5 ქართველი ხელოვანი, რომლებიც ჩვეულებრივ ამბებს არაჩვეულებრივად მოგიყვებიან
ყოველდღიურობამ შეჩვევა იცის, ამიტომ ადამიანებს ხშირად გვიჭირს, ყველაზე ჩვეულებრივ ამბებში რაიმე ლამაზი, სასაცილო ან განსაკუთრებული დავინახოთ. არადა, ყველა კუთხეში იმალება ისტორიები, რომელთა მოყოლაც ღირს, რადგან ისინი სხვა ადამიანებთან გვაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების უამრავი განმარტება არსებობს, ყველას გვიყვარს, როცა სხვების ნამუშევრებში ნაცნობ დეტალებს, ისტორიებსა და ფიქრებს აღმოვაჩენთ.
ქართველი ხელოვანები, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ, საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად, ყოველდღიური განცდებისა და ამბების მოსაყოლად სიტყვებსა და ნახატებს იყენებენ. მათ ნამუშევრებში საკუთარ გამოცდილებებსა და გრძნობებსაც ამოიცნობთ, დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ და დღეს ღიმილით გააგრძელებთ.
1. saukuno_ukuni
saukuno_ukuni-ის შემქმნელი მინდია არაბული ძირითადად სარეკლამო სფეროში მუშაობს, თუმცა მისი თქმით, ყველაფერს "ეპოტინება", რაც ამბებს უკავშირდება, მათ შორის, სცენარების წერასა და ლიტერატურას. რასაც ინსტაგრამზე აკეთებს, პროკრასტინაციის შედეგია — როგორც თავად ამბობს, არაფერი აძლიერებს შემოქმედებით ბიძგებს ისე, როგორც სხვა დიდი და აუცილებელი საქმის გადავადების იმპულსი. კითხვაზე, თუ რა გზას გადის მისი ფიქრები მანამ, სანამ ნამუშევრად იქცევა, გვპასუხობს: "გააჩნია, რამდენად შორს ვარ სახატავი პადისგან. და რაკი არც ისე დიდი ბინა მაქვს, შეძლებისდაგვარად მინიმალური გზაა ხოლმე."
"პოსტების უმეტესობაზე ასეა — ვინმე იმ წამს გვერდით რომ ყოფილიყო, შესაძლოა იმისთვის მეთქვა, გავიცინებდით (ან მე გავიცინებდი მარტო) და მანდ დასრულდებოდა. თუმცა, მედიუმების ბუნებაც მიზიდავს. არა მხოლოდ ვიზუალური მედიუმის, არამედ სოციალური მედიის, როგორც ცალკე ასათვისებელი გამოხატვის ფორმის", — ამბობს მინდია.
აღსანიშნავია, რომ მინდია არაბული მოთხრობების კრებულის, სახელად ყოველი ამბის დასასრულის ავტორია. ამის მიუხედავად, სამომავლო წარუმატებლობის შემთხვევაში "გასამართლებელი საბუთი" უკვე მზად აქვს:
"2019 წლიდან 2022-მდე ნოუთებში ვაგროვებდი იდეებს და ჩანაწერებს, რომლებიც მერე რაღაცაში უნდა გამომეყენებინა. წელს გადავაყენე ოპერაციული სისტემა და დამეკარგა სამი წლის ნაგროვები უამრავი ჩანაწერი. თუ არაფერი გამომივა ცხოვრებაში, მექნება სათქმელი, რომ თქვენ ჩემი ყველაზე შთამბეჭდავი ნაშრომი არ გინახავთ მეთქი", — ამბობს ხელოვანი.
