მექსიკაში ახლადაღმოჩენილ ჩუქურთმებზე, შესაძლოა, სისხლდენის რიტუალი ტარდებოდა
სამხრეთ მექსიკაში არქეოლოგებმა ქვაში ამოჭრილი 30 ჩუქურთმა აღმოაჩინეს, რომელზეც I-ის ფორმის სტადიონებია გამოსახული. ახალი კვლევის მიხედვით, ეს ჩუქურთმები, შესაძლოა, გამოიყენებოდა ცერემონიებში, რომელიც წყლისა და "სისხლდენის რიტუალს" მოიცავდა.
ჩუქურთმები, რომლებიც კიეჩაპას უძველეს დასახლებაში აღმოაჩინეს, ბუნებრივი პირობების მიმართ არც ისე გამძლე აღმოჩნდა, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში გარკვეული პატარა მახასიათებლების გარჩევაა შესაძლებელი. ასეთია ერთი ჩუქურთმა, რომელიც, როგორც ჩანს, მოედანზე გრძელ სკამს უნდა გამოსახავდეს.
"ბურთით თამაშები უძველესი მეზოამერიკის ხალხებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო", — წერს ჟურნალ Ancient Mesoamerica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწისა და გარემოს სისტემების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ელვის ბადილიო.
მოედნების ფორმა დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ბურთით თამაშის წესები კი ცნობილი არაა და, შესაძლოა, ესეც შეცვლილიყო. აღნიშნულ თამაშებს ყველაზე ადრე, სავარაუდოდ, 3 600 წლის წინ თამაშობდნენ. ეს უკანასკნელი რეზინის ბურთს და ორ დაპირისპირებულ მხარეს მოიცავდა. Live Science-ის მიხედვით, ბურთით თამაში ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთით არიზონასა და ნიუ მექსიკოდან სამხრეთ ამერიკის კოლუმბიამდე იყო გავრცელებული. მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თამაშებს გარკვეული რელიგიური და საზეიმო დატვირთვა ჰქონდა.
ჩუქურთმების შექმნის თარიღი უცნობია. კიეჩაპას დასახლება 2 300 წლით მაინც თარიღდება და, სავარაუდოდ, იქამდეც არსებობდა. ბადილიოს თქმით, ადამიანებმა სამხრეთ მექსიკაში I-ფორმის მოედნების გამოყენება დაახლოებით 2 100 წლის წინ დაიწყეს. "ვფიქრობ, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ჩუქურთმები ძველი წელთაღრიცხვით 100 წლის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. თუმცა მათი დათარიღება რთულია", — დაამატა მან.
მეცნიერებმა ამ ტერიტორიაზე 30 ჩუქურთმა ბუნებრივ კლდეებზე ორ ადგილას აღმოაჩინეს. "ამერიკაში მოედნები ყველაზე დიდი სიხშირით აქაა წარმოდგენილი", — წერს ბადილიო კვლევაში.
ბადილიოს თქმით, ყველაზე დიდი ჩუქურთმა 34.1 სანტიმეტრის სიგრძისაა, ყველაზე მოკლე კი — 8 სმ სიგრძის. არქეოლოგიურმა ჯგუფმა ჩუქურთმები სტრუქტურა მოძრაობიდან (SfM) ფოტოგრამეტრიის მეთოდით აღწერა. ჩუქურთმებს ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან გადაუღეს და კომპიუტერულ პროგრამაში ატვირთეს, რომელმაც ფოტოებისა და ალგორითმის საშუალებით ჩუქურთმების ვირტუალური, 3D გამოსახულება შექმნა.
სისხლდენის რიტუალი
ჯერჯერობით არ ვიცით, რისთვის იყენებდნენ ამ ჩუქურთმებს, მაგრამ მკვლევრები გვთავაზობენ, რომ უძველეს დროში მეზოამერიკელებს, შესაძლოა, ისინი რიტუალებისთვის გამოეყენებინათ. ესპანელი მღვდელი ხუან რუის დე ალარკონი (1581-1639), რომელიც ამჟამინდელი მექსიკის ტერიტორიაზე მე-16 საუკუნეში ესპანელების მიერ ამ ადგილების დაპყრობის შემდეგ ცხოვრობდა, "გარკვეულ რიტუალებს აღწერს, რომლის დროსაც მეზოამერიკელი მღვდელი ხალხს სისხლს ქვაში გაკეთებულ პატარა ღრუებში აღვრევინებდა", — წერს ბადილიო კვლევაში და აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, მოედნის ჩუქურთმებიც აღნიშნულ ღრუებს მიეკუთვნებოდეს.
"ის იდეა, რომ წყალი და სისხლი საკრალურ სითხეებად მიიჩნევა და მეზოამერიკული კოსმოლოგიის ცენტრალურ სიმბოლოებს წარმოადგენს, კარგადაა დამკვიდრებული სამეცნიერო ლიტერატურაში", — წერია მოხსენებაში.
"კიეჩაპას პეიზაჟში ერთი შეხედვით ინერტულ ქვის ჩუქურთმებს, შესაძლოა, ღრმა მნიშვნელობა ჰქონოდა და აქტიური სოციალური წარმოდგენის ნაწილი ყოფილიყო. წარმოდგენაზე სისხლდენის რიტუალის ჩატარებას მრავალი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა. მათ შორისაა ბალანსის შენარჩუნება და სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების გაზრდა, მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნა ან საზოგადოებათშორისი და საზოგადოების შიგნით კავშირების წახალისება", — წერს ბადილიო.
მკვლევარმა ისიც აღნიშნა, რომ სანამ არქეოლოგები მეტ მტკიცებულებას არ იპოვიან, დაზუსტებით ვერ იტყვიან, რომ რიტუალები სწორედ ამ ჩუქურთმებთან ტარდებოდა.
ბადილიომ აღმოჩენები ამერიკის არქეოლოგიის საზოგადოების (SAA) წლიურ შეხვედრაზე წარადგინა, რომელიც ჩიკაგოში 30-მარტიდან 3 აპრილამდე ტარდებოდა. მოედნის ჩუქურთმების გამოკვლევა კიეჩაპას არეოლოგიური პროექტის (PAQuie) ფარგლებში ჩატარდა.
კომენტარები