამდე მიიყვანა;
  • 40%-ის აზრით, კი იყო ტირანი, რომელიც პასუხისმგებელია მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე.

ეს მონაცემები სახარბიელო ნამდვილად არ არის და აჩვენებს იმას, რამდენად ძლიერი იყო საბჭოთა პროპაგანდა, რომ დღემდე მოსახლეობაში ეს აზრები გავრცელებულია. თუმცა, გვახსოვს არაერთი ისეთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს საბჭოთა სისასტიკეზე და გააპროტესტეს სტალინის ძეგლებისა და ბიუსტების არსებობა.

დასავლეთსა და რუსეთზე რას ფიქრობენ?

ერთი რამ ზუსტად ვიცით და ეს კვლევაც ადასტურებს, რომ რამდენიც არ უნდა იწვალოს და იშრომოს რუსეთმა:

  • მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა;
  • მოსახლეობის უმრავლესობას NATO-ში გაწევრიანება სურს.

ეს შედეგები წლებია ფიქსირდება სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების, მაგალითად, IRI-ისა და NDI-ის კვლევებშიც.

ამ კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება. 72 პროცენტისთვის, რომელიც ინტეგრაციის მომხრეა, ძირითადი მოტივაცია უკეთესი ეკონომიკური პირობებია. აი, მოწინააღმდეგეები კი ძირითადად ტრადიციების და დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშის გამო გამო არიან უარზე. არიან ისეთებიც, ვისაც რუსეთთან "კეთილმეზობლური ურთიერთობების" ხელშეშლის ეშინიათ. აქვე ნახეთ სხვა მიზეზებიც:

ფოტო: Zinc Network

პასუხების ჩამონათვალი გვაჩვენებს, რომ პროპაგანდისტული გზავნილების უმეტესობა მუშაობს. მაგალითად, მოწინააღმდეგეების ნაწილი ფიქრობს, რომ ინტეგრაციის შემდეგ საქართველო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ამ ნარატივს ავრცელებს წლებია რუსეთი. აქვე ვხედავთ მიგრანტების საკითხს, რომელიც ასევე ინტერპრეტირებულად და შიშის დათესვით არაერთხელ გაავრცელეს და ლიბერალურ ღირებულებებთან ბრძოლას, რაც ერთ-ერთ ძლიერი იარაღია პრორუსების ხელში.

კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა ევროკავშირის მხარდაჭერის შესასუსტებლად წარმოაჩენს ევროკავშირთან ინტეგრაციის სხვადასხვა ჰიპოთეტურ შედეგს. მათი ნაწილი მოსახლეობაში გარკვეულ წუხილებს იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია.

ფოტო: Zinc Network

რაც შეეხება NATO-ს, მოსახლეობისთვის გაწევრიანების მთავარი მოტივაცია უსაფრთხოებაა. მომხრეები ფიქრობენ, რომ ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებს, რუსეთისგან დაიცავს და გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს. მიუხედავად ამისა, დიდი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.

ფოტო: Zinc Network

ვხედავთ იმასაც, რომ 21% სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. ამაშიც დიდია პატრიოტთა ალიანსის დეზინფორმაციის წვლილი, რადგან პარტია წლებია იმეორებს, თითქოს ქვეყნისთვის ეს საუკეთესო არჩევანია. ამ მიზნით მათ ჩაატარეს ე.წ. კვლევაც, რომლითაც ცდილობენ დაამტკიცონ, ვითომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და უბლოკო სტატუსის მომხრეა. კვლევას არაერთი ხარვეზი ჰქონდა და მანიპულაციური შინაარსისაა.

და რომელი ურჩევნიათ?

აქაც შეგვიძლია ძირითადი თეზისები გამოვყოთ, რომლითაც არჩევანი ცალსახაა:

  • მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ დასავლეთი საუკეთესო პარტნიორია საქართველოსთვის;
  • მოსახლეობის 80% რუსეთს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან "საერთო ღირებულებები" გვაქვს. სწორედ ამის და რელიგიის გამო, მიიჩნევენ, რომ ის საქართველოსთვის უფრო ბუნებრივი მოკავშირეა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

ფოტო: Zinc Network

თუმცა, კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის, 45%-ის აზრით, ტრადიციების შენარჩუნების საუკეთესო გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა. მხოლოდ 20% ფიქრობს, რომ ქართული ტრადიციები უფრო მეტად გადარჩება, თუ საქართველო დაუკავშირდება რუსეთს.

რაც შეეხება ქვეყნის არჩევანზე რუსეთის რეაქციებს, რაც ხშირად ისახება მმართველი გუნდის რიტორიკაზე — მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთს უფლება არ აქვს გაღიზიანდეს საქართველოს მცდელობაზე, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.

ფოტო: Zinc Network

ამის ფონზეც კი საზოგადოების აზრი ორად იყოფა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს რიტორიკა რუსეთის მიმართ. კვლევამ აჩვენა, რომ ფრთხილი რიტორიკის პოზიციას დიდწილად ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს.

  • 41% ფიქრობს, რომ რუსეთის რუსეთის მკაცრი კრიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას;
  • 40%-ის აზრით კი, რუსეთის კრიტიკა მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ იცოდეს.

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, დემოკრატია საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანია. ამის ფონზე თითქმის ნახევარი, 47% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გარდა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას ხშირად რუსული ინტერესებისთვის მოაქვს სარგებელი.

დასასრულს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული პროპაგანდა მონდომებით ცდილობს, შეცვალოს ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არ ნებდება, რომ ჩამოგვაშოროს დასავლურ ღირებულებებს. მათი გავლენები აშკარად სუსტდება, თუმცა ისევ საყურადღებოა, რადგან ახლა უფრო მეტს მუშაობენ შენარჩუნებაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევა ომის დაწყებამდეა ჩატარებული და არ არის ასახული ის განწყობები, რომელიც რუსეთის სისასტიკის ხილვამ მოიტანა. თუმცა, ვერც იმას გავექცევით, რომ ომის დროსაც კი პრორუსი აქტორები ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ და რუსეთი გაამართლონ.


კვლევა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.


მასალა მომზადებულია პროექტის – "საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zinc Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.