10 რამ, რაც კორონავირუსის პანდემიამ გვასწავლა
ორი წლის წინ, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდით, რომ თავს გლობალურ პანდემიაში ამოვყოფდით, ვითარებაში, რომელმაც სამყაროში ყველაფერი შეცვალა. დარწმუნებული ვართ, კარგად გახსოვს შიშისა და გაურკვევლობის განცდა, ყოველ დილით კორონავირუსის ახალი სტატისტიკის მოლოდინი, პირბადეს ამოფარებული ადამიანები, ცარიელი ქუჩები, იზოლაცია, რიგები მაღაზიებსა და აფთიაქებთან. შეზღუდვები, შეზღუდვები და კიდევ შეზღუდვები.
პანდემიასთან ერთად შეიცვალა ჩვენი ცხოვრებაც — ოფისები და სასწავლებლები ოთახებმა, უცხოეთში მოგზაურობა სახლის მიმდებარედ სეირნობამ, კონცერტები და კლუბები კი ტელეფონში საყვარელმა მუსიკამ და ყურსასმენებმა ჩაანაცვლა. მიუხედავად უამრავი ნეგატივისა, პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა და სამყარო სულ სხვა თვალით დაგვანახა.
ამ სტატიაში იმ 10 რამის შესახებ გიამბობთ, რაც ბოლო 2 წელში ვისწავლეთ და სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება.
1. მისალმებისას კოცნა/ჩახუტება/ხელის ჩამორთმევა სულაც არ არის აუცილებელი
კორონავირუსის გავრცელებამდე, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ადამიანებს შორიდან, პირბადიდან გავუღიმებდით. პანდემიამ გვასწავლა, რომ გულითადი მისალმება კოცნით ან/და ჩახუტებითა არ გამოიხატება — მუშტების ან იდაყვების მირტყმა, ხელის აწევა და დისტანციურად დგომაც მშვენიერი გამოსავალია.
მეტიც, როდესაც პანდემია დასრულდება, გადაკოცნის ჩვევა საერთოდაც გავაქროთ ჩვენი ყოველდღიურობიდან. თუ მაინც და მაინც, შეგვიძლია გაწვდილი მუშტით შემოვიფარგლოთ.
2. ვაქცინა ნამდვილად მუშაობს
მართალია, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ეჭვქვეშ აყენებენ და მითებითა და დეზინფორმაციით ებრძვიან, თუმცა ფაქტია, რომ ვაქცინა ეფექტურია!
გახსოვს პანდემიის დასაწყისში, როცა ვაქცინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყეს, როგორ ნერვიულობდი? ფიქრობდი, შეძლებდნენ თუ არა მეცნიერები საჭირო ვაქცინის შექმნას, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნებოდა ის. ყოველდღიურად ეძებდი სიახლეებს და ბოლოს დადგა ბედნიერი დღეც, როცა ვაქცინების ავტორიზაცია დაიწყო. მაშინ მივხვდით, რომ პანდემიის დასასრულის დასაწყისი მოვიდა და კორონავირუსი ვეღარ დაგვამარცხებდა.
სამწუხაროდ, ყველას რეალობა ასეთი არ ყოფილა. საზოგადოების ნაწილის ყოველდღიური სიახლეები დაჩიპვაზე და უშვილობაზე შიშებს უკავშირდებოდა. დეზინფორმატორები და ანტივაქსერები მათ ყალბი ცნობებით ამარაგებდნენ და ახლაც ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვაქცინა უშედეგოა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მხარდაჭერილი კვლევით გამოვლინდა, რომ შეთქმულების თეორიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესზე ახალგაზრდებში.
სანდრო წყაროები, ჩვენივე ახლობლების შედეგები და პანდემიის დასუსტება გვაჩვენებს, რომ ვაქცინამ იმუშავა და მეცნიერებამ იმედი არ გაგვიცრუა. აუცილებელია, რომ ეს ცოდნა ყველას გავუზიაროთ.
3. ბევრ რამეზე ნერვიულობა არ ღირს
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა მოგვიტანა, ბევრიც გააქრო ჩვენი ცხოვრებიდან. მივხვდით, რომ ზოგიერთი რამ, რაც პრობლემას გვიქმნიდა, გაუფასურდა. პანდემიამ მიგვახვედრა ხანდახან სჯობს, რიგ საკითხებს მარტივადაც შევხედოთ, რადგან უფრო სერიოზული პრობლემებიც არსებობს — ბოლოს და ბოლოს, უკვე ვიცით, როგორია გლობალურ პანდემიაში ცხოვრება.
4. ქორწილის გადახდა "ვიწრო წრეშიც" შეიძლება
ამ ორი წლის მანძილზე ბევრი შეზღუდვა გამოვიარეთ. ალბათ, კარგად გახსოვს საღამოს 9 საათამდე სახლში მისწრების შიში, საყვარელი ძაღლის გასეირნების ვერმოსწრებაზე ნერვიულობა და მრავალი სხვა.
შეზღუდვების ნაწილი ქორწილებსაც შეეხო. აღმოჩნდა, რომ ამ დღის აღნიშვნა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში შეგვეძლო. პანდემიამ გვასწავლა, რომ არაა აუცილებელი ქორწილში შენი ბიძაშვილის მულის დეიდაც დაპატიჟო, შეგიძლია ეს დღე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან "ვიწრო წრეში" გაატარო, ისიამოვნო და ფულიც დაზოგო.