2. no_dardi
"წელს ყოველთვის რაღაცების მცდელობით ვიწყებ, თითქოს აი, ეს უნდა იყოს ის, რაც ყველაფერს შეცვლის" — ასე გადაწყვიტა no_dardi-მ, საკუთარი ფიქრებისა და საინტერესო ამბების მოსაყოლად ნახატები და სიტყვები გამოეყენებინა. თავიდან ტატუების იდეების მოფიქრებით დაიწყო და ხუმრობით ინსტაგრამზე ანგარიში "ufaso_tatus_ideebi_10_larad" შექმნა. ნამუშევრები თავადაც მოეწონა და მის მეგობრებსაც, ამიტომ გადაწყვიტა, 100 დღის განმავლობაში დღეში ერთი ნამუშევარი მაინც შეექმნა: "ამ 100 დღეში, ჯერჯერობით საუკეთესო გზა ვიპოვე, ადამიანებს ჩემეული სამყაროს ხედვა ვაჩვენო ან ზოგჯერ მათი ფიქრის ხმა ვიყო".
ფოტო: no_dardi / Instagram
ფოტო: no_dardi / Instagram
no_dardi შთაგონებას ყოველთვის ადამიანებში პოულობს და ფიქრობს, რომ ისტორიები ყველგანაა — მთავარია, მათი დანახვა შეგეძლოს.
"იდეა, როგორც წესი, დიდი სათქმელიდან იწყება და შემდეგ ქვეცნობიერი ამარტივებს. აი, წარმოიდგინე — ბოლო დღეებია, რაღაცაზე ბევრს ფიქრობ, ახლაც ქუჩაში მისეირნობ და თავადვე ხვდები, აშკარად დაგღალა ამ საკითხზე ტვინის ჭყლეტამ და უცებ ქვეცნობიერი გაწვდის მესიჯს: "შაქრო ზოგჯერ იმდენს ფიქრობს, ბოლოს ბამბისნაყინდება". სამყარო ისედაც რთულია, მასზე კიდევ მაღალფარდოვნად სასაუბროდ. ჩემი გონება ყოველთვის რაღაცების გამრტივებისკენ მიისწრაფვის", — ამბობს ხელოვანი.
"ჩემი ნამუშევრების მთავარი მიზანი ადამიანების ყოველდღიურობის თუნდაც წამის მეათედით შემსუბუქებაა. როცა სქროლვისას წამით შეაჩერებ, გააღიმებ, დააფიქრებ, განწყობას გამოუკეთებ, ძალას მისცემ, გაახსენებ, რა უყვარდეს ან რა უყვარდა. ცხოვრება ისედაც რთულია, საუკეთესო, რაც ერთმანეთისთვის შეგვიძლია, ტვირთის შემსუბუქებაა — რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს. სწორედ ამიტომ no_dardi იქონიეთ. მე კი გპირდებით, რომ თქვენს დარდებს ხშირად შევეჭიდები".
3. jannedaba
21 წლის ანესთვის ხელოვნება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის პროექტზე უმუშავია და მუშაობს, მისთვის თვითგამოხატვის საუკეთესო გზა დღიურის მსგავსი ჩანახატების შექმნაა. სიტყვებით თამაში და ტიპოგრაფიით გართობა უყვარს, ამიტომ გადაწყვიტა, ფანტაზიაში არსებული პერსონაჟები, ფიქრები და ფრაზები ნამუშევრებად ექცია და სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ასე გაუჩნდა jannedaba-ს შექმნის იდეა.
ფოტო: jannedaba / Instagram
ფოტო: jannedaba / Instagram
"ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო, მთავარია, რა კუთხით შეხედავ. მიყვარს ჩემ გარშემო ყველაფრის გარომანტიზება — როცა მოსაწყენ ობიექტს რამე საინტერესოს აღმოვუჩენ, ხასიათს შევუქმნი და მისი 'ფარული' როლის დანახვას ვეცდები".
"დეტალებთან ერთად შთაგონების წყარო ნოსტალგიაცაა. შეიძლება ითქვას, ზედმეტად ბევრ დროს ვატარებ მოგონებებში. ვცდილობ, ბავშვობიდან ვიპოვო ისეთი რაღაც, რაც კვლავ აქტუალურია ჩემთვის ან პირიქით — სრულიად ახალი. ნოსტალგიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არცაა საჭირო, ის საკუთარი წარსულისადმი იგრძნო და ისეთი მომენტები გენატრებოდეს, რომელშიც აუცილებლად იყავი. ეს შეუზღუდავ სივრცეს მაძლევს", — ამბობს jannedaba.
