ყოველწლიურად, წყლიდან დაახლოებით ტრილიონობით თევზი ამოგვყავს. როგორც წესი, ეს თევზები ჩვენს სუფრაზე ხვდებიან. და, აი, ახლა ახალმა კვლევამ წყლიდან ამოყვანის მომენტში თევზების მიერ განცდილი ტკივილი შეისწავლა.

მკვლევრებმა ცისარტყელა კალმახი შეისწავლეს. ეს სახეობა (Oncorhynchus mykiss) თავდაპირველად წყნარი ოკეანის ცივი წყლის შენაკადებში ბინადრობდა, მაგრამ ახლა ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა. შესაბამისად, დღეს მისი ხორცი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

თევზაობის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, თევზები ასფიქსიით იხოცებიან. ერთი შეხედვით, ეს თევზის მოკვლის მარტივი გზაა, მაგრამ ბიოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც სინტია შუკ-პეიმი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ ასეთ დროს თევზი 22 წუთის განმავლობაში ინტენსიურ ტკივილს განიცდის.

ცხოველების ტანჯვის რაოდენობრივი შეფასება რთულია, თუმცა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ შეიმუშავეს სტანდარტიზებული მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს სტრესის ან ტკივილის მსგავსი ნეგატიური მდგომარეობების ინტენსივობის განსაზღვრას.

მას კეთილდღეობის კვალის ჩარჩო ანუ WFF ეწოდება. ცხოველებთან მომუშავე ადამიანებს (ბიოლოგებს, ვეტერინარებს და ზოოპარკის მომვლელებს) იმედით აქვთ, რომ ამ სისტემით ცხოველების ცხოვრებას გააუმჯობესებენ.

"დღეს ადამიანები ცხოველების კეთილდღეობაზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე ამას ადრე აკეთებდნენ. ეს სისტემაც სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ", — წერენ კვლევის ავტორები.

გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების გადახედვის შემდეგ, გუნდმა შექმნა წყლიდან ამოყვანილი თევზის შეგრძნებების დეტალური სურათი.

თევზის წყლიდან ამოყვანის შემდეგ მხოლოდ ხუთი წამი იწვევს ნეიროქიმიურ რეაქციას, რომელიც ცალსახად ნეგატიურია. ისეთი ქცევები, როგორიცაა ძლიერი ხტუნაობა და ფართხალი აშკარად წარმოაჩენს რეაქციის სიძლიერეს.

წყლის გარეშე, ლაყუჩების სტრუქტურები ერთმანეთს ეწებება, რაც ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. რეალურად, თევზში სწორედ ლაყუჩები უზრუნველყოფს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლას. საბოლოოდ, CO2-ის დაგროვება სხეულში განგაშის სისტემას ააქტიურებს, რაც თევზზე ძალიან ცუდად მოქმედებს. CO2-ის მატება გრძელდება, რაც საბოლოოდ გონების დაკარგვას იწვევს.

თევზის ზომიდან და სიკვდილის პირობებიდან გამომდინარე, ეს სტრესული გამოცდილება შეიძლება 2-დან 25 წუთამდე გაგრძელდეს.

"წარმოდგენისთვის, თევზი, რომელიც კილოგრამზე მეტს იწონის, დაახლოებით 24 წუთის განმავლობაში განიცდის ინტენსიურ ტკივილს. არის შემთხვევები, როდესაც თევზისთვის ეს საშინელი პერიოდი ერთი საათიც კი გრძელდება", — აღნიშნავენ მკვლევრები.

ბადეში გაბმული ცისარტყელა კალმახი.

ფოტო: Getty Images

მკვლევრები ამბობენ, რომ თევზის ელექტროშოკით დახოცვა ტკივილს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მეორე მხრივ, თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ თევზების ელექტროშოკით დახოცვა საკმაოდ ცვალებადია — იდეალურ შემთხვევაში, თევზი დაუყოვნებლივ ითიშება და სრულებით არ აქვს ცნობიერება სიკვდილამდე. მიუხედავად ამისა, ეს ყოველთვის ასე არ არ ხდება.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.