5. დაბადების დღე შეგვიძლია ზუმშიც აღვნიშნოთ
რას, რას და ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად ვირტუალურად შევხვდებოდით, ტორტსაც ვირტუალურად ჩავაქრობდით და Happy Birthday-საც ამავე ფორმით მოვისმენდით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი სულაც არ არის, პირიქით, ძალიან სახალისოა. თანაც, შეგიძლია სტუმრები "სახლში" ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გაისტუმრო.
დავრწმუნდით იმაშიც, რომ მანძილი დაბრკოლება არ არის და დისტანციური ურთირეთობები შესაძლებელია.
6. შენი მაგალითი სხვებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება
სამყაროში კორონავირუსის გამოჩენამ სხვებზე ზრუნვის მნიშვნელობა გვაჩვენა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში სრული პესიმიზმი იყო და ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციული პროპაგანდა მიმდინარეობდა, დავინახეთ, რამდენად პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მაგალითის გაზიარებას.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებში გეგმიური ვაქცინაციისადმი მიმღებლობა არ განაპირობებს მიმღებლობას ახალ ვაქცინებზე და გავლენას ახდენს ისეთი სუბიექტური ნორმები, როგორიცაა მეგობართა და ოჯახის წევრთა დადებითად განწყობა ვაქცინაციის მიმართ.
ამიტომ, როცა სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აცრისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებდა და ანტივაქსერთა თეორიებს საკუთარ გამოცდილებას უპირისპირებდა, ამან სხვებს იმავეს გაკეთებისკენ უბიძგა — ასე დაინგრა ვაქცინაზე არსებული ბევრი მითი.
7. სახლში ყოფნა კარგია
ხანგრძლივმა იზოლაციამ და სახლში დარჩენის ვალდებულებამ დემოტივირებულები გაგვხადა, რადგან სხვადასხვა სოციალური აქტივობა ჩვენივე ოთახებში ყოფნამ ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, განმარტოებამ საკუთარ თავთან დაგვაახლოვა, ჩვენში ახალი უნარები და შესაძლებლობები აღმოგვაჩენინა. შეიძლება, აქამდე არ იცოდი, რომ კარგად ქსოვ, თურმე ხატვა შესანიშნავად გამოგდის და ვაიმე, რა სწრაფად კრეფ კლავიატურაზე.
ალბათ, სახლში ყოფნის დროს იმ სერიალების ნახვაც მოახერხე, რომლის ყურებასაც დიდი ხანი გეგმავდი. დარწმუნებული ვართ, იმ წიგნების წაკითხვაც შეძელი, რომელსაც თავს დიდი ხნის წინ დაპირდი.
შესაძლოა, იზოლაციამ ოჯახის წევრებთანაც გაგიმარტივა ურთიერთობა და აღმოგაჩენინა, რომ მათთან ყოფნა ძალიანაც საინტერესოა.
8. ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ
ჰიგიენის მინიმალური ნორმების დაცვა პანდემიის მიღმაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ვთანხმდებით. თუმცა, მოდი ვაღიაროთ, 2 წლის წინ ამას ყოველ ნახევარ საათში არ ვაკეთებდით და თან ფონად Happy Birthday-საც არ ვღიღნებდით ორჯერ, არც სადენზიფექციო ხსნარი იყო ჩვენი ახლო "მეგობარი".
პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელების ხშირად დაბანა ჩვენი რუტინის განუყრელი ნაწილი უნდა იყოს და ამ გზით ვებრძოლოთ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის დამარცხებას ცდილობენ.
9. ცოტა ფული უნდა დავზოგოთ
გლობალური პანდემია ჩვენს ფინანსურ მდგომარეობასაც შეეხო. უამრავი ადამიანი სამსახურის, შესაბამისად, ხელფასის გარეშე დარჩა, გაუარესდა სოციალური მდგომარეობა.
ეს მძიმე გაკვეთილი იყო, რომელმაც დაგავანახა, რომ ფინანსების სწორად მართვა მნიშვნელოვანია, რადგან არ იცი, როდის დაგატყდება პანდემია თავს. იმედია, მსგავსი რამ აღარ მოხდება, თუმცა წინასწარ ფულის დაზოგვა მაინც არაა ცუდი აზრი.
10. საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია
კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობაში სიტყვა COVID-19 იწვევს ისეთ ასოციაციებს, როგორიცაა ქაოსი, კარანტინი, სიკვდილი, ჩაკეტილობა, სტრესი. საკვლევი პოპულაციის უმრავლესობა COVID-19-ს საშიშ, თუმცა მართვად ვირუსად მიიჩნევს და მათთვის ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურ საფრთხესთან ასოცირდება. ასეთი დამოკიდებულება, ძირითადად, უკავშირდება ვირუსის ამოუცნობ ბუნებას, არაპროგნოზირებად განვითარებასა და ახალი შტამების გამოჩენას.
პანდემიით გამოწვეულმა უამრავმა პრობლემამ გვაჩვენა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია. ვისწავლეთ, რომ ყოველთვის უნდა ვიპოვოთ დრო საკუთარი თავისთვის, მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი და შევქმნათ გარემო, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობთ. შედეგად, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა უფრო პრიორიტეტული გახდა.
კომენტარები