4. _nanukito_
"ალბათ ცხოვრებაში არცისე ცოტა რამ მოიძებნება, რითაც ყოველდღიურობის გაფერადება შეიძლება. ჩემს შემთხვევაში კი გადავწყვიტე, რომ მე თავად ვყოფილიყავი ის, ვინც ცხოვრებას გამიფერადებდა. ამიტომაც არა ირიბად, არამედ პირდაპირ ხატვა-გაფერადებით დავიწყე. წერის სიყვარულმაც თავისი ქნა და პერსონაჟების შექმნისას, მათი ფიქრებიც მიმაწერინა გვერდით", — ასე დაიწყო ნანუკა მუშკუდიანმა ინსტაგრამზე საკუთარი ნამუშევრების სხვებისთვის გაზიარება.
ფოტო: _nanukito_ / Instagram
ფოტო: _nanukito_ / Instagram
_nanukito_ შთაგონების წყაროს ყოველდღიურ სიტუაციებსა და ბავშვობის მოგონებებში პოულობს. იდეებს მაშინვე ინიშნავს და ცდილობს, სხვადასხვა პერსონაჟისა და ფრაზების გამოყენებით გაიგოს, რით ჰგვანან და განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან:
"შთაგონების წყაროს ხშირად ყოველდღიური სიტუაციებიც კი მაპოვნინებს ხოლმე. თითქმის ყველას გვგონია, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, თუმცა არსებობს რაღაცები, რაც ერთხელ მაინც ყველას ერთნაირად განგვიცდია და როცა ვიგებთ, რომ რაიმეს ასე მხოლოდ ჩვენ არ ვაკეთებთ, გვიხარია. მეც ვცდილობ მსგავსი ამბები აღმოვაჩინო და სხვებთან გაზიარებით მივხვდე, რით ვგავართ ან განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ვცდილობ, ნამუშევრებით ბავშვობის მოგონებებიც გავაღვიძო, უსულო საგნები ავალაპარაკო და ის დავინახო, რასაც ცოტა ადამიანი ხედავს", — ამბობს _nanukito_.
5. kesso.gv
კესო გრაფიკული დიზაინერი და ქართული ბრენდის, რიდეს დამფუძნებელია. ინსტაგრამზე მისი ნამუშევრების შთაგონების წყარო 90-იანი წლები, ბავშვობის მოგონებები და ბევრისთვის ნაცნობი ემოციებია.
ფოტო: kesso.gv / Instagram
ფოტო: kesso.gv / Instagram
"მოგონებები 90-იანებზე არის ის, რაც ბევრ ადამიანს გვაერთიანებს. ქუთაისის სახლს, რომელშიც გავიზარდე, დღემდე შენარჩუნებული აქვს 90-იანების ხასიათი, ასევე დედაჩემი გატაცებულია ვინტაჟური ნივთების შეძენით, რაც ჩემი შთაგონების წყაროა. ამ პროექტის მთავარი ინსპირაცია ბებო და ბაბუ არიან. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს მოგონებები კიდევ უფრო მძაფრი და ძვირფასი გახდა ჩემთვის", — ამბობს kesso.gv.
კესოს თქმით, 90-იანების მოგონებების გარდა, ნამუშევრებს სხვადასხვა ემოციის შესახებაც ქმნის. საზოგადოებას უამრავი მათგანისთვის ნაცნობ მოგონებებს უზიარებს, მათ საკუთარ თავსაც აცნობს და იმედი აქვს, რომ ილუსტრაციებით ადამიანებს მივიწყებულ და თბილ მოგონებებს გაუღვიძებს.
კომენტარები