საქართველომ ბრიტანეთის მოქალაქე "დაბადების ადგილის გამო" ქვეყანაში არ დაუშვა
ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე რასისტული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, საზღვარზე შემოსვლა აუკრძალეს და ახსნა-განმარტების გარეშე გააძევეს.
ლეილა, რომლის სახელიც შეცვლილია, თეირანში დაიბადა, თუმცა ბავშვობაში ბრიტანეთში გადავიდა. OC Media-ს უყვება, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი გასულ კვირას უთხრეს. ის ქვეყანას საქართველოს კულტურის შესახებ სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში სტუმრობდა.
ლეილა თავის ქმართან, სტიუარტთან (სახელი შეცვლილია) ერთად მგზავრობდა, რომელიც კითხვებისა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუშვეს. ლეილას თქმით, მათ შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თავად ირანში დაბადებული ქალია, მაშინ, როცა სტიუარტი წარმოშობით ბრიტანეთიდანაა.
ახალგაზრდა აკადემიკოსის განცხადებით, 26 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლმა ვიზიტის მიზეზებისა და თანხის შესახებ დაკითხა. მისი პასპორტი მაშინვე შესამოწმებლად წაიღეს.
ლეილა ამბობს, რომ როცა პრობლემის შესახებ კითხვებს სვამდა, რამდენიმე პოლიციელი უხეშად ექცეოდა და ხმასაც უწევდა. მან OC Media-ს უთხრა ისიც, რომ პოლიციელებმა ქმართან საუბარი აუკრძალეს და იმავე მიზეზით სტიუარტსაც "დაუყვირეს".
საბოლოოდ ლეილა მიუნხენისკენ მიმავალ თვითმფრინავში დააბრუნეს. ის იხსენებს, რომ პილოტი და ბორტგამცილებელი, რომლებსაც მისი აყვანა დაავალეს, სიტუაციისგან "შოკირებულები და დაბნეულები" იყვნენ.
"ეს 05:17 საათზე ხდება. ვცდილობდით ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებას, ჩემს ქმართან და თვითმფრინავის პერსონალთან კომუნიკაციას. ყველაფერი ძალიან განვიცადე და ტირილი დავიწყე. ამ მომენტში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა სიცილი დაიწყო, ჩემკენ მიანიშნებდა და ქართულად დამცინოდა".
მისი თქმით, ქართული საკმარისად კარგად არ იცის, რათა გაეგო, იყენებდა თუ არა პოლიციელი სიძულვილის ენას, თუმცა აღნიშნავს, რომ ასე "დეჰუმანიზებულად" თავი არასდროს უგრძვნია.
სანამ თვითმფრინავში არ ავიდნენ, პოლიციის ოფიცერი არც პასპორტს უბრუნებდა და არც ოფიციალურ ცნობას აძლევდა — შემდეგაც კი, დოკუმენტები მხოლოდ ბორტგამცილებლის გადასცა.
შესვლაზე უარის თქმის ოფიციალური ცნობა 14 შესაძლო მიზეზს მოიცავს. ლეილას დოკუმენტში კი აღნიშნული იყო, რომ მას უარი "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზის გამო" ეთქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მიზანმიმართულად ბუნდოვანი დასაბუთებაა, რომელსაც ხალხს ეუბნებიან.
"რასიზმის გარდა სხვა ახსნა არ აქვს"
ლეილა მიიჩნევს, რომ აეროპორტიდან მისი უკან გაბრუნების ნამდვილი მიზეზი რასიზმი იყო.
"ერთადერთი, რაც თავში მომდის, ჩემი დაბადების ადგილია. რადგან თუ პასპორტს ჩახედავ, წერია "თეირანი". ასევე, ვფიქრობ, ჩემი გარეგნობის გამოც. მე არ ვარ თეთრი, მაქვს მუქი ფერის თმა. არაფერი უკითხავთ ჩემს კვლევაზე. ყველა დოკუმენტი მქონდა, Airbnb-ის ჯავშანი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი", — ამბობს ის.
"თეირანი მშობლებთან ერთად 2008 წელს დავტოვე და მას შემდეგ ირანში არ მიმოგზაურია", — აღნიშნა და დაამატა, რომ ბრიტანულ მედიაში მისი მშობლების სამსახურმა "ირანის ხელისუფლების მხრიდან შევიწროება" გამოიწვია, რამაც იქ დარჩენას ხელი შეუშალა. ის ბრიტანეთის მოქალაქე 2014 წელს გახდა.
ლეილას თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 3-ჯერ იყო და ვიზიტის მიზეზებზე "ბევრი კითხვა" დაუსვამთ, თუმცა შესვლაზე უარი არასდროს მიუღია.
ახალდაქორწინებული ბრიტანელი წყვილი, ორივე ახალგაზრდა აკადემიკოსი, საქართველოში შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად მიემგზავრებოდა. ორივეს კვლევა ქვეყნის კულტურას, კერძოდ, ადგილობრივი ხალიჩების ქსოვის ხელოვნებასა და ტრადიციულ მუსიკას ეხებოდა.
დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ქორწილი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მანამ აღენიშნათ, სანამ კვლევას კვლავ გააგრძელებდნენ და თბილისში კონფერენციას მოაწყობდნენ.
"[საქართველოში] ძლიერი მეგობრობა გვაქვს და ქართული კულტურა ძალიან გვიყვარს", — უთხრა სტიუარტმა OC Media-ს.
ლეილას თქმით, გამოცდილებამ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიიღო, მის პირად და პროფესიულ გეგმებზე, მათ შორის, კვლევაზე იმოქმედა.
"ერთმა საათმა ჩემი ცხოვრების მთელი 2 წელი შეცვალა. აი, ასეთი სასაცილოა ეს, ვიღაც რასისტი პოლიციელების გამო ახლა ყველაფერი უნდა შევცვალო. საქართველოში დაბრუნება ახლო მომავალში არ მინდა. არ მივდივარ იქ, სადაც არ მიესალმებიან ჩემს ნახვას. ჩემი კვლევის თემის შეცვლაც მომიწია".
ბრიტანელი წყვილი ამბობს, რომ თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ საელჩოს უკვე შეატყობინეს. მათი თქმით, საელჩო ამაზე "შოკირებული" იყო და აღნიშნა, რომ საკითხს უკვე იძიებდა.
მასალის გამოქვეყნების პერიოდში, ბრიტანეთის საელჩოს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ლეილას გამოცდილება ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ ცნობებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ, რაც მათ ირანთან კავშირში მყოფი უცხოელების ჩამოსვლასთან მიმართებით აქვთ.
ლეილას თქმით, ის, ასევე, შეესწრო როგორ "უყვიროდა" პოლიცია ირანელ ოჯახს, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპიდან იყო, სანამ საბოლოოდ არ შეუშვეს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები