ვაქცინა — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაცია და მისი შედეგები
ვაქცინები ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ინოვაციად ითვლება და უკვე მრავალ თაობას იცავს არაერთი ინფექციური დაავადებისაგან.
ვაქცინაციის ისტორია ათასობით წლის წინ იღებს სათავეს, როდესაც ექიმები ახორციელებდნენ ყვავილით განზრახ დაინფიცირებას. ყვავილი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსული დაავადება, სულ მცირე 3000 წლის განმავლობაში არსებობდა, მისი კვალი აღმოჩენილია ეგვიპტურ მუმიებზეც კი.
ყვავილი კლავდა ყოველ მესამე ინფიცირებულ ადამიანს და გადარჩენილებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშინელ ნაწიბურებს უტოვებდა ან აბრმავებდა. ექიმები ყვავილით დაავადებულთა ჭრილობის ფუფხებს ნაყავდნენ და მას პაციენტებს ცხვირში უბერავდნენ. მსუბუქი ავადმყოფობის შემდეგ, პაციენტებს ყვავილის მიმართ იმუნიტეტი უვითარდებოდათ. კიდევ ერთი მეთოდი მოიცავდა ყვავილით ინფიცირებული ადამიანის წყლულიდან მასალის არაინფიცირებული ადამიანის ღია კანში შეყვანას.
მე-18 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა ექიმმა, ედვარდ ჯენერმა, ვაქცინაციის შესახებ მსოფლიოში პირველი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა. მან ხელოვნურად დააინფიცირა ჯანსაღი ადამიანები ძროხის ყვავილით, რომელიც ადამიანის ყვავილის ნაკლებ საშიში ნათესავია და ამით მათ ყვავილის იმუნიტეტი გამოუმუშავა.
თავიდან ბევრი ვაქცინებს ეჭვის თვალით უყურებდა — სჯეროდათ, რომ თუ აიცრებოდნენ, მათ ძროხის რქები ან კუდი გაეზრდებოდათ. თუმცა, ვაქცინაციას ჰყავდა ისეთი მნიშვნელოვანი მიმდევრები, როგორიც იყო ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელმაც თავისი ჯარი ყვავილის წინააღმდეგ აცრა და ქართველი მეფე ერეკლე II, რომელმაც თავისი ვაჟი კიდევ ბევრი სხვა მოზარდი ასევე ყვავილის წინააღმდეგ აცრა.
მომავალმა საუკუნეებმა მოიტანა სწრაფი პროგრესი ვაქცინოლოგიაში და შემუშავებულ იქნა 20-ზე მეტი ვაქცინა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა: ცოფი, ტიფოიდი, ქოლერა, ჭირი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტუბერკულოზი, გრიპი, პოლიო, წითელა, ყბაყურა, წითურა, B ჰეპატიტი, როტავირუსი, ადამიანის პაპილომავირუსი.
1948 წელს პირველი კომბინირებული ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას ვაქცინებს აერთიანებდა.
ათწლეულების განმავლობაში წარმატებული ინტენსიური ვაქცინაციისა და ზედამხედველობის შედეგად, 1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი მთელს მსოფლიოში აღმოფხვრილად გამოაცხადა. 2002 წლიდან ევროპის რეგიონი პოლიომიელიტისგან თავისუფალ სტატუსს ინარჩუნებს. ევროპის 29 ქვეყანამ აღმოფხვრა წითელას და წითურას ენდემური გავრცელება, ხოლო დიფტერიის აფეთქება რეგიონში 1990 წლის დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა.
ყველაზე გავრცელებული ვაქცინები, როგორიცაა წითელას, დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას ვაქცინები, უკვე ათწლეულებია გამოიყენება. მშობლები, რომელთაც ვაქცინაცებზე მიუწვდებათ ხელი, აღარ ღელავენ, რომ მათი შვილები იმ მძიმე დაავადებებით დაიტანჯებიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა.
ვაქცინები ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ახერხებს. დღეს ჩვენ ე.წ. "კიბოს საწინააღმდეგო" ვაქცინებიც კი გვაქვს — მაგალითად ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დაინერგა 38 ქვეყანაში და ახლა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოშიც 9-14 წლის გოგონებისთვის, რომელთაც შეუძლიათ აღარ ჰქონდეთ საშვილოსნოს კიბოს შიში. ხოლო B ჰეპატიტის ვაქცინა კი ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს.
რაც შეეხება გრიპის ვირუსის ვაქცინას, ის ახდენს სეზონური გრიპის პრევენციას. მისი ადმინისტრირება ყოველწლიურადაა რეკომენდებული გრიპის ვირუსის ცვალებადი ბუნებისა და ახალი შტამების მუდმივი წარმოშობის გამო.
2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ დააყენა ვაქცინის სწრაფად შემუშავების საკითხი. მეცნიერებმა ვაქცინების შესაქმნელად შეძლეს უკვე დაგროვილი ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. პროცესის განმავლობაში მობილიზებულ იქნა უპრეცედენტო ფინანსური, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები. უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად კლინიკური კვლევები ჩატარდა მაქსიმალური დაკვირვებით — აიცრა ათიათასობით მოხალისე. შედეგად, შემუშავდა რამდენიმე ძალზედ ეფექტიანი ვაქცინა, რომელთაც მიენიჭათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელ ვითარებაში გამოყენების დაშვება. ეს ავტორიზაცია გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მკაცრ კრიტერიუმებს და ექვემდებარება მუდმივ შემოწმებას და დამოუკიდებელ მონიტორინგს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო მილიარდობით ვაქცინა უსაფრთხოდ იქნა ადმინისტრირებული მთელ მსოფლიოში. ისინი წარმატებით ახდენენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციას და ამცირებენ ინფექციის გადაცემას. განსაკუთრებით მათ შორის, ვინც სერიოზული დაავადების განვითარების რისკის წინაშე იმყოფება. ესენი არიან ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. ასევე, სამედიცინო პერონალს შორის, რადგან ისინი COVID-19-ით ინფიცირების უფრო მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.
დაავადებებისა თუ მათი მწვავე მიმდინარეობის პრევენციის კუთხით, კაცობრიობის ხელთ არსებული ამ ქმედითი ინსტრუმენტის განვითარებისთვის კვლევა გრძელდება და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ახალი და უფრო ეფექტიანი ვაქცინების შემუშავება ხდება.
ვაქცინები იძლევა შესაძლებლობას და იმედს, რათა ყველა ჩვენგანმა ვიცხოვროთ უფრო უსაფრთხო და სრულფასოვანი ცხოვრებით.
მასალა მომზადებულია იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში, NEXT.On.ge-სა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში.
კომენტარები