რა არის კასეტური ბომბი და რამდენად აქტიურად იყენებს მას ირანი

ფოტო: JACK GUEZ / AFP
19 ივნისს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელა. ამან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეშფოთება გამოიწვია — ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ მინიმუმ 1 იარაღი მაინც შეიცავდა კასეტური ბომბის ქობინს. მიმდინარე კონფლიქტში ეს, სავარაუდოდ, მსგავსი საბრძოლო საშუალების გამოყენების პირველი შემთხვევაა.
რა არის კასეტური ბომბი?
კასეტური ბომბი იარაღია, რომელიც ფართო არეალზე უფრო მცირე ზომის ბომბებისა და საბრძოლო მასალების გასაშვებადაა შექმნილი. იგი ერთიანად არ ფეთქდება. ამის ნაცვლად, ბომბი ჰაერში იხსნება, ხშირად დიდ სიმაღლეზე. შემდეგ კი ფართო სამიზნე არეალზე რამდენიმე მცირე ფეთქებად ნივთიერებას მიმოფანტავს.
როგორც 19 ივნისის შეტევის დროს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რაკეტის ქობინი მიწიდან დაახლოებით 7 კმ-ში აფეთქდა. ამის შედეგად ცენტრალურ ისრაელში 8 კმ-ის რადიუსზე დაახლოებით 20 მცირე გაბარიტის საბრძოლო მასალა გაიფანტა. ეს საბრძოლო საშუალებები არც მართვადი არ არის და არც თვითმავალი. ისინი უბრალოდ მიწაზე ეცემა და ზოგჯერ მაშინვე ფეთქდება.
რატომაა კასეტური ბომბი განსაკუთრებულად საკამათო?
ამის მიზეზი კასეტური ბომბის ბუნებაა — ის განურჩევლად, გაუმიზნავად მოქმედებს და ხშირად აუფეთქებელ მასალას ტოვებს. საქმე ისაა, რომ ეს საბრძოლო საშუალებები დაშვებისას ხშირად არ ფეთქდება. ამის ნაცვლად, იგი დიდი ხნის განმავლობაში აქტიურია. ეს კი სასიკვდილო საფრთხეა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება მას ოდესმე შემთხვევით მიუახლოვდნენ.
ექსპერტები სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ დასახლებულ პუნქტებში კასეტური ბომბის გამოყენება კიდევ უფრო ნაკლებადაა მიზანშეწონილი.
რა ზიანი გამოიწვია 19 ივნისის თავდასხმამ?
როგორც გამოცემა The Times of Israel აცხადებს, საბრძოლო მასალა ცენტრალური ისრაელის ქალაქ აზორში ერთ-ერთ სახლს მოხვდა. ამან მატერიალური ზიანი გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე გავრცელებული არ არის.
ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ მოგვიანებით პლატფორმა X-ზე უსაფრთხოების რეკომენდაცია გაავრცელა. მათ მოსახლეობას კასეტური ბომბით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაცია გააცნეს. ასევე ხალხი გააფრთხილეს, რომ მიწაზე დაგდებულ უჩვეულო საგნებს არ შეეხონ და ასეთის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხელ ხაზზე დარეკონ.
რით განსხვავდება კასეტური ბომბი ტრადიციული ჭურვისგან?
სტანდარტული ბალისტიკური რაკეტა ერთ კონცენტრირებულ აფეთქებას იწვევს. კასეტური ბომბი კი ისეა შექმნილი, რომ უფრო დიდი არეალი გაანადგუროს. იმისდა მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაში ცალკე აღებული საბრძოლო იარაღები უფრო სუსტია, მათი საფრთხე მიმოფანტულობაშია.
შესაბამისად, კასეტური ბომბით შეიძლება უფრო მეტი მოქალაქე, სახლი თუ ინფრასტრუქტურა დაზიანდეს.
არის თუ არა კასეტური ბომბის გამოყენება აკრძალული?
ასევე იხილეთ: უკრაინის ოფიციალური პირის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიე კასეტური ჭურვებით დაბომბა
2008 წელს საერთაშორისო ხელშეკრულება დაიდო. იგი კასეტური საბრძოლო საშუალებების შესახებ კონვენციის სახელითაა ცნობილი. ხელშეკრულების თანახმად, კასეტური ბომბების დამზადება, შენახვა, გადაცემა და გამოყენება აკრძალულია. შეთანხმებას ხელი 111 სახელმწიფომ მოაწერა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო ძალებმა (მათ შორისაა ირანი, ისრაელი და აშშ) შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.
კომენტარები