მეცნიერებმა დნმ-ზე დაყრდნობით 10 500 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს

ფოტო: Kennis & Kennis
მეცნიერებმა დღევანდელი ბელგიის ტერიტორიაზე 10 500 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე დნმ-ის მიხედვით აღადგინეს. გენტის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ინდივიდს ცისფერი თვალები და იმაზე ოდნავ ღია შეფერილობის კანი უნდა ჰქონოდა, ვიდრე მეზოლითის ხანის დასავლეთ ევროპაში იყო გავრცელებული.
პროექტის ხელმძღვანელი, არქეოლოგი იზაბელ გრუტი ამბობს, რომ ქალი იმ პოპულაციურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ე.წ. ჩედარელი ადამიანი. მის ნაშთებს დიდ ბრიტანეთში მიაგნეს და ის დაახლოებით იმავე პერიოდში ცხოვრობდა. ეს გამოწვევის წინაშე აყენებს ვარაუდს, რომ ევროპელი მონადირე-შემგროვებლები ერთნაირ გენეტიკას იზიარებდნენ. ქალის ღია ფერის კანი მიუთითებს, რომ ამ პოპულაციებში სხვადასხვა გარეგნული მახასიათებელი გვხვდებოდა.
"თავის ქალის მეშვეობით ისიც დავადგინეთ, რომ ქალის ასაკი 35-60 წელს შორის იყო. მას ცხვირის უფრო მაღალი ხიდი ჰქონდა, რითაც ჩედარელ ადამიანს ჰგავდა. ასევე, იგი წარბების ძლიერი ამოზნექილობით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მდედრი იყო", — აცხადებს გრუტი.
ამ ინდივიდის ნაშთები მარგუქსის გამოქვაბულში 1988-89 წლებში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. იქ კიდევ 8 ქალის ჩონჩხი იყო, რაც იშვიათია, რადგან ასეთ არეალებში ძირითადად კაცებიცა და ბავშვებიც არიან ხოლმე დამარხულნი. ძვლები აგურისფერი პიგმენტით იყო დაფარული, რასაც რიტუალური ან სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონოდა.
მათი უმეტესობა ქვის ფრაგმენტებით იყო დაფარული, ერთს კი თავის ქალაზე სიკვდილის შემდეგ გაკეთებული ნაკაწრები ემჩნეოდა. თავად სამარხ-გამოქვაბულს ასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ, რაც ამ ადამიანების სოციალურ და კულტურულ პრაქტიკებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
მეცნიერები ამბობენ, რომ ქალის ნაშთების მიკვლევისას გენეტიკის შესასწავლად ისეთი ტექნოლოგია არ იყო ხელმისაწვდომი, როგორიც ახლა გვაქვს. მათ პროექტის ფარგლებში დნმ მისი თავის ქალიდან მოიპოვეს, რაზე დაყრდნობითაც სახის რეკონსტრუქცია გახდა შესაძლებელი. მისი თვალების, კანისა და თმის ფერი სწორედ დნმ-ის მიხედვით გამოავლინეს. ტატუები და სამკაულები იმ პერიოდისა და რეგიონის არქეოლოგიური მონაცემების მეშვეობით შეარჩიეს.
ქვის იარაღები, ცხოველების ძვლები და თევზების ნარჩენები მიანიშნებს, რომ ადამიანთა ეს პოპულაცია მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდა. ისინი მთლიანად ბუნებრივ რესურსებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ამიტომ ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა სჭირდებოდათ.
კომენტარები